კავკასიის განათლების სკოლა

 

კავკასიის განათლების სკოლის ფორმირებაზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო, 2019 წლის სექტემბერში კი უკვე დაფუძნდა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში მე-10 სკოლაა. მისი შექმნის მთავარი გამოწვევა განათლების სფეროში ისეთი კადრების მომზადება და სხვადასხვა კვლევითი, საგანმანათლებლო თუ დამხმარე ხასიათის პროექტების, პროგრამების და პროდუქტების შექმნაა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამდენად, სკოლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში გადაწყდა მუშაობის წარმართვა და საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა განათლების პოლიტიკის,  მენეჯმენტის და პედაგოგიკის მიმართულებებით, რადგან სწორედ ასეთი ფორმატი უზრუნველყოფს თითოეული ამ მიმართულების სრულფასოვან განვითარებას და წარმატებას.

 

სკოლის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის კუთხით, პირველი ნაბიჯი პედაგოგიკის მიმართულებით გადაიდგა, 2019 წლის 7 მარტს  აკრედიტაცია გაიარა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამამ, რომელიც ფოკუსირებულია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე და ეყრდნობა ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით განხორციელებული ყველაზე წარმატებული პროექტის - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ექვსწლიან გამოცდილებას.

 

პროგრამის აკრედიტაციის პროცესშივე აღინიშნა მისი არაერთი უპირატესობა - კურიკულუმის დიზაინის ეფექტურობა, განმახორციელებელი გუნდის ნოვატორული პოტენციალი და გამოცდილება, პირველი კურსიდანვე დაწყებული სასკოლო პრაქტიკასა და პრაქტიკის კვლევაზე დიდი აქცენტი, რაც მიმართულია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში კონვერტირების უნარის გამომუშავებისკენ, წიგნიერებაზე და სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე ფოკუსირებული სასწავლო დისციპლინების გარდა ისეთი აქტუალური სასწავლო კურსების დანერგვა, როგორიცაა რემედიაციული სწავლება, კონფლიქტების მართვა და არაძალადობრივი გარემოს ფორმირება, დემოკრატიული კულტურა და ადამიანის უფლებები და სხვა.

 

განათლების სკოლა პედაგოგიკის მიმართულებით დაინტერესებულ აუდიტორიას მალე შესთავაზებს პედაგოგის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას, როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლობის მსურველებისთვის.

 

სკოლის სტრატეგიული გეგმებიდან გამომდინარე მზადდება სამაგისტრო პროგრამა განათლების პოლიტიკის და განათლების მენეჯმენტის მიმართულებებით. აღნიშნული პროგრამების შემუშავებაში ჩართული არიან ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევითი და აკადემიური საქმიანობის, ასევე ნოვატორული და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების სპეციალისტები. სკოლა უკვე დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი აფილირებული აკადემიური პერსონალით.

 

არაქართულენოვანი სკოლების სკოლადამთავრებული აბიტურიენტებისათვის ქართულენოვან პროგრამებზე სწავლის გაგრძელების თანაბარი სასტარტო პირობების შექმნისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით სკოლის ფარგლებში 2020 წლის 29 დეკემბერს აკრედიტაცია გაიარა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ. 

 

კავკასიის განათლების სკოლას მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია მრავალ საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თუ ორგანიზაციებთან. სკოლისთვის, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და ლექტორების მონაწილეობა.

 

სკოლის პროგრამები სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან, შრომის ბაზრის, დარგის და ქვეყნის განვითარების მოთხოვნებთან, რაც სრულფასოვნად პასუხობს უნივერსიტეტის დევიზს „ცოდნა თავისუფლების საწინდარია“.