ახლადმიკვლეული ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში

22 სექტემბერი 2017

2017 წელს კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მიერ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მე-2 საკვლევი ექსპედიცია განხორციელდა. საექსპედიციო ჯგუფმა ათობით ახალ მატერიალურ კულტურის ძეგლს მიაკვლია, მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ექსპედიციის შედეგები:

 

  1. აშოტ II კურაპალატის წარწერა

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და კვლევის ცენტრის XXII ექსპედიციისას, 2017 წლის 11 ივლისს, ტაოში მიაკვლიეს მერენესის ასომთავრულ წარწერას, რომლის ტექსტი შეიცავს ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. წარწერა შემდეგნაირად იკითხება:

 

 „[()რდ(აი)]ვალა აშ{} | [()()()()]ტი ქრ{}{}{}ნსა | []ჲიდ (174+780=954 .), (უეს) {}ნვ{}|რსა კე (25). (მერთმა) ()()() |{} ()ლი ()თი. აღ()()ნა [(მიდა)] | ეკლ{}სი{} {}ლითა {}{აე}{}{}[], | {უე}რკ{}{}{}თა და {}{}სითა, | [-]რთვს{}თა (?), [-][-]თრს{}თა (?), [(მე)] (?)“.

 

წარწერა გვაუწყებს რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა „აშოტ კურაპალატი“ - ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ, ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი - კურაპალატი აშოტ II. წარწერის აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოვლენაა. წარწერის წაკითხვა და ისტორიულ-პალეოგრაფიული ანალიზი ეკუთვნის პროფესორ თემო ჯოჯუას.

 

  1. თხასქურქის ლაპიდარული წარწერა

 

7 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტისა და კვლევის ცენტრის ექსპედიციამ ასომთავრულ წარწერას მიაკვლია. ქვაჯვარზე შესრულებული მოსახსენებელი წარწერა, სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებისა უნდა იყოს. სამწუხაროდ სახელი, რომელიც ჯვრის ქვედა მკავზე უნდა ყოფილიყო ამოკვეთილი არ შემორჩა. დარჩენილ ნაწილში იკითხება: წ(მიდა)ო / გ(იორგ)ი / შ(ეიწყალ)ე / გ(ლა)ხ(ა)კი / ???. წარწერის პალოგრაფიული ანალიზი გააკეთა თემო ჯოჯუამ.

 

  1. აკრიაკის უცნობი, კლდეში ნაკვეთი მონასტერი

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და კვლევის ცენტრის ექსპედიციამ 2017 წლის 10 სექტემბერს ისტორიულ ტაოში კლდეში ნაკვეთ, უცნობ მონასტერს მიაკვლია. კომპლექსი ისტორიულ სოფელ აკრიაკთან მდებარეობს. მთავარი ეკლესია კლდეშია ჩაშენებული, მისი სიგრძე 10 მეტრია, მისი სამხრეთი კედელი ჩამოქცეულია, ეკლესიასთან დაკავშირება კლდეში ნაკვეთი გვირაბით ხდებოდა. აქვეა მცირე ზომის სამლოცველოც, კლდეში სხვადასხვა ზომის ნაგებობებია ნაკვეთი. კომპლექსის თავზე სახიზარია, რომელიც ამოშენებული კედლით. კლდის მონასტრის შესახებ წერილობითი წყაროები ან სხვა ცნობები არ მოგვეპოვება.

 

  1. ბანას უცნობი წარწერა ტაოდან

 

ქ(რისტე) / შ(ეიწყალ)ე / მწი / რი / თ(ევდორ)ე -  ეს ბანას წარწერაა - დახვეწილი ასომთავრულით შესრულებული, სავარაუდოდ 5 სტრიქონიანი სავედრებელი წარწერა „მწირი თევდორეს“ ხსენებით (პირველი სტრიქონი მომტვრეულია; მეორე ნაწილობრივ). წარწერა სოფელ ფენეკში ერთ-ერთ ძველ სახლში კავკასიის უნივერსიტეტისა და კვლევის ცენტრის ექსპედიციამ დააფიქსირა. წარწერის პალეოგრაფიულ ანალიზს აკეთებს პროფესორი თემო ჯოჯუა.

 

ტაო-კლარჯეთის საკვლევი ექსპედიცია რიგით 23-ე იყო, შედეგად კავკასიის უნივერსიტეტი, კვლევის ცენტრთან ერთად, 11 ტომეულის გამოცემას გეგმავს. საექსპედიციო ჯგუფი რამდენიმე დღის წინ სიახლეებით დაბრუნდა, ტაო-კლარჯეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევითი საქმიანობის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი თეიმურაზ ხუციშვილი, საექსპედიციო ჯგუფის წევრები: ლევან წიქარიშვილი, ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი, ანა იმედაშვილი.