
კავკასიის მედიის სკოლა მსურველებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. კავკასიის
მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები დასავლური
გამოცდილების საფუძველზეა შედგენილი და ხარისხის საერთაშორისოდ გაზიარებულ
სტანდარტებს შეესაბამება.
კავკასიის მედიის სკოლამ სტუდენტთა პირველი ნაკადი საბაკალავრო პროგრამაზე 2007 წელს მიიღო.
2008 წლის მაისში კავკასიის მედიის სკოლამ პირველად გამოაცხადა მიღება სამაგისტრო პროგრამაზე.
კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო პროგრამის გამორჩეულობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
სასწავლო
პროცესი კავკასიის ბიზნესის სკოლისა და კავკასიის სამართლის სკოლის მდიდარ
აკადემიურ გამოცდილებას ეყრდნობა. პროგრამა მაქსიმალურადაა მისადაგებული
შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ტექნოლოგიების განვითარება მედიის
სპეციალისტებისგან უნივერსალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. საბაკალავრო დონეზე
სპეციალიზაცია მედიის სხვადასხვა ტიპის მიხედვით კურსდამთავრებულთა
დასაქმების შესაძლებლობებს შეზღუდავს. ამიტომ მიდგომა ტრადიციულისაგან
განსხვავებულია: მედიის სკოლაში ყოველი სტუდენტი ეუფლება, როგორც ბეჭდური,
ისე ტელე-რადიო, ფოტო და ვებ-ჟურნალისტიკის საფუძვლებს და იძენს საბაზისო
ცოდნას რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. მნიშვნელოვანია
ისიც, სტუდენტებს საშუალებას ეძლევათ მასობრივი კომუნიკაციის ყოველი
დარგის სპეციფიკას გაეცნონ და შეარჩიონ ის, რომელიც ყველაზე მეტად
შეესაბამება მათ ინტერესებს და მონაცემებს. ცოდნის ამგვარი ნაკრები კარგი
სასტარტო პირობა იქნება კარიერისათვის მასობრივი კომუნიკაციის ნებისმიერ
სფეროში. მსურველები შერჩეულ სფეროში ცოდნის გაღრმავებას მედიის სკოლის
სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შეძლებენ.
კავკასიის მედიის
სკოლა განსაკუთებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მათ
გავლენას სხვადასხვა სახის მედია საშუალებებსა და აუდიტორიებზე.
სტუდენტები სწავლობენ საგამომცემლო კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას
და ეუფლებიან ციფრული მონტაჟის საფუძვლებს. თანამედროვე ტექნოლოგიების
ცოდნა და მათი გამოყენების უნარი მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულების
კონკურენტუნარიანობას დასაქმების კუთხით.
დღეს მედიის სფეროში
პრაქტიკულად არ არსებობს საინტერესო სამუშაო ადგილი, სადაც წარმატების
მიღწევა შესაძლებელი იქნება მენეჯმენტის უნარ-ჩვევების გარეშე. საშუალო
რგოლის მენეჯერებზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს. ამ გარემოების
გათვალისწინებით მედიის სკოლის სასწავლო პროგრამა დატვირთულია იმგვარი
დისციპლინებით, რომლებიც სტუდენტებს ეკონომიკური სისტემისა და მენეჯმენტის
შესახებ საბაზისო ცოდნას აძლევენ. სტუდენტები კვლევის უნარ-ჩვევებს იძენენ
და პრაქტიკული ღირებულების მქონე პროექტებს ახორციელებენ. ისინი ასევე
კარგად ერკვევიან იმ სამართლებრივ საკითხებში, რომელიც მედიის
საქმიანობასა და მის სამოქმედო გარემოს არეგულირებს.
ჟურნალისტიკისა
და მასობრივი კომუნიკაციის სხვა დარგების სპეციალისტებს ღრმა ზოგადი
განათლება სჭირდებათ. საბაკალავრო პროგრამა ამგვარ განათლებას კარგ
საფუძველს უყრის საკვანძო სოციალურ და პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ
დისციპლინათა სწავლებით.
სტუდენტებს აქვთ საშუალება საფუძვლიანად დაეუფლონ ინგლისურ ენას და, სურვილის შემთხვევაში, მეორე უცხო ენაც შეისწავლონ.
კავკასიის
მედიის სკოლას მჭიდრო კონტაქტი აქვს პოტენციურ დამქირავებლებთან მედიასა
და მომიჯნავე სფეროებში. სტუდენტებს სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდან
აქვთ მათთან ურთიერთობა. სტუდენტთა რეგულარული ვიზიტები მედია
საშუალებებში, სარეკლამო სააგენტოებსა და სხვა მედია ორგანიზაციებში
სასწავლო პროცესის ორგანული ნაწილია. ასევე რეგულარულად იმართება
შეხვედრები ჟურნალისტებთან და მედიის სფეროს სხვა სპეციალისტებთან,
რომლებიც სტუდენტებს მედიისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ
ესაუბრებიან. მეორე კურსიდან სტუდენტები პროფესიონალთა ზედამხედველობით
გადიან საზაფხულო სასწავლო პრაქტიკას. საუკეთესო სტუდენტებს აქვთ
საშუალება, მინიმუმ ერთი სემესტრი ისწავლონ საზღვარგარეთ პარტნიორ
უნივერსიტეტებში.
იმ სამუშაო ადგილების ჩამონათვალი, რომელთა
დაკავებასაც მედიის სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ, მეტად
მრავალფეროვანია – ისინი გახდებიან კორესპონდენტები და რედაქტორები
გაზეთებსა და ჟურნალებში, რადიო და ტელესადგურებში, გადაცემის წამყვანები
და პროდიუსერები რადიოებსა და ტელესადგურებში და დამოუკიდებელ სტუდიებში,
ფოტოკორესპონდენტები და ოპერატორები, მედია ორგანიზაციებისა და მედია
პროექტების მენეჯერები, შემოქმედებითი და ბიზნეს გუნდის წევრები სარეკლამო
სააგენტოებში, კომუნიკაციის სპეციალისტები საჯარო ორგანიზაციების,
არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების პრეს-ცენტრებში.
სამაგისტრო
პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ, იმუშავონ ასევე მედია
მკვლევარებად, მედია კონსულტანტებად და ტრენერებად, დაკავდნენ პედაგოგიური
და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობით მედიის სფეროში.
სამაგისტრო
პროგრამა გამიზნულია მათთვის, ვისაც სურს საკვანძო თანამდებობის დაკავება
სხვადასხვა სახის მედია საშუალების შემოქმედებით ან მმართველ გუნდში, ან
ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების ადმინისტრაციაში.
სამაგისტრო
პროგრამის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა ბაზრის მოთხოვნა და ასევე
მომუშავე პროფესიონალთა საჭიროებები და დღის განრიგი. მათ აქვთ
შესაძლებლობა, საგანთა მრავალფეროვანი მენიუდან შეარჩინონ საინტერესო
საგნები და სწავლის პროცესი დროში ისე გაანაწილონ, როგორც ეს მათთვის
იქნება ხელსაყრელი.
სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის შემოტანა
შეუძლიათ როგორც მათ, ვინც საბაკალავრო განათლება ჟურნალისტიკის ან
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით მიიღო, ასევე პროფესიონალთა
ფართო წრეს – ვინც საბაკალავრო განათლება მიიღო სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ბიზნესის მართვის განხრით,
სამართალმცოდნეობაში ან სხვა მონათესავე დარგებში.
კავკასიის მედიის სკოლა გთავაზობთ სპეციალიზაციას სამი მიმართულებით:- ჟურნალისტიკა
- მედია მენეჯმენტი
- სტრატეგიული კომუნიკაცია
მიღებული სამაგისტრო განათლება მედიაში დასაქმებულთ კარიერულ წინსვლაში ეხმარება და ზრდის მათ პროფესიულ ეფექტურობას.
საგანთა
ერთი ნაკრები გააფართოვებს სტუდენტთა ცოდნას მასობრივი კომუნიკაციების
სფეროში გლობალურად მიმდინარე პროცესების ირგვლივ – ისინი გაიაზრებენ
მედიის გავლენას საზოგადოებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და
კულტურის ჭრილში, მედია ორგანიზაციების მიმართებას სხვადასხვაგვარ
სოციალურ ინსტიტუტებთან, მედია კონვერგენციის შედეგებს და გაეცნობიან
მედია ინდუსტრიის ეკონომიკას.
გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები შერჩეულ სპეციალიზაციაში.
სპეციალიზაცია
“სტრატეგიული კომუნიკაცია” საგანმანათლებლო ბაზარზე ერთგვარ სიახლეს
წარმოადგენს. ეს სპეციალიზაცია ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა
მათთვის, ვინც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის სფეროში მუშაობს.
სტუდენტები შეისწავლიან კამპანიის დაგეგმვასა და მართვას, ღონისძიების
დაგეგმვასა და მართვას, კვლევების დაგეგმვას, შეფასებას, მათი შედეგების
ინტერპრეტაციასა და გამოყენებას, დაეუფლებიან კომუნიკაციის ეფექტურ
სტრატეგიებს.
კავკასიის მედიის სკოლა თანამშრომლობს ყველასთან, ვისაც წვლილის შეტანა შეუძლია სასწავლო პროცესის გამდიდრებაში.
სკოლაში
ზოგადსაგანმანათლებლო საგნებს ამ დარგების საუკეთესო სპეციალისტები
ასწავლიან. ბიზნესისა და ეკონომიკის ბლოკს კავკასიის ბიზნესის სკოლის
პროფესურა, ხოლო სამართლის ბლოკს – კავკასიის სამართლის სკოლის პროფესურა
უძღვება.
სპეციალობის განხრით მედიის სკოლის ინსტრუქტორები არიან
ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებმაც განათლება მიიღეს და სტაჟირება
გაიარეს დასავლეთში. სკოლა ასევე თანამშრომლობს მედია საშუალებებში
დასაქმებულ პრაქტიკოსებთან.
კავკასიის მედიის სკოლაში ზოგიერთ
საგანს უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან, მაგალითად, საგანს ახალი მედია
ტექნოლოგიების შესახებ და მედია ეკონომიქსს, რომელიც მედიის ეკონომიკური
გარემოს ანალიზს ეხება.
სწავლების პროცესში გამოიყენება უახლესი
ლიტერატურა და სწავლების მეთოდები. სტუდენტებს აქვთ საშუალება ისარგებლონ
კომპიუტერული ლაბორატორიით, მდიდარი ბიბლიოთეკით და პარტნიორი მედია
ორგანიზაციების სტუდიური აღჭურვილობით.