8 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში Erasmus+ ჟან მონეს პროექტის "ევროპული სწავლების სამკუთხედი" (TEESS) ფარგლებში ჩატარდა ევროპის დღის აღმნიშვნელი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სკოლის ადმინისტრაცია და პროექტის ექსპერტები, რომლებმაც შეაჯამეს ჩატარებული სამუშაოები, იმსჯელეს პროექტის კონკრეტული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. სტუდენტებმა, სკოლებში ჩატარებული ვორქშოპების მიმართ გამოხატული ინტერესის შესაბამისად, ასევე პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, წარმოადგინეს პრეზენტაციები ასოცირების შეთანხმების ძირითადი საკითხების შესახებ. ღონისძიება მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის Erasmus+ ჟან მონეს პროექტთან "ევროკავშირის სამართლებრივი სახე" (LFEU) თანამშრომლობით. სტუდენტებმა და ექსპერტებმა განიხილეს თითოეული ნაშრომი, სტუდენტთა ნამუშევრები შეფასდა დადებითად. სამომავლოდ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი გამოყენება სკოლებში სტუდენტების მიერ ასოცირების შეთანხმების შესახებ თემატური შეხვედრების ჩატარებისათვის.
ევროპის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებას სტუმრობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი კავკასიის უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ Erasmus+ სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით. ღონისძიება გაშუქდა გადაცემაში „ევროპის დროით“.