ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო

27 ოქტომბერი 2020

27 ოქტომბერს, ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობისთვის გაიმართა კაფსულის ჩადების ცერემონია, რომელსაც აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით.

 

2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი საუნივერსიტეტო კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ორივე მათგანი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ასევე იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. 1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე გათვლილი სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსის პროექტზე იმუშავა მულტიდისციპლინარულმა საპროექტო სტუდიამ “ქომ ჰაივი”, პროექტის არქიტექტურისა და დიზაინის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიტა ჭანჭალეიშვილი. კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია “დომსონი” უზრუნველყოფს, რომლის დამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლევან ვადაქარიაა.

 

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 54 ქვეყნის 157-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები.

 

მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრება 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო სწავლა-განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.

 

ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის, ყოველწლიურად, მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება უფასო, 3 სატრენინგო კურსით უზრუნველყოფა კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან.