29 სექტემბერს, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და Nispacee პრეზიდენტმა, ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაში.
ღონისძიებაზე შეჯამდა პროექტის წვლილი საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) განხორციელებაში, ასევე განხილულ იქნა PAR-ის სამომავლო დღის წესრიგი და აქტუალური თემები.
ღონისძიება გახსნა OECD SIGMA პროგრამის ხელმძღვანელმა გრეგორი ვირანტმა, რომელმაც ისაუბრა თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმა (PAR) ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში - კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება“. აღსანიშნავია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად ეყრდნობა SIGMA-ს მიერ შემუშავებული საჯარო ადმინისტრირების პრინციპების ჩარჩო დოკუმენტს, ხოლო EaP ქვეყნები მნიშვნელოვან ექსპერტულ დახმარებას იღებენ პროექტისგან ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად ეროვნული საჯარო მმართველობის რეფორმირების პროცესში.
ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „რა იგეგმება საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში?“ და ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმირების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯებისა და რესურსების გაძლიერებაზე.