კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტები „PIK TV“-ში

18 სექტემბერი 2011
სტუდენტებს მეგზურობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ კოდალაშვილმა გაუწია. სტუდენტების ცნობისმოყვარეობა ყველა კონკრეტულ დეპარტამენტში პროფესიონალმა ჟურნალისტებმა, ტექნიკოსებმა, პროდიუსერებმა და რეჟისორებმა დააკმაყოფილეს. განსაკუთებული ინტერესი იმ ახალმა ციფრულმა ტექნოლოგიებმა გამოიწვია, რომელიც საქართველოში მოქმედ მედია სივრცეში ტელეკომპანია „პიკში" განსაკუთრებული წარმატებით არის დანერგილი.

მოქმედ მედია საშუალებებში გასვლითი გაცნობითი ლექციები საბაკალავრო პროგრამის დასაწყისი ეტაპისთვის განკუთვნილი „მედია მონიტორინგის" კლასის ნაწილია. ამ საგნის ფარგლებში სტუდენტები არსებულ მედია გარემოს, პროფესიონალ ჟურნალისტებს, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ახალი ამბების შექმნის სტანდარტებს ეცნობიან და მთელ მსოფლიოში მიმდინარე ახალ ამბებს მუდმივ რეჟიმში უკეთებენ მონიტორინგს.

ტელეკომპანია „პიკი" კავკასიის მედიის სკოლის პარტნიორი მედია ორგანიზაციაა. გასულ წელს ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში სტაჟირება მედიის სკოლის სტუდენტებმაც გაიარეს.