2026 წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებული შიდა საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტები

11 ივნისი 2026

კვლევითი საქმიანობის შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში დამტკიცდა 6 კვლევითი პროექტი, რომლებიც აერთიანებს სამართლის, ბიზნესის და, მედიცინის მიმართულებებს და მიზნად ისახავს ახალი ცოდნის შექმნას, კვლევითი შედეგების პრაქტიკულ გამოყენებასა და სასწავლო პროცესის გაძლიერებას. აღნიშნული პროექტებია:

 

1. სამართლებრივი წერისა და კვლევის სტანდარტები მაგისტრანტებისთვის — სახელმძღვანელო

 

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან მოსახლიშვილი

 

მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს სამართლის მაგისტრატურის საფეხურზე ორიენტირებული ახალი სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც გააერთიანებს სამართლებრივი კვლევისა და აკადემიური წერის ძირითად სტანდარტებს. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში სამეცნიერო და მეთოდოლოგიური რესურსის განვითარებას, ასევე სტუდენტებისთვის სამართლებრივი კვლევის ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებას.

 

2. საცალო ფასების დინამიკა და ფასების ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორები განვითარებად ბაზარზე: თბილისის FMCG სექტორის მაგალითი

 

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი დავით წიკლაური

 

მოკლე აღწერა: კვლევა შეისწავლის თბილისის FMCG ბაზარზე საცალო ფასების დინამიკასა და ფასების ცვლილებების განმაპირობებელ ფაქტორებს მაღაზიის დონეზე შეგროვებული მონაცემების საფუძველზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 80–100 ფართოდ მოხმარებადი პროდუქტის ფასების ექვსთვიანი მონიტორინგი თბილისის 15–20 მაღაზიაში, საცალო ფასების ინდექსის აგება და მისი შედარება ოფიციალურ სამომხმარებლო ფასების ინდექსთან. კვლევა დაეხმარება იმის შეფასებას, ფასების ცვლილება უფრო მეტად მაკროეკონომიკური ფაქტორებით, ხარჯებით თუ საცალო მარჟების დინამიკით არის განპირობებული. შედეგები პრაქტიკულად მნიშვნელოვანი იქნება კონკურენციის პოლიტიკის, მომხმარებელთა დაცვისა და სასწავლო პროცესისთვის ბიზნეს ქეისის ფორმით.

 

3. „მოძღვრება დანაშაულისა და სასჯელის შესახებ თინათინ წერეთლის პირადი არქივის მიხედვით“

 

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან დარბაიძე

 

მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს პროფესორ თინათინ წერეთლის პირად არქივში დაცული, საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ნაკლებად ცნობილი ხელნაწერებისა და სამუშაო ჩანაწერების სისტემურ კვლევას. კვლევა შეეხება ბრალის თეორიას, სისხლის სამართლის ფილოსოფიურ საფუძვლებს, სამართლიანობისა და მორალის ურთიერთმიმართებას და სამართლის ლეგიტიმაციის საკითხებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მასალების იდენტიფიცირება, ტექსტოლოგიური ანალიზი, თემატური კლასიფიკაცია და კონცეპტუალური გააზრება. საბოლოო შედეგი იქნება აკადემიური სტანდარტების შესაბამისად მომზადებული სამეცნიერო მონოგრაფია, რომელიც გაამდიდრებს ქართული სამართლის ფილოსოფიისა და სამართლის ისტორიის კვლევით სივრცეს.

 

4. სელენის დეფიციტის გამოვლენა და შემდგომში კორექცია ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტის დროს

 

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნათია ქათამაძე

 

მოკლე აღწერა: კვლევითი პროექტი ეძღვნება სელენის დეფიციტის გამოვლენასა და კორექციის შესაძლებლობების შესწავლას ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტის დროს. სელენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმსა და ქსოვილის ოქსიდაციური სტრესისგან დაცვაში. პროექტი ხელს შეუწყობს სელენის დეფიციტის დროულ იდენტიფიცირებას, პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების უკეთ დაგეგმვას, პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.

 

5. ადამიანზე ორიენტირებული სამუშაო პროდუქტიულობა და შემოქმედებითი შესრულება ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ სამუშაო გარემოში

 

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი თეო ნეფარიძე

 

მოკლე აღწერა: პროექტი შეისწავლის, როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული სამუშაო გარემო ადამიანის პროდუქტიულობასა და შემოქმედებით შესრულებაზე. კვლევის ყურადღების ცენტრშია არა მხოლოდ AI-ის გავლენა სამუშაოს სისწრაფეზე, სიზუსტესა და შედეგების რაოდენობაზე, არამედ ადამიანის აგენტობა, შემოქმედებითი თვითრწმენა, კოგნიტური პროცესები, იდეების ორიგინალურობა, ავტორობა და პასუხისმგებლობა. პროექტი მიზნად ისახავს იმ პირობების გამოკვეთას, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აძლიერებს და არ ამცირებს ადამიანის შემოქმედებით პოტენციალსა და მდგრად სამუშაო შესრულებას.

 

6. ლიდერობის სტილი, როგორც შუამავალი ფაქტორი ჰოფსტედეს კოლექტივისტურ კულტურასა და მდგრად ორგანიზაციულ პრაქტიკებს შორის: ფოკუსი მმართველობასა და ეთიკაზე

 

კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი მირანდა ცინცქილაძე

 

მოკლე აღწერა: კვლევა განიხილავს ლიდერობის სტილს, როგორც შუამავალ ფაქტორს კოლექტივისტურ კულტურასა და მდგრად ორგანიზაციულ პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებული აქცენტით მმართველობასა და ეთიკაზე. პროექტი შეისწავლის, როგორ უწყობს ხელს ეთიკური და გამჭვირვალე ლიდერობა მდგრადი მმართველობის მექანიზმების, ორგანიზაციული რეპუტაციისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებას. საქართველოს ორგანიზაციების კონტექსტზე ფოკუსირებით, კვლევა მიზნად ისახავს პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც დაეხმარება ორგანიზაციებს საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტებთან და რეგულაციებთან უკეთ შესაბამისობაში.