ქვეყნის სიმდიდრე, ფინანსური აღრიცხვის ინფრასტრუქტურა და ფინანსური ინფორმაციის ხარისხი: საერთაშორისო ანალიზი
პროექტის ხელმძღვანელი ერეკლე პირველი, CSB, ასოცირებული პროფესორი
წინამდებარე კვლევითი პროექტის მიზანია ნათელი მოჰფინოს თუ რატომ აქვეყნებენ მდიდარი ეკონომიკის მქონე ქვეყნები უკეთეს მენეჯერულ, მაგრამ ექვივალენტურად გამოსადეგ ფინანსურ ინფორმაციას ღარიბ ქვეყნებთან შედარებით. წინარე ლიტერატურის თანახმად, ქვეყნის სიმდიდრე უნდა ასოცირდებოდეს ფინანსური აღრიცხვის უკეთეს ინფრასტრუქტურასთან, რაც, თავის მხრივ, ფინანსური ინფორმაციის უკეთეს ხარისხში უნდა აისახებოდეს. ამ ინტუიციაზე დაყრდნობილ თეორიულ მოსაზრებასთან ნაწილობივ შეუსაბამოდ, Pirveli and Zimmermann (forthcoming)-ის კვლევა, 40 ქვეყნის კაპიტალის ბაზრის მასშტაბით ემპირიულად წარმოაჩენს, რომ მდიდარი ქვეყნები აქვეყნებენ უფრო კონტროლზე-ორიენტირებულ (მენეჯერულ) და დაახლოებით იმავე დონის შეფასებაზე-ორიენტირებულ (ფინანსურ) საბუღალტრო ინფორმაციას ვიდრე ღარიბი ქვეყნები. აღნიშნული მიგნების მიზეზების დასადგენად, წინამდებარე კვლევითი პროექტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების ინფრასტრუქტურის ინდექსის შემუშავება, რომელიც დაფარავს საბუღალტრო, ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ სისტემებს. ფინანსური ანგარიშგების ინფრასტრუქტურის ინდექსის ჩამოყალიბება დაგვეხმარება იმის გაგებაში თუ სად წყდება კავშირი ქვეყნის სიმდიდრესა და ფინანსური ინფორმაციის ხარისხს შორის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის სიმდიდრე არ უზრუნველყოფს ფინანსური აღრიცხვისათვის საჭირო უკეთეს ინფრასტრუქტურას, თუ ეს კავშირი არსებობს, მაგრამ თავად ინფრასტრუქტურა ვერ განაპირობებს ფინანსური ინფორმაციის უკეთეს ხარისხს? შედეგები საინტერესო უნდა იყოს როგორც მეცნიერებისა და ინვესტორებისათვის, ასევე პოლიტიკისა და სტანდარტების გამტარებელთათვისაც.