ADIZES

მმართველობის განსხვავებული მეთოდი, რომელიც ADIZES-ის მეთოდოლოგიის სახელითაა ცნობილი, კავკასიის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით ქართველი მენეჯერებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. 2 დღიანი სემინარი სექტემბრის თვეში სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მოეწყო. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ადიზესის მეთოდოლოგიას იმ მენეჯერული მეთოდების მაგალითებზე დაყრდნობით, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში გამოიყენება. სემინარის მონაწილეებს შორის გამოცდილი მენეჯერებიც იყვნენ. გრიგოლ სვანიძე, იბერ–კომპანიის  აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც 10 წლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვს,  ამბობს რომ ტრენინგმა მას სხვაგვარად ფიქრი ასწავლა.


„მე მივხვდი, იმისათვის რომ იპოვნო სწორი გზა პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია გააცნობიერო თუ როგორ აღიქვამ თავად პრობლემას,“ ამბობს გრიგოლ სვანიძე. „ სემინარმა მკვეთრად შეცვალა ჩემი, როგორც მენეჯერის დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ და სხვა კუთხით დამანახა ამჟამად ჩემს ორგანიზაციაში არსებული პრობლემები. აქ მიღებული ცოდნის გათვალისწინებით დიდია ალბათობა,  მოვახდინო მნიშვნელოვანი ცვლილებები უახლოეს მომავალში.“ 

ადიზესის მეთოდოლოგია დაახლოებით 35 წლის წინ დოქტორ ადიზესმა კომპანიებისთის ფინანსური წარმატების მისაღწევად და ბაზარზე წამყვანი პოზიციის შენარჩუნების მიზნით  შეიმუშავა. დღევანდელი მონაცემით ადიზესის მეთოდოლოგია მსოფლიოს 40–მდე ქვეყანაშია დანერგილი. დოქტორი ადიზესი მსოფლიოში ცნობილი ექსპერტია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ამ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების კუთხით.