ქეთევან ომანაძე, DBA, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მრავალწლიან გამოცდილებას როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკული ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროში. იგი აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული (2025).
პროფესორ ომანაძის კვლევითი ინტერესები უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის ანტიკრიზისულ მენეჯმენტს, პირველად ჯანდაცვას, ჰოსპიტალურ სერვისებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. მისი ბიბლიოგრაფია მოიცავს არაერთ სამეცნიერო ნაშრომს, რომლებიც გამოქვეყნებულია წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში.
მას აქვს ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს: იყო „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ პაციენტთა ნაკადების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
ქეთევან ომანაძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2010 წ.), მოგვიანებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით (2014 წ.), ხოლო 2024 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბიზნესის ადმინისტრირებაში. მისი მრავალმხრივი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება განაპირობებს მის კომპეტენციას ჯანდაცვის სისტემების მართვისა და სამეცნიერო განვითარების საკითხებში.
