სადოქტორო სკოლა

კავკასიის უნივერსიტეტი უკვე ათი წლის განმავლობაში ახორციელებს სადოქტორო პროგრამებს. შედეგად, უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა კვლევითი გარემო, რომელიც ხასიათდება მაღალი მოთხოვნებით, ორიგინალურობით, კრიტიკული აზროვნებითა და რაც ყველაზე მნიშნვნელოვანია, ახალი ცოდნის შექმნის უნარით. სადოქტორო განათლების გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა სადოქტორო სკოლის შექმნა. აღნიშნულ სკოლაში შეიქმნება მკვლევარებს, მეცნიერებს, დოქტორანტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო  პარტნიორებს შორის მუდმივი აკადემიური დებატების წარმართვისა და თანამშრომლობისათვის საჭირო სივრცე; სადოქტორო სკოლა ასევე იზრუნებს დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე. ყოველივე ეს უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სადოქტორო განათლებას.

 

კავკასიის უნივერსიტეტმა 2018 წელს ჩამოაყალიბა კავკასიის სადოქტორო სკოლა. სკოლის მიზანია ხელშემწყობი და ეფექტური კვლევითი გარემოს გაძლიერება, გონებაგახსნილი, ინოვატორი, ძლიერი აკადემიური ღირებულებების მქონე კურსდამთავრებულების გაზრდა და ცოდნის განვითარებაში წვლილის შეტანა ორიგინალური კვლევის გზით.  ამჟამად კავკასიის სადოქტორო სკოლაში ფუნქციონირებს მენეჯმენტისა და ეკონომიკის სადოქტორო პროგრამები.

 

მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელსაც ექნება სიღრმისეული თეორიული ცოდნა და მეთოდოლოგიური უნარ-ჩვევები, რათა განახორციელოს კვლევა ბიზნეს ადმინისტრირების დარგში მენეჯმენტის მიმართულებით, უფრო ვიწრო გაგებით კი ოგრანიზაციული ქცევის, ორგანიზაციული თეორიის ან ლიდერობის საკითხებში.

 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მკვლევარი, რომელსაც ექნება სიღრმისეული თეორიული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, რათა დაგეგმოს და განახორციელოს დამოუკიდებელი კვლევა ეკონომიკის დარგში, მაკროეკონომიკის ვიწრო სპეციალიზაციით. სადოქტორო პროგრამა ასევე მისცემს სტუდენტს შესაბამის ცოდნას მიკროეკონომიკის მიმართულებით.

 

სადოქტორო პროგრამები ემსახურება ისეთი მკვლევარის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს ახალი ცოდნის შექმნის მიზნით დაგეგმოს და განახორციელოს კვლევა დამოუკიდებლად და წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში.  კავკასიის სადოქტორო სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთგულად დაიცავენ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში სხვადასხვა მიმართულებით. სკოლის კურსდამთავრებულები მოღვაწეობას განაგრძობენ როგორც მეცნიერები, მკვლევარები, პოლიტიკის შემქმნელები და ლიდერები.