27 აპრილს, Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs – „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში დაინტერესებულ მხარეთა შორის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც CENN-მა (Caucasus Environmental NGO Network) უმასპინძლა. CENN საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც გარემოსდაცვითი მდგრადობისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით მუშაობს.
ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ტრენინგების, კვლევითი საქმიანობებისა და რეგიონული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SME) საგრანტო პროგრამების განხორციელებაში, ასევე, ცნობილი კონკურსის „კეცხოველის პრემიის“ ორგანიზებაში.
შეხვედრის ფარგლებში, პროექტის „ENRICHER Hubs“ წარმომადგენელმა, ნინო ტიგიშვილმა, CENN-ის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერსა და პროექტის მენეჯერებს პროექტის მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო. დისკუსია ფოკუსირებული იყო თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებსა და მწვანე ტურიზმის ჰაბების (Green Tourism Hubs) გაძლიერებაში დაინტერესებული მხარეების როლზე.
CENN-ის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისა და პროექტის აქტივობებში ჩართულობის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. ამავდროულად, მათ ხაზი გაუსვეს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას მწვანე ტურიზმის ჰაბების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, კითხვები დაისვა პოტენციური პარტნიორობის ფარგლებში ინსტიტუციურ პასუხისმგებლობაზე. კერძოდ, თავად ჰაბი იქნებოდა პასუხისმგებელი აქტივობებისა და შედეგების მართვაზე, თუ უნივერსიტეტი.
კიდევ ერთი საკვანძო თემა, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, სტუდენტთა ჩართულობას ეხებოდა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სტუდენტების აქტიური მონაწილეობის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ჰაბის საქმიანობა ხშირად გამიჯნულია ოფიციალური საგანმანათლებლო კურიკულუმისგან. აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია ჰაბის აქტივობების უფრო მჭიდრო ინტეგრაცია აკადემიურ პროგრამებთან.
