საერთაშორისო კონფერენცია: „ახალი ეპოქის დასაწყისი − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“

2 ივნისი 2018

1-2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ახალი ეპოქის დასაწყისი − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921).“ კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა და მოიცავდა კვლევებს ისტორიის, სამართლის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობდა 70-მდე მომხსენებელი საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებიდან.

 

კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გახსნა, მონაწილეებს მიესალმა და სიტყვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, როინ მეტრეველს გადასცა, შემდეგ კონფერენციის მონაწილეების წინაშე საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ყოფილი თავმჯდომარე ოთარ პატარიძე წარსდგა.

 

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ უახლესი კვლევების გაცნობას, ახალგაზრდა მკვლევართა დაინტერესებას, მკვლევარებს შორის საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და შემდგომი პროექტების გახორციელებას. კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება წიგნის სახით.

 

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა დახურა. მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.