14-15 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა მეორე საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციას “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“ უმასპინძლა.
კონფერენცია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაგრძელებაა, რაც თავის მხრივ, პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.
ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ 10-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, ჟან მონეს კათედრის EU-PPS ხელმძღვანელი, ჟან მონეს პროფესორი გურანდა ჭელიძე. 14 ნოემბერს მან კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: “საგანმანათლებლო პროგრამების ევროპეიზაცია როგორც უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მექანიზმი და დემოკრატიული საზოგადოების ფორმირება - კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მაგალითები“. მან ისაუბრა 2019 წლიდან დღემდე განხორციელებული თუ მიმდინარე ჟან მონეს პროექტების შესახებ, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისათვის, გაანალიზა მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და და პრობლემბის გადაჭრის გზები.
15 ნოემბერს პროფ. გურანდა ჭელიძე მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში „ცოდნის დემოკრატიზაცია - სოციალური გავლენა“. კონფერენციის მონაწილეებს მან გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და სამომავლო ინიციატივები საქართველოში ცოდნის დემოკრატიზაციის შემდგომი მხარდაჭერისთვის, წარმოაჩინა კავკასიის უნივერსიტეტის როლი ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში.