შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან

11 იანვარი

კავკასიის სამართლის სკოლაში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა და ამ საკითხში სტუდენტებს უშუალო ჩართულობა და თანამშრომლობა შესთავაზა.


თანამშრომლობის პირველი ეტაპია სტუდენტებისათვის გამოცხადებული სტატიების კონკურსი თემაზე: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ეფექტური მექანიზმები". პროექტის ავტორების აზრით, ეს ინიციატივა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, წარმოადგინონ თავიანთი ხედვა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობასთან ბრძოლის კონკრეტული მეთოდები.


სტუდენტების ნაშრომებს საკონკურსო კომისია შეაფასებს. კონკურსი დასრულდება კონფერენციით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის თემაზე. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული სტუდენტები კი დაჯილდოვდებიან. აგრეთვე, იგეგმება სტატიათა კრებულის გამოცემა.
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება მოუწოდებს სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში. კონფერენციაში მონაწილეობის შემთხვევაში სამართლის სკოლის სტუდენტებს მიენიჭებათ დამატებითი კრედიტები, რაც აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაში.