24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის მედიის სკოლის ახალი პროექტი "CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერებისთვის" დაიწყო. მონაწილეებმა ტრენინგის დაწყებამდე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვლიერეს, მათ უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი მიესალმნენ და წარმატება უსურვეს.
პროექტი ითვალისწინებს 15-18 წლის მოზარდების ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი შეისწავლიან, როგორ გახდნენ მედიის ყურადღებიანი მომხმარებლები: როგორ გაარჩიონ ნამდვილი ინფორმაცია ტყუილისგან, როგორ გადაამოწმონ ფაქტები, როგორ იყვნენ აქტიური და ინფორმირებული მოქალაქეები; ასევე, ახალგაზრდები განივითარებენ ახალი ამბის გადმოცემის, სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდების მართვისა და კამერის წინ არგუმენტირებულად საუბრის უნარ-ჩვევებს.
მედია წიგნიერების პროექტი 6 თვიანია. სესიები ჩატარდება თვეში ერთხელ და ამ ხნის განმავლობაში ის უმასპინძლებს 75 ახალგაზრდას, მთელი საქართველოდან. პირველ ნაკადში წარმოდგენილნი არიან მოსწავლეები ფოთიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ვალედან, გორიდან, თბილისიდან. პროექტის მასპინძელია კავკასიის მედიის სკოლა და მისი დეკანი, ნინო ჟიჟილაშვილი. ტრენერები - მედიისა და კომუნიკაციების სფეროს ფართო პროფილის სპეციალისტები - სოფო კვინტრაძე და სალომე უგულავა. პროექტში ჩართულები არიან CSM-ის სტუდენტები. პროექტის დონორია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.