გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ დაჯილოდების ცერემონია

30 ნოემბერი 2018

26 ნოემბერს, The New York Times-ის ლიცენზიანტი გამომცემლობის „სახე(ლ)ები“ ორგანიზებულ საუკუნისა და წლის სახე(ლ)ების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტრადიციულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტიდან, ისინი სიმბოლური პრიზით სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ.

 

ღონისძიებაზე წელს უკვე მეთხუთმეტედ გაიმართა ტრადიციული აუქციონი, რომელიც მოხუცთა და მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული სახლის პროექტის მხარდასაჭერად ჩატარდა.

 

პროექტის მთავარი მხარდამჭერია, საქართველოს საპატრიარქო, რომელმაც თბილისთან ახლოს, ოქროყანაში მიწის ნაკვეთი გამოყო მოხუცთა და მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული სახლის ასაშენებლად.

 

აუქციონზე 50-მდე ლოტი იყო წარმოდგენილი, მათგან ორი ნივთი კავკასიის უნივერსიტეტმა შეიძინა. ესენია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კალამი, რომლითაც შესრულებულია შობისა და აღდგომის ეპისტოლეები, ასევე კაკლისა და რცხილას ხისგან დამზადებული, პრეზიდენტის ხელნაკეთი და პირველი ლედის მიერ მოხატული ნარდი.

 

შეძენილი ნივთები, სამომავლოდ, კავკასიის უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინება.