CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერებისთვის - მე-IV სატრენინგო სესია

8 მარტი 2019

21-23 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის მედიის სკოლის პროექტის "CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერებისთვის" ფარგლებში მე-IV სატრენინგო სესია გაიმართა.  მონაწილეებმა ტრენინგის დაწყებამდე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვლიერეს, მათ კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი მიესალმა და წარმატება უსურვა.

 

პროექტი ითვალისწინებს 15-18 წლის მოზარდების ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან, როგორ გახდნენ მედიის ყურადღებიანი მომხმარებლები: როგორ გაარჩიონ ნამდვილი ინფორმაცია ტყუილისგან, როგორ გადაამოწმონ ფაქტები, როგორ იყვნენ აქტიური და ინფორმირებული მოქალაქეები; ასევე, ახალგაზრდები განივითარებენ ახალი ამბის გადმოცემის, სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდების მართვისა და კამერის წინ არგუმენტირებულად საუბრის უნარ-ჩვევებს.

 

მედია წიგნიერების პროექტი 6 თვიანია. სესიები ჩატარდება თვეში ერთხელ და ამ ხნის განმავლობაში ის უმასპინძლებს 75 ახალგაზრდას, მთელი საქართველოდან. მეოთხე ნაკადში წარმოდგენილნი გახლდნენ მოსწავლეები ახალციხიდან, გორიდან და თბილისიდან. პროექტის მასპინძელია კავკასიის მედიის სკოლა და მისი დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი. ტრენერები - მედიისა და კომუნიკაციების სფეროს ფართო პროფილის სპეციალისტები - სოფო კვინტრაძე, სალომე უგულავა და ბექა ადამაშვილი. პროექტში ჩართულები არიან CSM-ის სტუდენტები. პროექტის დონორია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.