Success Story

თინათინ ბაქრაძე

 

Budapest Metropolitan University, Hungary

 

კავკასიის მედიის სკოლა

 

საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის შანსი ხელიდან არავინ უნდა გაუშვას. უცხო კულტურა, ახალი მეგობრები, ლექტორები და განსხვავებული სასწავლო გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე. პირველივე კურსიდან მოუთმენლად ველოდი "ერაზმუსის" პროგრამის გამოცხადებას და ძალინ ბედნიერი ვიყავი, როცა ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში მიმიღეს. ეს სასწავლებელი უცხოელ სტუდენტთა სიმრავლით გამოირჩევა და მორგებულია თანამედროვე სასწავლო მეთოდებს. უკვე ვიცი, რომ აქ გატარებული ერთი სემესტრი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება. 


ანა მარტიაშვილი

 

Lille Catholic University, France

კავკასიის ბიზნესის სკოლა

 

საფრანგეთში გამგზავრება ნამდვილად არ ყოფილა დაგეგმილი, ეს იყო სპონტანური აზრის გაელვება, რომელიც რამდენიმე თვეში რეალობად იქცა. აღუწერელია ბედნიერი და სასიამოვნო მომენტები: გავიცანი ბევრი ეროვნების ადამიანი, ვიმოგზაურე ევროპის ქვეყნებში  და  შევიძინე ახალი თვისებები და უნარები. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ გაცვლით სტუდენტებს  (სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს) იუმორიც კი , ის რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და გვაკავშირებს, განსხვავებული გვექნებოდა. 
ერთადერთ დაბრკოლებას, რომელსაც გადავაწყდი იყო უცხო გარემოსთან შეგუება. ახალი ცხოვრების რიტმი და სწავლის სისტემა, მაგრამ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
ერაზმუს+ ის გაცვლითმა პროგრამამ მომცა საშუალება განვვითარებულიყავი როგორც პიროვნება , მქონოდა დაუვიწყარი თავგადასავლები და განცდები.


ლუკა ფოცხიშვილი

 

University of Valladolid, Spain

კავკასიის ბიზნესის სკოლა

 

ვალადოლიდში ცხოვრება და სწავლა შეუდარებელი გამოცდილებაა. ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა არა მარტო კარიერული წინსვლის დასაბამია, არამედ პიროვნული განვითარებისაც. წინასწარ რთული ჩანდა დამოუკიდებლად ცხოვრება 5 თვის განმავლობაში, მაგრამ  უნივერსიტეტს ისეთი ატმოსფერო აქვს, რომ ადაპტირება მაქსიმალურად მარტივი ხდება. ჩემი აზრით, ერაზმუსის პროგრამაში მონაწილეობა ისეთი გამოცდილებაა, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ყველა პერსპექტიულმა და ამბიციურმა სტუდენტმა უნდა მიიღოს, რადგან პროექტის შემდეგ ფაქტიურად უფრო მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, დამოუკიდებელი და ენერგიული უბრუნდები სამშობლოს.


მარიამ ნინიკელაშვილი

 

Lille Catholic University, France

კავკასიის ბიზნესის სკოლა

 

ჯერ კიდევ საფრანგეთში ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ წინ მრავალი საინტერესო და ფერადი თავგადასავალი მელოდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.განსხვავებულმა სასწავლო სისტემამ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებთან კონტაქტმა, ადგილობრივმა ლექტორებმა, ფრანგებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ, მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა და გარკვეული წვლილი შეიტანა ჩემი როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების საკითხში.საფრანგეთში სწავლა და დამოუკიდებლად ცხოვრება უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის. ვფიქრობ, ჩემი პიროვნული თვისებები და სიახლეებისადმი სწრაფვა დამეხმარა მარტივად დამეძლია ცხოვრების ეს ახალი ეტაპი. მიმაჩნია, რომ საფრანგეთი საუკეთესო ადგილია სტუდენტური ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის. აქ წამოსვალა ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში


University of Valladolid, Spain

 

ჯუბა ყურაშვილი

კავკასიის ბიზნესის სკოლა

 

გაცვლითი პროგრამის მთავარი გამოწვევა ჩემთვის იყო დამოუკიდებელი ცხოვრება, საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა კი გამიადვილა მიზანმა, მიმეღო ევროპული ცხოვრების გამოცდილება და მაღალი ხარისხის განათლება. ესპანელები საოცრად თბილი, პოზიტიური ადამიანები არიან და აქვთ იდეალურთან მიახლოვებული საზოგადოებრივი კულტურა. აქ დავინახე როგორი მინდა იყოს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება. განათლება ესპანეთში არის პრაქტიკაზე ორიენტირებული, რაც ძალიან მომწონს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები, კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამასთან სრულად თავსებადია.
მადლობა ერასმუსის პროგრამასა და კავკასიის უნივერსიტეტს ასეთი შესაძლებლობის მოცემისთვის!


Lille Catholic University, France

იმა-შალომ ქათამაძე, ირინა მუგდუსი, ანა ასლამაზაშვილი, რევაზ მაისურაძე, თორნიკე კვინიკაძე, ანა გორდულაძე

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა/ კავკასიის ეკონომიკის სკოლა/ კავკასიის სამართლის სკოლა

 

ევროპაში, კერძოდ კი, საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით წასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია, სადაც სტუდენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. მოგვეცა შანსი მიგვეღო უდიდესი გამოცდილება, როგორც განსხვავებულ გარემოში სწავლის, ასევე ცხოვრების და პირადი განვითარების კუთხით. სწავლის სისტემა, ლექტორები, გრაფიკი, ყველაფერი ახალი და განსხვავებულია. ავითვისეთ ენა, გავიცანით უამრავი სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან, შევიძინეთ მეგობრები და ვისწავლეთ დამოუკიდებლობა, რაც აუცილებლად აისახება ჩვენს მომავალსა და კარიერაზე. დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის, იმისთვის რომ ძალიან წარმატებულია ერაზმუსის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით და გვაძლევს შანსს, თუნდაც ერთი სემესტრი გავატაროთ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ეს გამოცდილება ნამდვილად დაუვიწყარი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის!.


University of TUSCIA, Italy

ლილე ჯიქია, ანა პატაშური, ნათია თავდგირიძე, სულხან თებიძე, თეონა ფევაძე, თამარ სურმანიძე

კავკასიის ბიზნესის სკოლა / კავკასიის ეკონომიკის სკოლა

 

ერაზმუსმა მოგვცა შანსი იმისა, რომ წავსულიყავით საზღვარგარეთ და

გავცნობოდით ცხოვრების რადიკალურად განსხვავებულ სტილს. ეს არის ახალი

აღმოჩენების პერიოდი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ახალი გამოწვევები, ბევრი

მეგობარი, თავგადასავლები, შესაძლებლობა კარიერული განვითარებისა და პიროვნული

ზრდისთვის. მეტიც, ჩვენ გვეძლევა საშუალება იმისა, რომ აქ მიღებული ცოდნა

დაბრუნებისთანავე გამოვიყენოთ სამშობლოს წინსვლისთვის.


FH JOANNEUM University of Applied Sciences, Graz, Austria 

გიგა კუთხაშვილი

Servus!

ევროპის გულში განათლების თუნდაც ერთი სემესტრით მიღება და უცხოელ  სტუდენტებთან ყოველდღიური კონტაქტი უნიკალური და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა. მუდმივად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან ინფორმაციის მიმოცვლა ავსტრიაში ყოფნას ნამდვილად საინტერესოს ხდის. ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ჩემს პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. დღეს უკვე ღიმილს მგვრის წამოსვლამდე განცდილი მღელვარება, რადგან აქაური გარემო არაფერია თუ არა ის, საითაც საქართველო მიისწრაფვის.


University of Szczecin, Poland

გუგა ჯულუხიძე                                                                                                                                                                  

4

მიუხედავად იმისა, რომ შჩეჩინის უნივერსიტეტი მხოლოდ 25 წლის წინ დაარსდა, აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი ძალიან ბევრ კვლევით შესაძლებლობას გთავაზობს: ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, სამეცნიერო კონფერეციებსა და სემინარებს. ჩემთვის, როგორც დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტისათვის უმნიშვნელოვანესი იყო პირდაპირი კონტაქტი აკადემიურ პერსონალთან და მათთან მუდმივი კონსულტაცია. გარდა ამისა, უნივერსიტეტი მუდმივად ხელს გიწყობს სადოქტორო კვლევისათვის აუცილებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში სრულიად პოლონეთის მასშტაბით.

გამომდინარე იქიდან, რომ მომეცა საშუალება მყოლოდა ადგილობრივი სამეცნიერო ხელმძღვანელიც, მნიშვნელოვნად გამიმარტივდა უნივერსიტეტთან ადაპტაცია და რაც მთავარია, ნაყოფიერი კვლევის ჩატარება.

ერთი სიტყვით, შჩეჩინის უნივერსიტეტმა სრულად გაამართლა ის მოლოდინი, რომელიც მე, სადოქტორო საფეხურის სტუდენტს და ამავდროულად მკვლევარს შეიძლებოდა ჰქონოდა.


Lille Catholic University, France 

თეონა ხელაძე

 

უცხო ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება გამოწვევა იყი ჩემთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ეს გამოწვევაც დავძლიე. ფრანგებთან ურთიერთობა, განსხვავებული სწავლის მეთოდი, უცხოელი ლექტორები და სტუდენტები, მსოფლიო ქალაქებიდან, ჩემი ცხოვრების დიდი სიახლე იყო, რაც დამეხმარა როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ გაზრდასა და განვითარებაში. ეს გამოცდილება, ვფიქრობ, დიდი ნაბიჯი იქნება ჩემი კარიერული წინსვლისთვის.


University of TUSCIA, Italy

მარიამ კასრაძე

თბილისიდან წამოსვლის დღეს, ჯერ კიდევ თვითმფრინავის აფრენის მომენტში ვიგრძენი, რომ რაღაც საოცარ სიახლეში, თავგადასავალში ვდგამდი ფეხს და დღესაც, ყოველ დილით ამ შეგრძნებით ვიღვიძებ. უკვე წარმოუდგენლად ბევრი რამ მასწავლა უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრებამ და დარწმუნებული ვარ წინ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა მელის. 5 თვე შესაძლოა ძალიან დიდი დრო არ იყოს, თუმცა სრულიად საკმარისია საკუთარ თავში ცოტათი უფრო გაერკვე, პიროვნულად განვითარდე და ახალი იდეებით ავსებული დაბრუნდე საკუთარ ქვეყანაში.


University of Economics in Katowice, Poland

სალომე კაციტაძე

ერაზმუსი გვაძლევს უნიკალურ შანსს ვიცხოვროთ სრულიად დამოუკიდებლად ევროპის ზონაში და უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი. აქ ცხოვრების პერიოდში, ჩამომიყალიბდა განსხვავებული შეხედულებები და გავეცანი თანამედროვე ტრენდებს, რაც ვფიქრობ, სამომავლოდ გამომადგება კარიერულ წინსვლაში. რა თქმა უნდა, ამისათვის დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს.


KOC University, Turkey

ქეთევან გაგოშიძე

ნუცა წერეთელი

მიხეილ გოგუაძე

ელა სხრიტლაძე

ნათია ჭინჭარაული

ანასტასია მოწონელიძე

 

From CU to KU

კავკასიის უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა ბარგი ჩავალაგეთ და სტამბულში წამოვედით, რთული არ იყო ოჯახისა და მეგობრების დატოვება, რადგან მოუთმენლად ველოდით იმ თავგადასავალს, რომელსაც Erasmus+ის გაცვლითი პროგრამა ჰქვია და რომელზეც მხოლოდ სხვების გამოცდილებიდან თუ გვსმენოდა რაიმე.

 

Erasmus+ის გაცვლითი პროგრამა ჩვენთვის რატომღაც ყოველთვის ევროპასთან ასოცირდებოდა, თუმცა მოულოდნელად აზიისა და ევროპის გასაყარზე -  სტამბულში აღმოვჩნდით. ეს არის ქალაქი, რომელიც მხოლოდ ბოსფორის სრუტითა და აია სოფიით არ შემოიფარგლება, მსგავსი ტურისტული ადგილები მხოლოდ ფასადია, რომლის უკანაც, თუ კი შანსი მოგეცემათ, აუცილებლად უნდა შეიხედოთ, ჩვენ კი ამისთვის საკმარისზე მეტი დრო გვაქვს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს გაცვლით პროგრამას.

 

რაც შეეხება უნივერსიტეტს. ერთი სემესტრით თურქეთის მოწინავე უნივერსიტეტის სტუდენტები აღმოვჩნდით, რაც კიდევ ერთი ახალი გამოწვევაა ჩვენს ცხოვრებაში. ვსწავლობთ ბევრს, ვსწავლობთ საინტერესო საგნებს, გვყავს კვალიფიციური ლექტორები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ კომფორტულად გვაგრძნობინონ თავი, ჯერ კიდევ ჩვენთვის უცხო გარემოში, და ყოველთვის მზად არიან პასუხი გასცენ ჩვენს ნებისმიერ შეკითხვას.

 

მოგვწონს გარემო, მეგობრები, რომლებიც აქ შევიძინეთ, უნივერსიტეტის საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა, სადაც შეგვიძლია დღისა და ღამის ნებისმიერ დროს მივიდეთ და ვიმეცადინოთ. ვცდილობთ მაქსიმალურად დავტკბეთ თითოეული წამით და ახალი უნარებითა და გამოცდილებით დავბრუნდეთ უკან. უსიტყვოდ ვთანხმდებით, რომ აქ გატარებული ერთი სემესტრი სამუდამოდ დაილექება ჩვენს გონებაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დღეები, კვირები თუ თვეები.