ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

14 იანვარი 2019

14 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოაწერეს. 

 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ბიზნესის, ტურიზმის, ეკონომიკის, მედიცინისა და ჯანდაცვის, სამართალმცოდნეობის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, მედიისა და ტექნოლოგიების, ასევე  განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც საგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე.

 

მემორანდუმი მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებების მიხედვით: საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება; გამოცდილების გაცვლა თანამშრომლობის სფეროში ძირითად საკვანძო საკითხებზე; ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება.