საგრანტო განაცხადის წარმოდგენის წესი

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის წესი

 

I. ზოგადი დებულებები

 

  1. წინამდებარე წესი არეგულირებს კავკასიის უნივერსიტეტის სახელით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს, ასევე პირის მიერ, ინდივიდუალური გრანტის შეტანისას უნივერსიტეტის ინფორმირების საჭიროების შემთხვევებს.
  2. საგრანტო განაცხადის წარმოდგენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, რომლებსაც არ არეგულირებს წინამდებარე დოკუმენტი, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და კავკასიის უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

 

 II. საგრანტო განაცხადის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირები

 

  1. კავკასიის უნივერსიტეტის სახელით, საგრანტო პროექტის ინიცირება ადგილობრივ ან საერთაშორისო დონორთან წარსადგენად, დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების დაცვისა და შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ;
  2. საგრანტო პროექტებში მონაწილეობისა და საგრანტო განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო, მოწვეულ პერსონალს ან/და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე გამონაკლის შემთხვევებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს, თუ პროექტის მიზნები შეესაბამება უნივერსიტეტის ინტერესებს და ამართლებს პროექტში სტუდენტის ჩართულობას.

 

III. განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირი

 

  1. საგრანტო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში.
  2. საგრანტო განაცხადის მიღება შესაძლებელია როგორც ელექტრონული სახით, ელ.ფოსტაზე - imelua@cu.edu.ge, ასევე ორიგინალი დოკუმენტების წარმოდგენით კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, პაატა სააკაძის ქ.N1, ოთახი B 25.

 

IV. საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ვადა და განაცხადის პირობები

 

  1. საგრანტო განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის შეტანისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ მიიღოს და არ განიხილოს დაგვიანებით წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი.
  2. საგრანტო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    • ინფორმაცია საგრანტო კონკურსის განმცხადებელი (დონორი ორგანიზაცია) ორგანოსა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ
    • კონკურსის ბოლო ვადა
    • პროექტის სახელი და პროექტის ხანგრძლივობა
    • საპროექტო წინადადების მოკლე აღწერა
    • საერთო ბიუჯეტი და ბიუჯეტიდან კავკასიის უნივერსიტეტის წილი
    • თანადაფინანსება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    • პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ზედნადები ხარჯი
  3. განაცხადის ფორმა დანართი N1-ის სახით, თან ერთვის წინამდებარე წესს

 

V. განცხადების განხილვის ვადა და გადაწყვეტილების მიღების წესი

 

  1. კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი, შემოსულ განცხადებას განიხილავს მიღებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში;
  2. იმ შემთხვევაში, თუ საგრანტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესში მითითებულ პირობებს, მოხდება მისი განხილვა და შეფასება.
  3. განცხადების დაკმაყოფილებაზე, ან დაკმაყოფილების შესახებ უარზე, საბოლოო გადაწყვეტილებას, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორი.
  4. დასაბუთებული გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის შემომტან პირს, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ეცნობება, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
  5. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, განაცხადის შემომტანი პირი ვალდებულია, მას შემდეგ რაც იგი დაასრულებს პროექტზე მუშაობას, პროექტის საბოლოო ვარიანტი, ამ წესის III მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგინოს კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს.

 

VI. ინდივიდუალური გრანტის შეტანის წესი

 

  1. პირი ვალდებულია, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია ინდივიდუალური საგრანტო პროექტის ინიცირების შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ესაჭიროება კავკასიის უნივერსიტეტისაგან რაიმე ოფიციალური დოკუმენტის გაცემა (დასტური, მხარდაჭერის წერილი და სხვა);
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის არსებობისას, პირი ვალდებულია ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტს მიაწოდოს ამ წესის III მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ფორმა.