პროგრამის მიმოხილვა

კავკასიის ბიზნესის სკოლის კინოხელვონების სამაგისტრო პროგრამა პრინციპულად არა მარტო ხელობას ასწავლის, ის ასწავლის „ხედვას“. იმისთვის რომ სკამი გააკეთო, ჯერ სკამის იდეა უნდა გქონდეს; იმისთვის, რომ შუბი გააკეთო, ჯერ შუბის იდეა უნდა გქონდეს; იმისთვის, რომ ფილმი გააკეთო, ჯერ ფილმის იდეა უნდა გქონდეს. არ შეიძლება, ასწავლო „კეთება“, სანამ „დანახვას“ არ ასწავლი.

 

პროგრამა შეესაბამება კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის მისიაში ასახულ ხედვებს და უზრუნველყოფს კვლევებზე ორიენტირებული სწავლების და სწავლის დანერგვით ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, ზნეობრივად სრულყოფილი, დემოკრატიის იდეალების მიმდევარი სპეციალისტების მომზადებას და ამ სფეროში საზოგადოების საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. პროგრამა შედგენილია საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ დანახული ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და  შრომის  ბაზრის  მოთხოვნების  გათვალისწინებით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას და პროფესიულ სტანდარტებს.

 

იყო რეჟისორი, ნიშნავს არა მარტო ხელობის ცოდნას, არამედ ეს ნიშნავს მხედველობის ქონასაც. რეჟისორი ის არის, ვინც ხედავს. რეჟისორი ხედავს სახეებს, ის განსაკუთრებული მზერით უყურებს „სინამდვილეს“. „სინამდვილე“ მისთვის არის მასალა, ისეთივე, როგორიც თიხაა მოქანდაკისთვის, როგორიც სიტყვაა მწერლისთვის. ის თითების ბალიშებით უნდა გრძნობდეს „სინამდვილეს“. და მაშინ ის შეძლებს ამ „სინამდვილიდან“ თავისი კინოს გაკეთებას. პროგრამა ამ კინემატოგრაფიულ ტაქტილობას შეასწავლის. ასწავლის „ცოცხალი“ და „უსიცოცხლო“ რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას (დიფერენცირებას). რეჟისორმა, როგორც სოკოს შემგროვებელმა, იცის კარგი სოკოს შხამიანისგან გარჩევა. ეს განსაკუთრებული ტექნიკაა. უნდა შეგეძლოს, განასხვავო „ცოცხალი“ სახე „უსიცოცხლოსგან“, და უნდა შეგეძლოს „ცოცხალი“ ადგილების (ლოკაციების) დიფერენცირება. თუ ფილმის მოქმედება „უსიცოცხლო“ ადგილზე ხდება, კადრი კარგავს ფლუიდს – კადრი მხოლოდ ინფორმაციის მატარებელი ხდება, ფუჭია. იგივე ითქმის განათებზე, ფერზე, ხმაზე და ყველა სხვა კომპონენტზე, რომელიც ფილმის მასალას წარმოადგენს.

 

კინოსურათს ერთი თავისებურება აქვს: ის არ დაიყვანება არც იდეაზე, არც სიუჟეტზე, არც ფაბულაზე, არც გამოსახულებაზე, არც გმირებზე, არც სპეცეფექტებზე. ყოველი „ნამდვილი“ ფილმი არის „ცხოვრების“ შექმნა ან აღდგენა. ამ „ცხოვრებას“ საკუთარი თავიდან ვერ გამოიხმობ – ასეთია კინოს სპეციფიკა – მას რეალობასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. კინო სწორედ ამ „ცხოვრებას“ იჭერს თავის უშუალობაში. და რეჟისორის ოსტატობა არის „ცხოვრების“, სინამდვილის დაჭერის. მისი რადარზე დაჭერის  ოსტატობა. და ეს მხოლოდ იმ კინოს არ ეხება, რომელსაც, ჩვეულებრივ, „რეალისტურს“ უწოდებენ. ლაპარაკია არა რეალისტურობაზე, არამედ უტყუარობაზე. ფანტასტიკური სახეც კი უტყუარი უნდა იყოს. ის მხოლოდ სქემებით არ იქმნება, უნდა დაიჭირო მისი „ყოფიერება“, ამისთვის კი ინსტრუმენტებია საჭირო.  ჩვენ ჩვენი რეალობა გვაქვს და ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ინსტრუმენტები, რომლებსაც მისი დაჭერა და გარდაქმნა შეუძლია.

 

არსებობს განსაკუთრებული ტექნიკები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია „სინამდვილის“ დაჭერა, და პროგრამა, პირველ რიგში, ამ ტექნიკებს ასწავლის. ეს ტექნიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “ანბანური“ ხელობა. სინამდვილეში, სწორედ ეს ტექნიკებია ხელობა და არ არსებობს არავითარი საყოველთაო კანონები, სად დაიდგას კამერა, როგორ გაიშალოს მიზანსცენა, როგორ ითამაშონ. არსებობს ტექნიკა – როგორ დაიჭირო რადარზე „სინამდვილე“. და მისი დაჭერა სწორედ კამერის, მიზანსცენის, მსახიობის თამაშის საშუალებით შეიძლება.

 

„სინამდვილესთან“ კონტაქტის გარეშე მიწოდებული კანონები და წესები პროფესიის დაუფლების ილუზიას ქმნის და ამით უკან გვხევს. რეჟისორები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ჩვევებს ფლობენ, არ ფლობენ ძირითად ჩვევას – დანახვის ჩვევას, და რადგან კინოს მხოლოდ წესების მიხედვით აკეთებენ, მათი კინო „უსიცოცხლოა“.

 

ამ ყოველიდან გამომდინარე, კავკასიის ბიზნესის სკოლის ხელოვნების მაგისტრის კინოხელოვნებაში პროგრამის მიზნებია სტუდენტს:

  • მისცეს კინოხელოვნებაში მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა, რომელიც მიმართული იქნება სტუდენტის მიერ ამ ცოდნის პრატიკაში გამოყენებისკენ და, სტუდენტის არჩევანის გაკეთების შესაბამისად, მისცეს ღრმა ცოდნა ერთ-ერთ სპეციალობაში (კინორეჟისურა ან კინოდრამატურგია);
  • განუვითაროს კინორეჟისორისათვის და კინოდრამატურგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მოამზადოს მათი სამომავლო ინდივიდუალური თუ ჯგუფური საქმიანობისათვის; სტუდენტებს არა მარტო კინოხელობა შეასწავლოს, არამედ მათ სხვა უნარებიც გამოუმუშავოს. ეს არის უნარი, შექმნა „ცოცხალი“ და არა „მკვდარი“;
  • შეასწავლოს შემოქმედებითი აზროვნება, პროფესიული გრამატიკა და მისი ფუნდამენტური კანონები;
  • აღზარდოს ყოველმხრივ განათლებული, იდეურად მომწიფებული, თვითმყოფადი ხელოვანი, რომელსაც შეუძლია სათავეში ჩაუდგეს კინო კოლექტივს და დამდგმელ რეჟისორის ფუნქციები ითავოს;
  • ხელი შეუწყოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლას;
  • მოტივაცია გაუჩინოს ინოვატორული და კრეატიული, სფეროსთან დაკავშირებული, წამოწყებებისაკენ;
  • გაუღრმავოს გლობალური მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა, დემოკრატიულობა და ჰუმანური ფასეულობები;
  • განუმტკიცოს მოქალაქეობრივი ღირებულებები.

 

 

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად სტუდენტი ორი სემესტრის განმავლობაში ეუფლება კინოხელოვნებისთვის აუცილებელ ფუნდამენტურ, საბაზისო ცოდნას და შეისწავლის სარეჟისორო და სასცენარო ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო პროფესიულ და ზოგად უნარჩვევების თეორიულ საფუძველსა და იღებს ღრმა ცოდნას. მას ასევე შეეძლება მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოამჟღავნოს სხვადასხვა პროექტებისა თუ სასწავლო აქტიობების გზით. მესამე სემესტრიდან სტუდენტი ირჩევს სპეციალობას და აგრძელებს ცოდნის მიღებას შესაბამისი მიმართულებით - კინორეჟისურა ან კინოდრამატურგია.

 

საგანმანათლებლო პროგრამა თეორიისა და პრაქტიკის იმ თანაფარდობაზეა აგებული, რომელიც თანამედროვე პირობებში პროფესიის დაუფლებას ესაჭიროება. გულდასმით შედგენილი პროგრამა მოიცავს ლექციებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს და უშუალოდ კინოწარმოების პროცესს.

 

სწავლების პირველივე დღეებიდან სტუდენტები სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებში ჩაერთვებიან – სცენარის შექმნიდან დაწყებული, ფილმის შექმნით დამთავრებული. ჩართულობის ეს სტრატეგია იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ სკოლის პედაგოგები ქართული და უცხოური კინემატოგრაფის „მოქმედი პირები“ არიან: რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები, ოპერატორები, ხმის რეჟისორები, დამდგმელი მხატვრები, სატელევიზიო ფორმატების შემქმნელები, კინომცოდნეები და კინოკრიტიკოსები.

 

 

რეჟისურა

პროგრამა იმ რეჟისორების თაობაზეა ორიენტირებული, რომლებიც ახალი ინსტრუმენტარიუმის გამოყენებით საკუთარ „სამყაროს სურათს“ ქმნიან. კურსებს, მეცადინეობებსა და სახელოსნოებს წამყვანი რუსი და უცხოელი კინორეჟისორები გაუძღვებიან, ანუ ისინი, ვინც ნულოვან წლებში შეცვლილი „სამყაროს სურათი“ ახლებურად გაიაზრა, თხრობისა და გადაღების საკუთარი მანერა იპოვა, კინოში ახალი გმირები მოიყვანა და ახალი სტილი შექმნა. 

 

 

სცენარი

სასცენარო ოსტატობას (კინოდრამატურგიას) წამყვანი ქართველი და უცხოელი სცენარისტები ასწავლიან. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მწერლები და დრამატურგები, მათ შორის, „ახალი დრამის“ წარმომადგენლები, რომელიც შთამბეჭდავად წარმოჩინდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში.

 

ცნობილია, რომ ქართული კინოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის ვერ „იჭერს სინამდვილეს“. „სინამდვილე“, ციფრულ მატარებელზე და ფირზე გადატანილი, მიუხედავად იმისა, თუ როგორია დრამატურგიის დონე, ხშირად  „ყალბი“ გამოდის. ეს იმას უკავშირდება, რომ არ არსებობს რეალობასთან მიდგომის ინსტრუმენტები. სცენარისტები ვერ ახერხებენ „ცოცხალი“ მეტყველების გადმოცემას, ვერ ახერხებენ „ცოცხალი“ სიტუაციების აღდგენას. ისინი სწორ, მაგრამ მკვდარ (არაქმედუნარიან) ლეკალოს იყენებენ. დიალოგები „არანამდვილია“, სიტუაციები – შაბლონური, და შედეგად ვიღებთ არა „ცხოვრებას“, არამედ ძველ, უკვე მრავალჯერ ნანახ კინოს. რეალობასთან მიდგომის სწორედ ამ კრიზისმა განაპირობა ის, რომ პროგრამა მიმართავს სცენარისტებს, მწერლებსა და დრამატურგებს, რომლებმაც თავიანთი ტექსტებით დაამტკიცეს, რომ „ცხოვრების მოხელთება“ შეუძლიათ. სცენარის აგების საფუძვლების, მისი დრამატურგიული კანონების სწავლებისთვის პროგრამა უცხოელ სპეციალისტებს იწვევს. მაგრამ იმისთვის, რომ „სქემა“ „სქემადვე“ არ დარჩეს (რადგან სცენარი, რომელიც მხოლოდ კანონის მიხედვით არის დაწერილი, „ცოცხალი“ სცენარი არ არის) სწავლებაში ჩართულები არიან აგრეთვე წამყვანი ქართველი მწერლები, რომლებიც სხვადასხვა ჟანრში მუშაობენ. სწავლებაში მწერლების ჩართვა განპირობებულია იმის შეგნებით, რომ უცხოურ სქემებსა და სისტემებს ჩვენს რეალობასთან ადაპტაცია ესაჭიროება და სტუდენტებმა, პირველ რიგში, ქართულ სინამდვილესთან და ქართულ მეტყველებასთან უნდა დაამყარონ „კონტაქტი“ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენონ უცხოელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული სწორი კანონები და სქემები.

 

 

რეჟისორის მუშაობა მსახიობთან

პროგრამაში დიდი ყურადღება ექცევა რეჟისორის მსახიობთან მუშაობას. პირველ რიგში, საქმე ეხება მსახიობის თამაშს, რომლის მიზანია, იყოს რეალისტური. მეცადინეობები მოიცავს არა მარტო მსახიობთან მუშაობის უშუალო ტექნიკას, არამედ „ცხოვრების“ დაკვირვებასაც. სტუდენტები პედაგოგებთან ერთად „ცოცხალ ადგილებს“ ირჩევენ. შემდეგ სტუდენტები ამ ადგილებზე მიდიან – იქნება ეს ბაზრები, საავდმყოფოები, პორტები, შახტები, თავშესაფრები, რკინიგზის სადგურები, სამშობიარო სახლები, ტყეები, საპოლიციო უბნები, ოფისები თუ სუპერმარკეტები – და მოაქვთ წერილობითი და ვიდეოანგარიშები ნანახისა და გაგონილის შესახებ. მთელი ეს მასალა ანალიზდება შინაარსისა და ფორმის მიხედვით – სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, რომ ყურადღებით მოეკიდონ ცხოვრების „ფორმებს“, ყოველდღიურ მეტყველებას, არგოს.

 

პროგრამა მოწოდებულია, რომ არა მარტო კინოგანათლებას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძლეოდეს, ყურადღებას აღვიძებდეს იმ მასალის (თიხის) მიმართ, რომლისგანაც შემდეგ კინო უნდა გაკეთდეს და სცენარი დაიწეროს.

 

მსახიობთან მუშაობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექსტის ანალიზს; თამაშის მონახაზის აგებას; ფსიქოლოგიურ და მხატვრულ სტრუქტურებთან მუშაობას; ტექნიკაზე, პლასტიკაზე, მეტყველებაზე მუშაობას. მეცადინეობების დროს განხილული იქნება სხვადასხვა მეთოდები: რეალისტური, ეპიკური, ნატურალისტური, ნეიტრალური. სტუდენტები თავად მიიღებენ დადგმებში მონაწილეობას, პრაქტიკაში გამოცდიან ყველა ამ მეთოდს.

 

 

საოპერატორო ოსტატობა

საოპერატორო ოსტატობას „მოქმედი“ ოპერატორები ასწავლიან. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, არა მარტო თეორიულად დაეუფლონ ოსტატობის ანბანს, არამედ პრაქტიკულადაც. სამყაროს სურათი იცვლება და მასთან ერთად იცვლება მისი ასახვის ფორმები. იცვლება დამოკიდებულება სიმკვრივის, პერსპექტივის, დისტანციის მიმართ. პროგრამა მოწოდებულია, რომ სტუდენტებს არა მარტო საოპერატორო ოსტატობის კანონები შეასწავლოს, არამედ განუვითაროს მათ მგრძნობიარობა „ნამდვილი სურათის“ აღქმისთვის – მგრძნობიარობა მოძრაობის, რაკურსის, იმ ყველაფრის მიმართ, რაც „ოპერატორის თვალს“ აყალიბებს. აქედან გამომდინარე, სწავლებისთვის მოწვეულები არიან ოპერატორები, რომლებსაც არა მარტო „ლამაზი სურათის“ შექმნა შეუძლიათ, არამედ ისიც შეუძლიათ, რომ ეს სურათი „ცოცხალი“ იყოს.

 

 

მსახიობების შერჩევის პრინციპები (ქასთინგი)

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მსახიობების შერჩევის პრინციპებს. ტიპებისა და ხასიათების აშკარა მსაგავსების პოვნის გარდა  კასტინგი განსაკუთრებულ კინემატოგრაფიულ გრძნობას/ალღოსაც გულისხმობს – შუა საუკუნეებში მხატვრები ასე პოულობდნენ თავიანთ მოდელებს. არსებობს ცოცხალი და უსიცოცხლო სახეები, ცოცხალი და უსიცოცხლო ტანადობა, ფიგურები, ჟესტები. მსახიობს, რომელიც კარგია ტექნიკისა და „ხასიათის“ მხრივ, შეიძლება უსიცოცხლო სახე ჰქონდეს. ციფრულ მატარებელზე ან ფირზე მოხვედრისას ასეთი სახე თავის უსიცოცხლო ბუნებას ამჟღავნებს. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ცოცხლისა“ და „უსიცოცხლოს“, ცალკეულისა საყოველთაოს გარჩევის უნარს.

 

 

ადგილების შერჩევის პრინციპები (ლოკაცია)

სახეების მსგავსად, არსებობს აშკარად უსიცოცხლო ადგილებიც (ლოკაცია). საჭიროა „ცოცხალი“ ინტერიერების, ლანდშაფტების, ქუჩების „უსიცოცხლოსგან“ გარჩევა. სხვა შემთხვევაში, „არასწორი“ ლოკაცია ბერმუდის სამკუთხედივით ჩაყლაპავს მსახიობს, მოქმედებას და თვით ფილმსაც.  ლოკაციასაც აქვს თავისი ფარული გასაღებები და პრინციპები. საჭიროა მათი ცოდნა, საჭიროა მგრძნობიარობის გამომუშავება ადგილების შესაცნობად. პროგრამაში ამ საკითხსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

 

განათება, რაკურსი, ფერი

განათება, რაკურსი და ფერი აგრეთვე შეიძლება იყოს „ცოცხალი“ ან „უსიცოცხლო“. კარგად დაყენებული ნახატი განათება შეიძლება სულაც არ იყოს ცოცხალი. პირიქით, ხშირად „სწორი“ „უსიცოცხლო“ აღმოჩნდება ხოლმე. როგორც „უსიცოცხლოა“ ხოლმე კარგად აგებული კომპოზიციები და ჩახლართული რაკურსები. ამ ცალკეულმა კომპონენტებმა შეიძლება მოკლან ფილმი. არსებობენ „მკვლელი“ ოპერატორები, „მკვლელი“ მხატვრები, „მკვლელი“ რეჟისორები. პროგრამაში დიდი ყურადღება დაეთმობა იმ კომპონენტებსა და მატერიებს, რომლებისგანაც აგურ-აგურ კეთდება ფილმი. პროგრამა ასწავლის ყურადღებას განათების, ფერის, რაკურსის, კომპოზიციის სიცოცხლის მიმართ, იძლევა ცოდნას ამ მატერიების საიდუმლოების, მათი ქიმიისა და ალქიმიის შესახებ.

 

 

მონტაჟი

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მონტაჟური აზროვნების ფორმირებას. ისე, როგორც მეტყველებაში აზრი წინადადებით გადმოიცემა და არა სიტყვებით, კინემატოგრაფში თხრობა წარმოებს არა კადრებით, არამედ მონტაჟური ფრაზებით. მონტაჟური ფრაზები ქმნის სტილს (სპეციფიკურ კინოენას). პროგრამა ასწავლის მონტაჟური ფრაზებით აზროვნებას ჯერ კიდევ სცენარის დონეზე.

 

 

გადაღება

დიდი ყურადღება დაეთმობა გადაღების ენასა და სტილს. გადაღების მანერა – ეს იგივეა, რაც ფუნჯის მონასმი ფერწერაში. გადაღების საშუალებით შეიძლება დაიჭირო ფარული აზრი, რომელიც ზედაპირზე არ დევს, არ გადმოიცემა არც შინაარსით, არც მსახიობის თამაშით, არც განათებით და ფერით. თვით გადაღება შინაარსისა და მსახიობის თამაშისგან დამოუკიდებლად შეიძლება ატარებდეს განგაშის ან განცხრომის, პანიკის ან სასიყვარულო გაშმაგების ელემენტებს. კამერის მოძრაობის უკან შეიძლება იდგეს ღმერთი პანი ან ღმერთი დიონისე.

 

 

კინომცოდნეობა, კინოკრიტიკა

იყო დრო, როდესაც რეჟისორები ანგარიშს უწევდნენ კინოკრიტიკას. კინოკრიტიკოსები არა მხოლოდ აანალიზებდნენ ფილმებს, ფილმებში უბრალოდ არსებულ თუ არარსებულ ნიშნებსა და სიმბოლოებს კი არ ეძებდნენ, არამედ თეორიებს ქმნიდნენ და იმ ინტელექტუალურ და მენტალურ რგოლს წარმოადგენდნენ, რომელიც რეჟისორებს სივრცეში ორიენტირებაში, საკუთარი თემის, საკუთარი ენის, საკუთარი სტილის პოვნაში ეხმარებოდა. ასე იყო იტალიური ნეორეალიზმის, ახალი ფრანგული ტალღის შემთხვევაში, ასე იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსული ფორმალიზმის სკოლის შემთხვევაშიც. შკლოვსკი, ტინიანოვი, იაკობსონი, ეიხენბაუმი უბრალოდ ლიტერატურული და კინოკრიტიკით არ იყვნენ დაკავებულები – ისინი „ლიტერატურის სივრცეს“ და „კინოს სივრცეს“ ქმნიდნენ.

 

კრიტიკა იყო ინტელექტუალური საფუძველი – ის მენტალური ველი, რომელში  მოხვედრისას იზრდებოდა და იფურჩქნებოდა ლიტერატურა და რეჟისურა.

 

კრიტიკის ძირითადი დანიშნულება არა სახელდობრ კრიტიკა, არამედ მენტალური ველის შექმნაა. პროგრამა მიზნად ისახავს საფუძვლის შექმნას ისეთი კრიტიკის აღმოსაცენებლად, რომელიც ფონის შექმნას შეძლებს. შეძლებს, „ააღელვოს“ გონება, პირველ რიგში კი – რეჟისორების გონება. მასწავლებლებლად მოწვეულები არიან წამყვანი კინოკრიტიკოსები და კინოს თეორეტკოსები, აგრეთვე სხვა პროფესიების გამოჩენილი წარმომადგენლები: ფილოსოფოსები, სემიოტიკოსები, თანამედროვე ხელოვნების თეორეტიკოსები.

 

 

თანამედროვე ხელოვნება

სწავლებაში ჩაერთვებიან აგრეთვე თანამედროვე ვიდეო- და მედიახელოვნების წამყვანი წარმომადგენლები, თანამედროვე მხატვრები. ესეც პროგრამის ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რადგან უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ვიოდეოხელოვანებს თავისი დამოუკიდებელი და ორიგინალური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ „ვიზუალურის“ მიმართ. დასავლურ კინემატოგრაფში არსებობს კინოსა და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთგამსჭვალვის ტენდენცია. ამ ტენდენციის ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს კანის 2010 წლის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი აპიჩატპონგ ვერასეტაკუნი, აგრეთვე რეჟისორები ალექსანდრ მაქქუინი, ფილიპ გრინრიე, შირინ ნეშატი და სხვები.

 

 

რისთვის არის საჭირო ლიტერატურა და ფილოსოფია?

ერთხელ მალერმა შონბერგს მის სტუდენტებზე უთხრა: „აიძულეთ ეს ხალხი, დოსტოევსკი წაიკითხონ! ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონტრაპუნქტი“. მაგრამ რა უნდა იყოს მუსიკოსისთვის კონტრაპუნქტზე უფრო მნიშვნელოვანი? რას გულისხმობდა მალერი? რაზეა საუბარი? გონების აღელვებაზე. გონება შეიძლება აღელვებული იყოს ისე, როგორც ზღვა არის ხოლმე აღელვებული, და კონტრაპუნქტის, დრამატურგიის, გადაღების, მონტაჟის არავითარ კანონებს აზრის არა აქვს ამ აღელვებული „ზღვისა“ და აღელვებული გონების გარეშე. მკვდარ წყალში კანონები არაფერს ნიშნავს. ამიტომ „დოსტოევსკი“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონტრაპუნქტი, და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დრამატურგიისა და კინემატოგრაფის კანონები. მან შეიძლება შენში „ზღვა“ აღძრას, და თუ არის „ზღვა“, მაშინ შენ გეკუთვნის შენი თავი. მაშინ შეიძლება კანონების გამოყენება და შეიძლება მათი დარღვევა. „დოსტოევსკი“ გონების მოუსვენრობის მეტაფორაა. აი, რისთვის არის თურმე საჭირო ლიტერატურა და ფილოსოფია. პროგრამაში ისეთ აკადემიური პერსონალია მოწვეული, რომლებიც  ჩვენში  „ზღვას“ აღძრავენ და მას ნაპირები გაარღვევინონ.

 

 

რისთვის არის საჭირო ფსიქოანალიზი, ფსიქიატრია, სიზმრების განმარტება?

თანამედროვე ხელოვანები (განსაკუთრებით, კინემატოგრაფისტები) უკვე დიდი ხანია, არ ოცნებობენ. კლერკების, დიასახლისების, სავაჭრო აგენტების მსგავსად ისინიც საქმეს აკეთებენ. ისინი საქმიანი ადამიანები არიან. საქმიანი ხალხი  თვალს ადევნებს რეიტინგებს, ითვლის ფულს, აკეთებს პროგნოზებს. ამ ადამიანების ლექსიკაში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს „ბოქს-ოფისი“, „პროფესიული უნარ-ჩვევები“, „საერთაშორისო დონე“. ნატვრა, ოცნებები, ვნება, მანკიერება, სიზმრები უკვალოდ განდევნილია მათი ცხოვრებიდან. მათ მხოლოდ ცხადი აქვთ  – მიზნები, წარმატება, სქემები, წესები, კარიერა. მათი მზერა გარეთ არის მიმართული.

 

მაგრამ შეუძლებელია კონსტრუირება ისეთი ფილმებისაც კი, როგორსაც სტივენ სპილბერგი, ტიმ ბარტონი, რიდლი სკოტი, კვენტინ ტარანტინო იღებენ, თუ მზერას მხოლოდ გარეთ მივაპყრობთ – ეს ფილმები სავსეა გატაცებებით, მანკიერებით, ბავშვური ოცნებებითა და ვნებით. შეუძლებელია კონსტრუქტის კოპირება, არ შეიძლება, მხოლოდ კანონით იხელმძღვანელო.

 

ფსიქოანალიზი (და ყველა მასთან დაახლოებული დისციპლინა) მზერას შიგნით მიმართავს, მაგრამ თუ მზერა ერთხელ შიგნით მიექცევა, ის უკან აღარ ბრუნდება. ეს დისციპლინები სიზმრებს, ოცნებებს, ფარულ მისწრაფებებს, ვნებებს ქექავს, და შენ მათ ტყვეობაში, ანუ საკუთარი თავის ტყვეობაში ექცევი.

 

კინორეჟისურის კურსის წარმატებით გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება მიღებული ცოდნა გამოიყენოს როგორც მხატვრული კინოს დამოუკიდებელმა რეჟისორმა, ასევე როგორც მხატვრული სერიალების, სატელევიზიო ფილმების და სერიალების, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, სატელევიზიო პროგრამების და გადაცემების რეჟისორმა. კინოდრამატურგიის სპეციალობის კურსდამთავრებულს შეეძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ფილმების და გადაცემების სცენარის ავტორი.