პროგრამის მიმოხილვა


სამართლის სადოქტორო საგანამათლებლო პროგრამა შეიქმნა 2009 წელს.

სადოქტორო პროგრამის მიზანია სამართალმცოდნეობაში ახალი თაობის მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება, რომელებიც შეძლებენ ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას თეორიული და პრაქტიკული, მტკიცებითი ან ემპირიული კვლევების მეშვეობით; დოქტორანტებში კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად. პროგრამა ორიენტირებულია იურიდიული ანალიზის, ინტერდისციპლინური, სოციალური და კრიტიკული მიდგომის განვითარებასა და გაღრმავებაზე.

ფუნქციონირების პერიოდში პროგრამამ გარკვეული მოდიფიკაცია განიცადა. სრულყოფის პროცესში ჩართულნი იყვნენ და სხვადასხვა დროს მის განხორცილებაში მონაწილეობდნენ სამართლის დოქტორები: ზვიად როგავა, ქეთევან ქოჩაშვილი, მალხაზ ბეგიაშვილი, გოგი ღლონტი, დევი ხვედელიანი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი ქეთევან მესხიშვილი; პროფესორები - დავით იმნაძე, ნონა თოდუა, ქეთევან ხუციშვილი, გოჩა მამულაშვილი; ასევე მოწვეული სპეციალისტები, სამართლის დოქტორები დავით კერესელიძე, მინდია უგრეხელიძე, ვალერიან ხრუსტალი; აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი; ეკონომიკის დოქტორი ავთანდილ გაგნიძე. გარე ექპერტიზის თვალსაზრისით პროგრამასთან მიმართებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიწიეს ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ტანნელ კერიკმეიმ, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რინგა რაუდლიმ და თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტმა.

კავკასიის სამართლის სკოლა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან, რაც ფართო საშუალებას აძლევს დოქტორანტს თავისი სამეცნიერო პოტენციალის რეალიზაციაში.

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. დოქტორანტს, რომელიც დადგენილ ვადაში ვერ წარადგენს სადისერტაციო ნაშრომს, უფლება აქვს დაასრულოს დოქტორანტურაში სწავლა მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობიდან 60 ECTS კრედიტი ეთმობა სასწავლო კომპონენტს, ხოლო 120 ECTS კრედიტი - კვლევით კომპონენტს.

პროგრამის აკადემიური ნაწილი ამოიწურება ორი მეთოდოლოგიური, ერთი ინტერდისციპლინური და ორი ბლოკ–სემინარის შესწავლით. დოქტორანტი ვალდებულია სადისერტაციო ნაშრომი შეასრულოს მის მიერ არჩეული ერთ-ერთი დარგიდან, რომელშიც გაიარა ბლოკ-სემინარი. გარდა ამისა სასწავლო კომპონენტის ფარგლებში დოქტორანტი უფლებამოსილია არჩევანი გააკეთოს პროფესორის ასისტენტობასა და უცხოეთში გავლილ რელევანტურ სასწავლო კურსს შორის. ის ვალდებულია შეასრულოს ორი თემატური სემინარი.

პროგრამის ფარგლებში დოქტორანტი ვალდებულია გამოაქვეყნოს ორი სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში (მათ შორის, ერთი აუცილებლად საზღვარგარეთ), რომლებშიც ასახული უნდა იყოს სადისერტაციო თემაზე შესრულებული სამეცნიერო კვლევის ძირითადი შედეგები და მიიღოს მონაწილეობა სამეცნიერო კონფერენციაში (რაც გულისხმობს დოქტორანტის მიერ პირადი მოხსენების გაკეთებას).

კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტს, სწავლების დასწრებული ფორმის მიუხედავად, შეუძლია სამსახურებრივ საქმიანობას შეუთავსოს აკადემიური პროცესი. აღნიშნული გარემოების ხელშესაწყობად სასწავლო პროცესი 19:00 საათზე იწყება. დოქტორანტი თავად განსაზღვრავს თავისი აკადემიური დატვირთვის მოცულობას. საკონტაქტო საათების რაოდენობა მაქსიმალურადაა შემცირებული და აქცენტი ძირითადად დოქტორანტის ინდივიდუალურ მუშაობაზეა გადატანილი. პროგრამის სამეცნიერო ნაწილი დოქტორანტს საშუალებას აძლევს ზედმეტი ბიუროკრატიული ბერკეტების გარეშე მიუძღვნას დრო სადისერტაციო კვლევას.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა და სტიპენდიის მოპოვება ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით.

დისერტაციის წარმატებული დაცვის შემთხვევაში, დოქტორანტებს მიეცემათ უპირატესობა, დასაქმდნენ კავკასიის სამართლის სკოლაში მაღალი ანაზღაურების პერსპექტივით. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში უკვე მოხდა 50-მდე მსურველის დოქტორანტურაში ჩარიცხვა. კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტთა სიაში ირიცხებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ცნობილი ადვოკატები, ნოტარიუსები და მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის საჯარო მოხელეები.
 


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  პროგრამა.