პროგრამის მიმოხილვა

"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2015 წელს.

 

"შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამის მიზანია ქართული და უცხო ქვეყნების სამოქალაქო სამართლის სისტემის შესწავლა. შედარებით სამართლებრივ ჭრილში განსხვავებული სამართლის სისტემებისა და სამართლებრივი ტრადიციების გაცნობის მეშვეობით იურიდიული თვალსაწიერის გაღრმავება-გაფართოება და ნაციონალური და ინტერნაციონალური შრომითი ბაზრისათვის მაღალკვალიფიკაციური კადრების მომზადება, რომლებიც გათვითცნობიერებულები იქნებიან რამოდენიმე ქვეყნის სამართლის სისტემაში (ქართული, გერმანული და ანგლო-ამერიკული) და შესძლებენ პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას ამ მართლწესრიგების მიხედვით.

სამოქალაქო სამართლის ძირითადი ინსტიტუტების შედარებით-სამართლებრივ ჭრილში მიმოხილვა იძლევა მათი სიღრმისეული შემეცნების საშუალებას და ისეთი ასპექტების გათვალისწინებას, რომლებიც იგივე ინსტიტუტების მხოლოდ ერთი სამართლის ჭრილში განხილვისას შეუცნობელი რჩება.
გარე ექპერტიზის თვალსაზრისით პროგრამასთან მიმართებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიწიეს პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესურამ.

კავკასიის სამართლის სკოლის "შედარებითი სახელშეკრულებო სამართლის" სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 E ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 E ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელს შეადგენს.

სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა შედგება 5 მოდულისგან: სავალდებულო თეორიული მოდული - 50 ECTS კრედიტი, არჩევითი თეორიული მოდული - 30 ECTS კრედიტი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართული არჩევითი მოდული - 10 ECTS კრედიტი (20 კრედიტიდან, სამეცნიერო კვლევის სავალდებულო მოდული - 30 ECTS კრედიტი.

სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მაგისტრებს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კერძო სამართლის მაგისტრი სახელშეკრულებო სამართალში მომზადებულია მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.