Smart City - ვიცხოვროთ უკეთეს ქალაქში

29 იანვარი 2017

28-29 იანვარს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორ “C10”-ის ორგანიზებით გაიმართა ჰაკათონი სახელწოდებით “Smart City - ვიცხოვროთ უკეთეს ქალაქში”. ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო სტარტაპ აქსელერატორების მენეჯმენტ კომპანია “ბლენდერი”.

 

ჰაკათონის მიზანი იყო 2 დღის განმავლობაში წინასწარ შერჩეულ გუნდებს შეექმნათ ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც რაიმეთი უკეთესს გახდიდა ჩვენს დედაქალაქს.

შეზღუდული დროისა და გათენებული ღამის მიუხედავად გუნდებმა საკმაოდ საინტერესო იდეები და ამ იდეების პროტოტიპები შექმნეს. 

 

ჰაკათონისთვის 40-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა 15 საუკეთესო გუნდი. 

მართალია, თხუთმეტივე გუნდს საკმაოდ საინტერესო იდეები ჰქონდათ, მაგრამ საპრიზო კატეგორიები 4 გუნდს ხვდა წილად. ესენია:

 

Valar - მობილური საფულე - აპლიკაცია, რომელიც ებმება მომხმარებლის ბანკის ანგარიშს და ავტომატურ რეჟიმში შესთავაზებს მას შეტყობინებებს - როდის რა აქვს გადასახდელი. მაგალითად, ავტობუსში ასვლისას, მოდის შეტყობინება და გვთავაზობს ბილეთის ყიდვას. საყიდლად კი მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერაა საჭირო. ასევე ტაქსებში, კვებით ობიექტებში, პარკირების დროს, ბენზინგასამართ სადგურებზე და სადარბაზოს მრიცხველებთანაც კი, აპლიკაცია ხვდება რა და რამდენი გვაქვს გადასახდელი და უმარტივესი გზით, მხოლოდ დადასტურებით, ვიხდით გადასახადს.

გუნდის წევრები: ლუკა ლომთაძე და ნიკა ალავიძე.

მათ მიიღეს პრიზი კავკასიის უნივერსიტეტისგან - 500 ლარი, ყველაზე ორიგინალური იდეისთვის.

 

Smart Road - სპეციალური ელექტროენერგიის დამზოგავი სენსორი, რომელიც მხოლოდ მაშინ აანთებს საგზაო ლამპიონს, როცა მანქანას შეამჩნევს. გუნდის მიერ შემუშავებული იდეიდან გამომდინარე 1 დღის განმავლობაში 10 კმ-ზე დაზოგილი ელექტროენერგია 4თვის განმავლობაში თავისუფლად ეყოფა 1 ოჯახს. უფრო მასშტაბურად რომ შევხედოთ ამას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მოხმარებული ელექტროენერგიის 32%-ის დაზოგვაა შესაძლებელი ამ სპეციალური სენსორის საშუალებით.

გუნდის წევრები: ნიკოლოზ მონიავა, გიორგი ღონღაძე, დავით ნათაძე

ისინი გახდნენ “პაშა ბანკის” პრიზიორები. პრიზი - 1000 ლარი.

 

Doorstory - ეს არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაიგოთ სხვადასხვა ადგილების ისტორიის შესახებ. აპლიკაციის ჩართვისთანავე გხვდებათ რუკა, სადაც მონიშნულია თქვენი ლოკაცია. ასევე, ის წერტილები, რომლებზეც ისტორია ხელმისაწვდომია და მონიშვნის შემთხვევაში ნახავთ ვიდეოს, რომელშიც სახალისო ვიზუალის მქონე “სული” მოგიყვებათ ამ ადგილის თუ შენობის ისტორიას.

 

გუნდის წევრები: გიორგი ვეკუა, ლაშა ბოხუა. ისინი გახდნენ კომპანია Zeten-ის პრიზიორები. პრიზი - ერთთვიანი უფასო სასწავლო კურსი მიკროკონტროლერების დაპროგრამებაზე და კომპანიისვე წარმოებული USB საათები. 

 

CROWD FoUNDation - გუნდის იდეაა ჩამოაყალიბონ ხალხის მიერ ურბანისტული და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებელი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას ტექნიკური და ესთეტიური განხრით.

პრობლემის კონკრეტული მაგალითია - დაბინძურებული მიწისქვეშა გადასასვლელები. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად გუნდმა მოიფიქრა მარტივი გადაწყვეტა სენსორული ტექნოლოგიის გამოყენებით. როდესაც ადამიანი ჩავა მიწისქვეშა გადასასვლელში და დააპირებს "მოსაქმებას", კედელთან მიახლოებისას სენსორი დააფიქსირებს მოძრაობას და ჩართავს განათებას, რაც ხელს შეუშლის ამ ადამიანს გარემოს დაბინძურებაში. 

ამავდროულად, გუნდის წევრებმა ესკიზები აწარმოეს სხვადასხვა ტექნიკური ვარიანტებით, ესთეტიური კუთხითაც მიუდგნენ ამ საკითხს.

 

გუნდის წევრები: სოსო ჩხაიძე, თაზო არუნაშვილი, მარიამ ამაშუკელი. 

CROWD FoUNDation გახდა GeoGPS-ის რჩეული გუნდი და დასჩუქრდა 500 ლარით. ასევე, სამივე მონაწილე  სტაჟირებას გაივლის ამავე კომპანიაში.