„საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’

24 ივნისი 2022

კავკასიის განათლების სკოლა დაწყებითი პედაგოგის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის 29 ივნისიდან 29 ივლისის პერიოდში ახორციელებს პროექტს - „საჯარო ლექციების ციკლი 2022 - დაწყებითი განათლება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები’’, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ხორციელდება.

 

პირველი ლექცია, 29 ივნისს, 18:00 საათზე, ონლაინ ფორმატში ჩატარდება თემაზე: მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები - არსი, მნიშვნელობა და გამოწვევები.

 

ლექციას წაიკითხავენ: ანასტასია ქიტიაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; უნარების განვითარებისა და ახალგაზრდობის უფროსი  ექსპერტი -  ევროკავშირის პროექტი „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის (Skills4Jobs TA Project)“.

 

ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის უნივერსიტეტის  აფილირებული  ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

 

საჯარო ლექცია განკუთვნილია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, პედაგოგიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, სკოლის დირექტორებისა და დირექციის წარმომადგენლებისთვის, ასევე განათლების პოლიტიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

 

პროექტის მიზანია, დაწყებითი საფეხურის მომავალი მასწავლებლები და საგანმანათლებლო საზოგადოება დააფიქროს ადრეული ასაკიდან მოზარდებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობაზე, ხელი შეუწყოს სამიზნე კომპეტენციების თემაზე სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესში მათი რეალიზების ოპტიმალური გზების მოძიებას.

 

კავკასიის განათლების სკოლამ ანალოგიური პროექტი განახორციელა 2020 და 2021 წელს: „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“„განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი - 2021.

 

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბმულზე.