პროექტის შესახებ

 

2024 წლის ივლისში, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სამწლიანმა პროექტმა „ევროპული იდეოლოგიებისა და ღირებულებების სწავლება საქართველოში“ერასმუს+-ის ჟან მონეს მოდულის კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი გიორგი ცხადაია.

 

პროექტის მიზანია ევროპული პარტიების იდეოლოგიებისა და ღირებულებების სწავლება და კვლევა საქართველოში. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამების ბაკალავრიატის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ პროექტის ავტორის მიერ მომზადებული სასწავლო კურსები. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სილაბუსები სახელმწიფო მართვის სკოლის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებისთვის.

 

სასწავლო კურსების შემუშავებისა და სწავლების გარდა, პროექტი ითვალისწინებს საზაფხულო სემინარისა და კონფერენციის ჩატარებას ევროპული პარტიების იდეოლოგიებსა და ღირებულებებზე. ასევე, პროექტის ფარგლებში მოცემულ თემაზე ჩატარდება კვლევა და მომზადდება გამოსაცემად აკადემიურ ჟურნალში.

 

საბაკალავრო კურსებისა და საზაფხულო სემინარის სასწავლო გეგმის ინოვაცია გამოიხატება იმით, რომ ის გააერთიანებს ევროპული იდეოლოგიების შესწავლის სამ განსხვავებულ ასპექტს. პირველ რიგში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ როლზე, რასაც ევროპული პარტიები თამაშობენ ევროკავშირის პოლიტიკაში. მეორე, განხილული იქნება ძირითადი პოლიტიკური პარტიების ეროვნული წარმომავლობა და ხაზგასმული იქნება იდეებისა და ღირებულებების მრავალფეროვნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მესამე, მოხდება ევროპულ დონეზე არსებული საერთო იდეოლოგიური პრინციპებისა და ღირებულებების განხილვა და გაანალიზება.