CSG-ის ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან

25 დეკემბერი 2018

25 დეკემბერს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ადმინისტრაცია საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს შეხვდა.

 

სკოლის დეკანმა, ეკა აკობიამ სტუდენტებს გააცნო 2018 წლის განმავლობაში, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის პროცესში განხორციელებული, პროგრამის გაძლიერებაზე ორიენტირებული ცვლილებები. აღნიშნულ ცვლილებებს საფუძვლად ედო სტუდენტთა გამოკითხვები; სტუდენტთა სწავლის შედეგების ანალიზი, აკადემიური პერსონალის ჩართულობა, დისციპლინის განვითარების ტენდენციები და დამსაქმებელთა ბაზრის მოთხოვნები.

 

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიმართულებით აღინიშნა, რომ პროგრამას დაემატა თანამედროვე საგნები, გაძლიერდა დიპლომატიის ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისა და ევროკავშირის სწავლებასთან დაკავშირებული მიმართულებები; ასევე, უფრო მრავალფეროვანი გახდა არჩევითი საგნების მოდული და  ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების სწავლება.

 

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამაში გაძლიერდა პოლიტიკურ იდეათა სისტემებსა და იდეოლოგიებზე აქცენტი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკების სწავლება და საჯარო მმართველობის ცალკეული მიმართულებების სწავლება.

 

ორივე საბაკალავრო პროგრამაზე გაძლიერდა აკადემიური კვლევისა და წერითი უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული კომპონენტები.

 

აღნიშნული ცვლილებებით ეფექტურად მიიღწევა კავკასიის უნივერისტეტისა და სახელმწიფო მართვის სკოლის მიზანი, აღზარდოს მაღალი კვალიფიკაციის დარგობრივი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი კურსდამთავრებული ბაკალავრები.

 

პროგრამების ფარგლებში დაგეგმილმა სიახლეებმა სტუდენტთა მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.