პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი ამერიკულ ჟურნალში „Hospital Topics“ გამოქვეყნდა

14 ივლისი 2021

 

ამერიკულ გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში Hospital Topics გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Introducing Critical Incident Reporting System as an Indicator of Quality Healthcare in Georgia („კრიტიკული შემთხვევების  ანგარიშგების სისტემის, როგორც ჯანდაცვის ხარისხის შეფასების ინდიკატორის  დანერგვა საქართველოში").

 

ჟურნალი Hospital Topics უძველესი ამერიკული ჟურნალია და შეიქმნა 1922 წელს. იგი აღიარებულია როგორც ჰოსპიტალური მენეჯმენტის პირველი ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი, ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 1.1; იხ. https://www.scopus.com/sourceid/14058

 

კვლევა განხორციელდა აკად. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტთან მერამდენე წელია აკავშირებს მჭიდრო სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა.

კვლევის აღწერა:

კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა (CIRS) მსოფლიოში აღიარებულია, როგორც პაციენტის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პერსონალის დამოკიდებულება რისკებზე, გაზარდოს მათი სიფრთხილე და ყურადღება, ინფორმირებულობა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ნაშრომის მიზანია კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა საქართველოში. კვლევა განხორციელდა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, სადაც პირველად დაინერგა კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა. შესწავლილ იქნა ცენტრში 2015 – 2019 წლების პერიოდში კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის მონაცემების ანალიზი. კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ პერიოდში კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 43-დან 548-მდე. დარეგისტრირებული შემთხვევების ყოველწლიურ ზრდას ხელი შეუწყო სამედიცინო პერსონალზე ჩატარებულმა ტრენინგებმა. დაფიქსირებული კრიტიკული შემთხვევების ყოველწლიური ზრდა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ რეალურად მათი რაოდენობა უფრო მეტია. კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგებას ყველაზე ხშირად ახდენენ ექთნები (44%), თუმცა, ექიმთა ჩართულობა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება (28%). კრიტიკული შემთხვევების წარმოშობა უმთავრესად დაკავშირებულია პერსონალის პირად პასუხისმგებლობასთან, კერძოდ ინდივიდუალურ შეცდომებთან, ყურადღების ნაკლებობასთან და არსებული გაიდლაინების და სტანდარტების უგულებელყოფასთან, არასაკმარის კომპეტენციებთან, არადამაკმაყოფილებელი სიტყვიერი, წერილობითი ან სხვა სახის კომუნიკაციასთან ჯანდაცვის პროფესიულ ჯგუფებს შორის. შესაბამისად, კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის ანალიზი მნიშვნელოვანია სამედიცინო შეცდომების შესამცირებლად ცნობიერების ასამაღლებლად. კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კლინიკური რისკის მართვის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული შემთხვევების პოტენციური წყაროების გამოსავლენად და ხელს უწყობს სამედიცინო ორგანიზაციაში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კრიტიკული შემთხვევების კატეგორიზაცია საფრთხეების და წინასწარ დადგენილი მიზეზების მიხედვით ხელს უწყობს სამედიცინო ორგანიზაციის მოქმედების სფეროების გამოვლენას და შესაბამისად მის განვითარებას. ამგვარად, სასურველია კრიტიკული შემთხვევების ანგარიშგების სისტემის ფართოდ დანერგვა საქართველოს სამედიცინო ორგანიზაციებში.

 

სტატია იხილეთ ბმულზე

Tengiz Verulava, Revaz Jorbenadze, Ana Ghonghadze, Beka Dangadze. Introducing Critical Incident Reporting System as an Indicator of Quality Healthcare in Georgia. Hospital Topics. 2021. [Crossref] [Google Scholar]