კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 2009 წელს დაფუძნდა. სკოლაში ამჟამად ექვსი საბაკალავრო (ევროპისმცოდნეობა, ისტორია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია) და ორი სამაგისტრო პროგრამა (კლინიკური ფსიქოლოგია და კლინიკური არტთერაპია) მოქმედებს, რომლებზეც ჯამში 1000 სტუდენტზე მეტი ირიცხება.
სტუდენტების განათლებაზე არაერთი გამოცდილი, წარმატებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ზრუნავს, რომელთა პროფესიონალიზმი ქართულ და უცხოურ სამეცნიერო წრეების მიერ არის აღიარებული.
სკოლისთვის პრიორიტეტია განათლების მაღალი ხარისხი. ამიტომ, იგი ცდილობს შექმნას ისეთი დინამიური გარემო, სადაც სტუდენტები თანამედროვე ცოდნას შეიძენენ და სამყაროში დღეს არსებული ინტელექტუალური გამოწვევებისთვის მოემზადებიან. ამას უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით არის შექმნილი და ქართული და უცხოური სამეცნიერო მიღწევების სინთეზს წარმოადგენს.
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციის თანამშრომლების გაცვლის კუთხით.
სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა, როგორც ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში არსებულ, ისე ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus +” გაცვლით პროგრამებში. კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას პარტნიორი უნივერსიტეტების საკმაოდ ფართე ქსელი გააჩნია, რომელიც მოიცავს როგორც ევროპის (University for Foreigners of Siena - იტალია, Mykolas Romeris University, LCC International University - ლიეტუვა, Baltic International Academy - ლატვია, Adam Mickiewicz University, Collegium Civitas - პოლონეთ და სხვ.), ისე ამერიკის შეერთებული შტატების (Fairleigh Dickinson University, New Jersey City University, Carlow University და სხვ.) და აზიის უნივერსიტეტებს (Hunan University of Humanities,Science and Technology, University of Saint Joseph - ჩინეთი, DE LA SALLE University - ფილიპინები).
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შემოქმედებით და სპორტულ ღონისძიებებში. სკოლაში მოქმედებს თვითმმართველობა. სკოლის სტუდენტები ჩართულები არიან კავკასიის უნივერსიტეტის „ლიტერატურული კლუბის“ და „თეატრალური დასის“ საქმიანობაში.