კავკასიის სამართლის სკოლა

კავკასიის სამართლის სკოლა გთავაზობთ განათლების მიღების ევრო-ამერიკულ მოდელს, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ქართულ სინამდვილესთან. კავკასიის სამართლის სკოლის დანიშნულებაა: შექმნას სათანადო პირობები პიროვნული პოტენციალის რეალიზებისათვის; უზრუნველყოს სამსაფეხუროვანი უმაღლესი იურიდიული განათლება; სამართალმცოდნეობის მიმართულებით განახორციელოს ძირითადი და დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები; იურისპრუდენციის სფეროში იყოს უწყვეტი განათლების ცენტრი; მოამზადოს და გადაამზადოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო პერსონალი.

კავკასიის სამართლის სკოლამ ფუნქციონირება 2005 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

სკოლის კურიკულუმები, მოდულები, სილაბუსები, სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან.

სამართლის სკოლის “სასწავლო პორტფელი” გათვლილია ორი სემესტრის პრინციპზე.

სკოლაში მოქმედებს ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები, რომლითაც ზუსტდება სტუდენტთა და ლექტორთა სარეიტინგო მაჩვენებლები. სასწავლო პროცესი დინამიურად ექვემდებარება მოწვეული უცხოელი ექსპერტის მონიტორინგს.

კავკასიის სამართლის სკოლის სლოგანია: “კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია!” (“DURA LEX, SED LEX!”) და ეს მოთხოვნა ჩვენთან უპირველესად სასწავლო პროცესში რეალიზდება.

ალბათ, ამგვარი მიდგომით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ სკოლის ბევრი ბაკალავრი და მაგისტრანტთა უმრავლესობა, მიუხედავად იურიდიული შრომითი ბაზრის უმკაცრესი სელექციისა, დასაქმებულია და სასწავლო პროცესს წარმატებით უთავსებს პრაქტიკულ საქმიანობას.

დამსაქმებლებთან სკოლის პარტნიორობა გრძელვადიანი მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება. ასეთი მემორანდუმები გაფორმებულია: საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, საქართველოს საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს ცენტარლურ საარჩევნო კომისიასთან, საჯარო რეესტრთან,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასთან, პროექტ თბილისელების ადვოკატთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იურიდიულ კომპანიებთან.

სკოლაში პროფესორთა შერჩევა მხოლოდ ღია კონკურსის წესით მიმდინარეობს, რის გამოც სკოლა ნამდვილად ამაყობს პედაგოგიური კადრების წარმატებული იურიდიული პრაქტიკით, მაღალი პროფესიონალიზმითა და საზოგადოებრივი იმიჯით.
აუდიტორიის მიღმა სტუდენტები მასტერ-კლასების, იმიტირებული პროცესებისა და შეხვედრა-დიალოგების მეშვეობით იფართოებენ ცოდნის ჰორიზონტს.

სასწავლო პროცესთან ერთად სკოლის შემდგომი განვითარების პრიორიტეტია სტუდენტებისა და ლექტორების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც  ალტერნატიული კრედიტების დაგროვების საშუალებას იძლევა.
კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდები წარმატებულად მონაწილეობენ საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

2008 წლის 29-30 მაისს, მონრეალში (კანადა), სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის (IALS) გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, რომლის ეგიდით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავკასიის სამართლის სკოლის სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაციის სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე. სამართლის სკოლათა საერთაშორისო ასოციაცია (IALS) მოწოდებულია განსხვავებული კულტურისა და საზოგადოების შესწავლის გზით იურიდიული განათლებისა და კვლევის პერმანენტული გაუმჯობესებისათვის.

კავკასიის სამართლის სკოლა 2008 წლის 1 მარტიდან ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრია, რაც მომავალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლის კოოპერირებას წამყვან სამართლის სკოლებთან და მისთვის ევროპული აკრედიტაციის მინიჭების საქმეს. ამავე პერიოდიდან სკოლა არის ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის (EPLO) წევრი.

გჯეროდეთ, რომ კავკასიის სამართლის სკოლისგან თქვენ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ამას ელოდით. ის საკუთარ თავში აღმოგაჩენინებთ იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ეს ადრე წარმოგედგინათ, მოგცემთ საშუალებას თავად დააპროექტოთ საკუთარი კარიერა და განახორციელოთ ყველაზე ირეალური იდეებიც კი.

საწყისი გვერდისკოლებისამართლის სკოლა