პროექტის შესახებ

 

მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში

 

2023 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიისა და განათლების სკოლების თანამშრომლობით მომზადებულმა სამწლიანმა პროექტმა „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში“ გაიმარჯვა Erasmus+-ის პროგრამის ჟან მონეს მოდულის კონკურსში. პროექტის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კავკასიის მედიის სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჯოლოგუა.

 

პროექტის ძირითად მიზნებს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია და სწავლებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

პროექტის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დაინტერესებულ ბენეფიციარებს  შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ და გაიღრმაონ ცოდნა მედიაწიგნიერების ფორმალურ საგანმანათლებლო სფეროში ინტეგრირების ევროპული მოდელების შესახებ. 3 წლიანი პროგრამის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება:

 

  • კავკასიის განათლების სკოლის სტუდენტებისთვის ახალი საგნის „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელები“ შემუშავება და სწავლება;

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ორგანიზებით უფროსკლასელთა საზაფხულო სკოლის „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ გამართვა;

 

  • ყოველთვიური შეხვედრების ჩატარება სკოლის მასწავლებლებთან სასკოლო განათლებაში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების ევროპული მიდგომებისა და მოდელების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით;

 

  • გრძელვადიანი კვლევის ჩატარება იმის შესასწავლად, თუ მედიაწიგნიერების აკადემიურ სფეროში ინტეგრირების რომელი ევროპული მოდელი შეიძლება იყოს მეტად ეფექტური საქართველოში.