ქართული ენის დღეების შემაჯამებელი ღონისძიება

12 April 2025

12 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ვიდეომიმართვით მიულოცა დამსწრე აუდიტორიას ქართული ენის დღე და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე.

 

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეორე მდივანმა, საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელმა რენატას დელისმა; პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არტურ გებალმა; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ.

 

პროექტის ავტორმა, პროფ. მარიამ მანჯგალაძემ ისაუბრა კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვის შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილია ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, სამეცნიერო თუ შემეცნებითი ღონისძიებების, ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონური შეხვედრების, ვიქტორინების და სხვ. ჩატარება.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“ გადაეცა ქართველ მწერალს, ინდივიდუალური ხელწერის მქონე პოეტს, ფილოლოგ ბესიკ ხარანაულს ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის.  

 

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ბესიკ ხარანაულის ხელნაკეთი წიგნი, რომელიც გამოიცა პოლონეთში, ფონდ „პოგრანიჩიესთან“ თანამშრომლობით. ასევე, ბესიკ ხარანაულის ლექსების ლიეტუვური თარგმანები (გამოიცემა ლიეტუვაში კავკასიის უნივერსიტეტისა და ლიეტუვის მწერალთა კავშირთან თანამშრომლობით).

 

დაჯილდოვდნენ ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონის მონაწილე სტუდენტთაგან საუკეთესო ნამუშევრების მქონე ავტორები. გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცეს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეორე მდივანმა, საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელმა რენატას დელისმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არტურ გებალმა.

 

საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა, რომ დაეთვალიერებინა ზემოაღნიშნულ სალონში მონაწილეთა ნამუშევრების  გამოფენა.

 

ღონისძიების დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა შეასრულეს სხვადასხვა ნომრები.

 

პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“  მხარდამჭერები იყვნენ:

 

  • ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
  • პროფ. ვილია თარგამაძე - ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი
  • ლიეტუვის მწერალთა კავშირი
  • ფონდი „Pogranicze – sztuk, kultur, narodów” (პოლონეთი)
  • საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია
  • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა