სამძიმრის წერილი

20 ნოემბერი 2020
მწუხარებით გატყობინებთ, გარდაიცვალა კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი.
 
ბატონი გიორგი 2009 წლიდან დღემდე გახლდათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ამ წლების განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული უნივერისტეტის სასწავლო, სამეცნიერო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში. იგი გახლდათ სტუდენტებისთვის უსაყვარლესი ლექტორი, რომელიც მათ უნერგავდა პატრიოტიზმსა და საქართველოს ისტორიის სამეცნიერო დონეზე შესწავლისა და კრიტიკული გააზრების საჭიროებას. ეხმარებოდა მათ საქართველოს ისტორია აღექვათ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური ისტორიული პროცესების განვითარების ჭრილში.
 
ბატონი გიორგი იყო არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციებისა და სასწავლო მოდულების მონაწილე. გვსურს უდიდესი მადლიერებით აღვნიშნოთ ბატონი გიორგის წვლილი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მან წარუშლელი კვალი დატოვა უნივერსიტეტის კოლეგებსა და სტუდენტებზე. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საუნივერსიტეტო კოლექტივისა და მთლიანად ქართული სამეცნიერო წრისთვის.
 
კავკასიის უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გიორგის ოჯახს და ვიზიარებთ მათ დიდ მწუხარებას.
 
იხილეთ ვრცლად გიორგი მჭედლიშვილის ბიოგრაფია.