CSM-ის სტუდენტი NCIB კონკურსის გამარჯვებულია

21 აგვისტო 2011
კონკურსანტების 3-თვიანი დაუღალავი შრომისა და ბრძოლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა გამარჯვებული - მედიის სკოლის სტუდენტი მარიამ ტალახაძე. მან კომპანია „კამპასთვის" წარმატებული სტრატეგია შეიმუშავა ვებ-მარკეტინგის განვითარების მიმართულებით.

გამარჯვებულს NCIB-მ გადასცა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით. ონლაინ მაღაზია freeshop.ge-მ სპეციალური პრიზით პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.

კონკურსი მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში. ყოველდღიურად ჩართული იყო უამრავი კომპანია, მონაწილე და ათასობით გულშემატკივარი. ყველაზე ინოვაციური და მასშტაბური კონკურსი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, გახდა დიდი ინტერესის საგანი და რამდენჯერმე გაშუქდა ყველა წამყვანი ტელეკომპანიის მიერ.

კონკურსმა დაწყების დღიდანვე თანაბრად დააინტერესა და ჩააბა როგორც მონაწილე კონკურსანტები, ასევე კომპანიები და მათი გულშემატკივრები. დარეგისტრირდა 400-მდე კონკურსანტი და დაიწერა მრავალი საინტერესო სტრატეგია 40-მდე მონაწილე კომპანიაზე. მეორე ეტაპზე გადასული ფინალისტები კი თავდაუზოგავად იბრძოდნენ პირველობისთვის და წარმატებით ახორციელებდნენ ლობისტი კომპანიების პიარს ვებ–სივრცეში.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდა საკონკურსო ვებ–გვერდების რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი განისაზღვრა სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლიდა კონკურსანტების საკონკურსო ქულებს.

კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს მარიამ ტალახაძეს გამარჯვებას და უსურვებს მას წინსვლას!