თბილისის 2017 წლის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია

7 ოქტომბერი 2017

6 ოქტომბერს „თბილისის 2017 წლის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მიზანია საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტის სამეცნიერო დისციპლინის განვითარება და ამ სფეროს ქართველი მეცნიერების ინტეგრაცია მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში.

 

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ აკადემიური სფეროს უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები, ასევე კონფლიქტისა და მშვიდობის მკვლევარები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.  ღონისძიება ყოველწლიური გახდება და ხელს შეუწყობს კონფლიქტისა და მშვიდობის საკითხებზე აკადემიური დღის წესრიგის ფორმირებას.

 

კონფერენციის 100-მდე მონაწილეს მისასალმებელი სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მიმართა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ერაზმუს + პროექტის ფარგლებში დაარსებული მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის (Institute of Peace Studies) მომავალი საგანმანათლებლო და კვლევითი გეგმების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერაზმუს + პროექტის „საქართველოში მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდულის შექმნა (Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia – PESTUGE) ფარგლებში  ოთხი ქართული უნივერსიტეტის ჩართულობას და კონფლიქტისა და მშვიდობის სამეცნიერო დისციპლინის განვითარების მნიშვნელობას.

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პეტრე კანკავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ბატონმა ნილს სკოტმა. სტუმრებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს პროექტის მიზნებს, მიღებულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მოწვეული სტუმრის, ინსბრუკის უნივერსიტეტში იუნესკოს მშვიდობის პროფესორის, დოქტორი ვოლფგანგ დიტრიხის ლექცია: „მშვიდობის კვლევების აკადემიური დისციპლინის ისტორია“. კონფერენცია ხუთი სამუშაო პანელისაგან შედგებოდა: შედარებითი სამშვიდობო პროცესები და მშვიდობის შენების პრაქტიკა; „ახალგაზრდები და მშვიდობის შენება“; „საერთაშორისო და ლოკალური კონფლიქტები: არასტაბილურობის წყარო და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინსტრუმენტები”; “მშვიდობის ცვლადები: მედიაცია, გენდერი, შერიგება”; “იდენტობა, მეხსიერება და სამშვიდობო ნარატივები კონფლიქტების ტრანსფორმაციაში.”