CSH-ის სტუდენტების ვიზიტი პარლამენტში

26 ნოემბერი 2018

22 ნოემბერს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კავკასიის  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

 

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს ევროკავშირის შექმნის ისტორია, მისი გაფართოების და განვითარების პრიორიტეტები და საქართველო-ევროკავშირის არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში პარლამენტის და კომიტეტის ჩართულობაზე ისაუბრა.

 

თამარ ხულორდავამ სტუდენტებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე საუბრისას, საქართველოს ეკონომიკისთვის და ქართველი მეწარმეებისთვის მიღებულ სარგებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, ევროპულ ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

 

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის თემასაც შეეხო და ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლის მნიშვნელობა აღნიშნა.

 

უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. ახალგაზრდები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებით დაინტერესდნენ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის საკითხებზე ცოდნის ამაღლების მიზნით, უნივერსიტეტის სტუდენტები კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.