ქეთევან მინდორაშვილი
კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი
პოლონეთის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, 2024
,,კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი გაცვლითი პროგრამები იყო, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი საზღვარგარეთ სწავლაზე. პირველი კურსიდან ვიცოდი, რომ გაცვლით პროგრამაში აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას.
მეორე კურსზე გადავწყვიტე გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაში ბედი მეცადა. მჯეროდა, რომ სწორედ ეს იყო შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.
საბუთების მოგვარება რთული პროცესი აღმოჩნდა, თუმცა დანებებას არ ვაპირებდი. საბოლოოდ, როდესაც პოლონეთიდან, თანხმობის წერილი მივიღე ძალიან გავბედნიერდი. გამგზავრებამდე, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, თუმცა ახალ გარემოს მალე შევეჩვიე.
5 თვის განმავლობაში სხვადასხვა კულტურის ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი. მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი საინტერესო ლექციებს. ამ დროის განმავლობაში, უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მივიღე. ასევე, ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, ყველა პრობლემასთან მარტო გამკლავება, რამაც გამზარდა პიროვნულად.
საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარება ცხოვრებაში. მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს, რომ მომცა ამ ყველაფრის შესაძლებლობა’’.
ელენე თვაური, ანა თათეშვილი, მარიამ ბექაია
კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტები
უკრაინა, ლვოვი, კიევი, 2021
,,სექტემბერში, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული პროექტის - Media Dialogue 2021-ის პირველი ეტაპის შემდეგ, წარმოუდგენელი იყო, რომ სულ რაღაც ორ თვეში, უკრაინაში აღმოვჩნდებოდით და ჩვენთვის დაუვიწყარ მოგონებებს შევიძენდით. გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანი მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში, ბელორუსში გაყინული თუ ღია შეიარაღებული კონფლიქტების ანალიზის ჩატარება და „მედია ქსელების“ გაფართოება იყო, თუმცა პროექტმა ამაზე ბევრად მეტი დაგვანახა, გვაგრძნობინა და აგვათვისებინა.
სტუდენტებს, ორგანიზატორებსა და სხვადასხვა ასოციაციას შორის მოსაზრებების გაცვლა, „მედია დიალოგის“ ყველაზე საინტერესო და ურთიერთსარგებლიანი ნაწილი იყო. ჩვენ არა მარტო თეორიულად შევისწავლეთ პროექტში მონაწილე ქვეყნებში არსებული სიტუაციები, ჟურნალისტებისა თუ ტელეარხების ურთიერთკავშირი, არამედ ძალები პრაქტიკაშიც მოვსინჯეთ. ვიდეოს სამუშაო ჯგუფში ყოფნა ამ ეტაპის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩვენი ტრენერის დახმარებით, არაერთი მედია პროდუქტი შევქმენით, რომელიც საჯარო სივრცეში გამოქვეყნდა და საზოგადოებას დაეხმარა, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებული სიტუაციების დეტალიზაციასა და უკეთ გააზრებაში.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დაუვიწყარი ადგილები, რომლებიც ლვოვსა და კიევში ყოფნისას მოვინახულეთ. თითოეული დღე ახალი თავგადასავალი იყო. ვესტუმრეთ ისეთ ცნობილ ადგილებს, როგორებიცაა: ნაციონალური პარკი „Mezhyhirya” და „Myseries of Podil”. ინოვაციურობით მოგვხიბლა მარტივი მეცნიერების გამოფენა “#Naukaprosto”-მ, რომლის მთავარი მოტივი იყო მეცნიერული კომპლექსური ნაშრომებისა და გამოგონებების არსის გააზრება და აუდიტორიამდე მარტივად მიტანა. გვიმასპინძლა ტარას შევჩენკოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა და მისმა რექტორმა, ვოლოდიმირ ბუგლოვმა.
ჩვენ მიერ ნანახი ძეგლების ერთი ნაწილი მე-19 საუკუნის ნოსტალგიას მოიცავდა, მეორე კი - მე-20 საუკუნეს უყურებდა იმედის თვალით. სწორედ ეს არის მედია დიალოგის პროექტის მთავარი მიზანიც - გავიაზროთ წარსული, გავაანალიზოთ აწმყო და შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ.''
თინათინ ბაქრაძე
კავკასიის მედიის სკოლის პიარის
ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2019
,,საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის შანსი ხელიდან არავინ უნდა გაუშვას. უცხო კულტურა, ახალი მეგობრები, ლექტორები და განსხვავებული სასწავლო გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.
პირველივე კურსიდან მოუთმენლად ველოდი ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის გამოცხადებას და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში მიმიღეს. ეს უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტთა სიმრავლით გამოირჩევა და მორგებულია თანამედროვე სასწავლო მეთოდებზე.
ბუდაპეშტი ულამაზესი და მულტიკულტურული ქალაქია, ძველი ევროპული არქიტექტურითა და თვალისმომჭრელი ხედებით. 6 თვის განმავლობაში არაერთი სირთულის გადატანა მომიწია, თუმცა ბევრი საინტერესო თავგადასავალი გადამხდა და ძალიან ბედნიერი მოგონებები დამრჩა. ამ პერიოდში უკვე გავიცანი საკუთარი თავი, ბევრი რამ გადავაფასე და ბევრ რამეზე შევიცვალე აზრი. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არაფერს შეუძლია ისე გამოგცადოს, როგორც საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრებასა და სწავლას.''
ელენე ჭელიძე
კავკასიის მედიის სკოლის პიარისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2019
,,უცხოეთში მოგზაურობა და მითუმეტეს, სტუდენტის სტატუსით ცხოვრება, გამოცდილებაა, რომელიც აუცილებელია განვითარებისთვის. კავკასიის უნივერსიტეტისა და ერაზმუსის პარტნიორობის დახმარებით, მომეცა შესაძლებლობა 1 სემესტრი, ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში მესწავლა. ეს გაცვლით პროგრამაში ჩემი მონაწილეობის პირველი მცდელობა იყო და ძალიან მინდოდა ეს უნიკალური შესაძლებლობა გამომეყენებინა. დადებითი პასუხის მიღებისთანავე წარმოვიდგინე, რა საოცარი თავგადასავალი მელოდა წინ - თავისი სირთულეებით, დაბრკოლელებით, მაგრამ ამასთანავე, დაუვიწყარი მოგონებებით.
უცხო ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჯერ არავის იცნობ, შეიძლება ძალიან რთულად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ეს სიტუაცია გეხმარება, შენი თავი გამოსცადო ბევრ გარემოებაში ან თუნდაც სრულიად ახლიდან აღმოაჩინო.
ბუდაპეშტი არის ადგილი, სადაც სტუდენტები მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან იყრიან თავს. სწორედ მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები, რომელებიც ახლა ჩემი მეგობრები არიან და მათთან ურთიერთობისას დავრწუნდი, რომ კულტურული თუ რელიგიური სხვაობისა - „we have far more in common than that which divides us“. დიდი გამოწვევა იყო ახალი მეგობრებისთვის საქართველოს გაცნობა და ჩემი ქვეყნის მიმართ ინტერესის გაჩენაც. არ გამკვირვებია, როდესაც ბევრმა სტუდენტმა საქართველოს შესახებ არ იცოდა და Georgia-ზე მხოლოდ შტატი ახსენდებოდა. სწორედ ამიტომ მიზნად დავისახე, რომ, ვისაც შევხვდებოდი, საქართველოს უნიკალურობის შესახებ უნდა მომეყოლა.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, მომეცა შანსი, მიმეღო მაღალი დონის ევროპული განათლება. ავიხდინე ოცნება - ისეთი, რომლის რეალობად ქცევის შანსი არც ვიცოდი თუ მექნებოდა. გავხდი უნივერსიტეტის music club-ის წევრი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.''
ნუცა წერეთელი, ქეთევან გაგოშიძე, მიხეილ გოგუაძე
კავკასიის მედიის სკოლის ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციისა და პიარის პროგრამების სტუდენტები
სტამბოლი, თურქეთი, 2018
ოთხი თვის წინ, კავკასიის მედიის სკოლის სამი სტუდენტი, Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამით, სტამბულში წამოვედით. მოლოდინს ნანახმა გადააჭარბა. მალევე გავიაზრეთ, რომ საქართველოს საუკეთესო უნივერისტეტიდან, მეზობელი ქვეყნის ასევე, საუკეთესო - კოჩის უნივერსიტეტში მოვხვდით.
წამოსვლამდე არაერთხელ უთქვამთ მეგობრებსა და ახლობლებს თურქეთში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, თუმცა სტამბოლმა ყველა სტერეოტიპი დაანგრია. აქ უძველესი კულტურა და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის და ისეთ გარემოს ქმნის, სხვაგან რომ ვერსად ნახავთ. უნივერსიტეტში უამრავი სირთულითა და გამოწვევით სავსე სტუდენტის ყოველდღიურობას, სტამბოლის ცენტრალურ თუ პერიფერიულ უბნებში გასეირნებით ვანეიტრალებდით.
სასწავლო პროცესი დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა ვიდრე ბარგს ჩავალაგებდეთ, უძილო ღამეები ბიბლიოთეკაში გრძელდება. წინ ფინალური გამოცდებია. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი გამოწვევა თუ სირთულე ღირსეულად გადავლახეთ, რაშიც, რა თქმა უნდა, კავკასიის მედიის სკოლაში მიღებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება დაგვეხმარა.
ნინი გაბისონია, ანა მჭედლიშვილი
კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტები
ერევანი, სომხეთი, 2018
გაფრენამდე სამი დღით ადრე გადაწყდა ჩვენი წასვლის ამბავი. გზაში ზუსტად ვიცოდით, რომ წინ უმაგრესი ერთი კვირა გველოდა. გადავწყვიტეთ, აუდიოვიზუალურ ჯგუფში მუშაობა და გადავიღეთ რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ რამდენად თავისუფალი და ობიექტურია მედია ერევანში. ყველაზე საინტერესო სამუშაო პროცესი იყო, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. გადაღებები ერევნის საზოგადოებრივ ტელევიზიაში, რადიოსა და სხვადასხვა გამომცემლობაში გვქონდა, სადაც მედიაექსპერტები და ჟურნალისტები ჩავწერეთ.
შეკრება, რომელიც სომხეთში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, ჰქვია „მედიაგანათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილების პროექტი“. ეს ჩვენთვის იყო ახალი გამოცდილება და ახალი კონტაქტები.
ქეთა ბაღაშვილი
კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი
ნიუ იორკის კინგს კოლეჯი, 2018 წელი
,,20 წლის რომ გავხდი გამოვაცხადე, მგონია, რომ ორი გზის გასაყარზე ვდგავარ და ყველაფერი გამომივა, რასაც მოვისურვებ, აქამდე კიდევ რამე თუ ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა, ესე იგი, საკმარისად არ მდომებია-მეთქი. 20 წლისამ პირველად გადავუფრინე ოკეანეს და ჩემს რეზიუმეში, მისამართის გრაფაში, საბურთალოს ქუჩა ვოლ სტრიტით ჩავანაცვლე. თუმცა მისამართის, მობილურის ნომრის, სასაუბრო ენის და კიდევ ბევრი რამის მარტივად შეცვლამდე იყო თვეები საკუთარი თავის რწმუნებაში, რომ რამდენადაც არარეალური და წარმოუდგენელი იყო ერთადერთი კანდიდატისთვის გამოყოფილი სრული დაფინანსების მოპოვება, სამყაროზე და საკუთარ თავზე გამარჯვება, იმდენად დაუჯერებელი და მიუღებელიც კი იყო, რომ მე ეს არ გამომსვლოდა.
ამერიკაში გაფრენამდე იყო გადასწორებული დღე-ღამეები, ფიქრი, ლოდინი, ფიქრი, ლოდინი და ბოლოს პასუხი, რომ მე გავიმარჯვე. გავიმარჯვე ყველა ინტერნაციონალურ სტუდენტს შორის და რაც მთავარია გავიმარჯვე ჩემს თავზე, რომელიც ბედავდა და ჩემში ეჭვი ეპარებოდა.
ჩემმა თავდაჯერებულობამ წელში გამართვის ზღვარს როდის მიაღწია, არ ვიცი, თუმცა ნიუ-იორკში ბევრი თავგადასავლის, შტორმის და გაურკვევლობის შემდეგ ჩასული, ცხადია, გარკვეულ სირთულეებს შევეჯახე. მართალია კავაკასიის მედიის სკოლაში სემესტრში ათამდე პრეზენტაციის კეთებისას აუდიტორიის წინაშე აუღელვებლად საუბარში მეტნაკლებად დახელოვნებული ვიყავი და ფეხზე წამოდგომამდე დიდი ხანია გულიც აღარ მიცემდა, მაგრამ, როცა აღმოვაჩინე, რომ იქაურ ჯგუფებში ერთადერთი არაინგლისურენოვანი სტუდენტი ვიყავი, არც ჩემი სიტყვების მარაგი იყო ისეთი დიდი, როგორიც ჩემი ჯგუფელების, არც აქცენტი მქონდა ისეთი, როგორიც ჩემს ამერიკელ კურსელებს და საერთოდ, ისეთ თემებსაც განიხილავდნენ, რომლებზე თავდაჯერებულად საუბრის ფუფუნებსაც ჩემი ბექგრაუნდ ცოდნა არ მაძლევდა, დავიძაბე. შევძლებდი, რომ ამხელა ქალაქში გადავრჩენილიყავი? სემესტრის ბოლოს ვიტყოდი, რომ ჩემი იქ ყოფნა შედგა?
მალევე გავიაზრე, რომ იმ ქალაქში ვიყავი, სადაც დაძაბვის, მოდუნების, უკანდახევის და შეშინების უფლება არ მქონდა. არ მქონდა იმის უფლება, რომ შემდეგ ლექციაზე გამომესწორებინა რამე, არ მქონდა უფლება, რომ საკუთარი თავისთვის დრო მიმეცა. არ მქონდა უფლება, რომ ვინმეს იმედი მქონოდა, რადგან იქ ჩემი მეგობარი არავინ იყო და დაბნეულს და საუბრის დროს უცბად გაჩუმებულს არავინ მომაწევდა სიტყვას. იმავე კვირაში ჟურნალისტიკის ერთ-ერთი კურსზე აღმოვაჩინე, რომ წიგნი, რომელიც სემესტრის განმავლობაში უნდა გაგვევლო, მე პირველ კურსზე ნინო ჟიჟილაშვილის კლასში უკვე გავლილი მქონდა. ამ მომენტში თავი ზუსტად ისე ვიგრძენი, როგორც მეათე კლასში, როცა ჩემმა ქართულის მასწავლებელმა წლის მასალა გაგვაცნო და აღმოჩნდა, რომ მე ვეფხისტყაოსანიც და მთელი ჰაგიოგრაფიაც უკვე ნასწავლი მქონდა.
ცოტა ხანში, როცა სტაჟირებებზე გადაგვანაწილეს და მე ონლაინ გამოცემაში მომიწია მუშაობა, გაირკვა, რომ ის, რის ახსნაშიც ჩემს უფროსს ერთი კვირა მაინც უნდა დაეხარჯა, მე უკვე ვიცოდი, რადგან CSM-ში მეორე კურსზე მქონდა ინტერნეტ ჟურნალისტიკის კურსი დახურული.
მას შემდეგ იყო ლექციები, სადაც ჩემი ზემოთ დაწუნებული ბექგრაუნდ ცოდნა მაძლევდა საშუალებას მქონოდა განსხვავებული იდეები, მომეყვნა მაგალითები ისტორიიდან, ლიტერატურიდან და გამომეჩინა ყველაფერი, რაც CSM-ში ჩემმა ლექტორებმა მასწავლეს. როცა კურსის ფარგლებში ლექტორებმა ნიუსრუმები დაგვათვალიერებინეს, Good Morning America-ს ჩაწერაზე წაგვიყვანეს, Associated Press-ის შიდა სამზარეულო გვაჩვენეს და ჟურნალისტიკა შიგნიდან დაგვანახეს, მე არც მაშინ ვყოფილვარ პირდაღებული, რადგან პირველი კურსიდან მქონდა საშუალება ჩემს ლექტორებთან ერთად მემუშავა ტელევიზიაშიც, ამიტომ ჩემი კურსელებისგან განსხვავებით, არც კამერები, არც სუფლიორის ეკრანი და არც სხვა დანარჩენი უცხო არ იყო ჩემთვის.
ნიუ-იორკი ის ქალაქი არ არის, სადაც ყველას შეუძლია გადარჩეს და იცხოვროს, ამიტომ ლექტორები მეც და ამერიკის სხვა შტატებიდან ჩამოსულებსაც ხშირად გვეკითხებოდნენ ხოლმე, როგორ გგონიათ, შეძლებთ აქაურ რიტმს აჰყვეთ და ცხოვრებას ფეხი აუწყოთო?
უნივერსიტეტის ბოლო დღეს ჩემი ერთ-ერთი ლექტორი ჩემს მეგობარს შეხვედრია, რომელსაც უთქვამს, ქეთას ისე მოეწონა აქაურობა, მგონია, რომ დაბრუნდებაო და ჩემს ლექტორს უპასუხია, მაგაში ეჭვი არც მეპარება, ქუჩაში რომ შემხვდეს ძალიან მალე, არც გამიკვირდება: „I will be like: Hey, Keta, Whats up”-ო?
ჰოდა ამის გაგების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი სემესტრი ყველაზე საშიშ ქალაქში ნამდვილად შედგა.''
სოფო გოზალიშვილი
კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი
ვილნიუსი, სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტი
ერასმუსის გაცვლითი პროგრამა, 2017
,,ჯერ კიდევ მეათე კლასში ვიყავი, როდესაც კავკასიის მედიის სკოლაში გადავწყვიტე ჩაბარება. მახსოვს, რამდენად ხშირად ვუყურებდი CSM-ის ვიდეოებს და როგორ მოუთმენლად ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც მეც მათი წევრი გავხდებოდი. მაშინ მიმაჩნდა, რომ ამ უნივერსიტეტში საუკეთესო ლექტორები ასწავლიდნენ და მეც სწორედ აქ მივიღებდი საფუძვლიან ცოდნას.
დღეს კი ჩემთვის, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სიკეთესთან ერთად, უკვე მესამე წელია აფასებს ჩემს ყოველწლიურ შრომას, მონდომებას და მეხმარება მიზნების განხორციელებაში.
პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, ჩემმა დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა, შემატყობინა, რომ რეიტინგში პირველ ადგილზე ყოფნის გამო, კავკასიის უნივერსიტეტი მეორე კურსის სწავლის საფასურს 100%-ით მიფინანსებდა. ზუსტად იგივე განმეორდა მეორე კურსის ბოლოს, როდესაც მითხრეს, რომ კვლავ რეიტინგის მიხედვით, მესამე წელიც 100%-ით მიფინანსდებოდა და ამასთან ერთად, კონკურსის გარეშე, შერჩეული ვიყავი სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტში, ერასმუსის პროგრამით გასამგზავრებლად.
სწორედ აქედან იწყება ჩემი თავგადასავალი.
ბავშვობისდროინდელ დღიურებს კიდევ რომ ვწერდე, ალბათ, ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი 5 სექტემბრის მონაკვეთი იქნებოდა (ანუ პირველი დღე უნივერსიტეტში). უამრავი სტუდენტი, ახალი ლექტორები, უცხო გარემო და განსხვავებული სასწავლო სისტემა სრულ ქაოსს იწვევდა ჩემს გონებაში. სწორედ ამ დღეს გავაანალიზე, რომ მე გადავდგი ის ნაბიჯი, რომელსაც 5 თვე, უცხო ქვეყანაში, დამოუკიდებლად ცხოვრება ჰქვია და რომ სენტიმენტების დრო უბრალოდ აღარ იყო.
კარგად მახსოვს პირველი პრეზენტაცია. ვუყურებდი, როგორ ნერვიულობდნენ დანარჩენები და რადგანაც კავკასიის უნივერსიტეტში პრეზენტაციები ძალიან ხშირად გვაქვს, სითამამე უფრო და უფრო მემატებოდა. თუმცა, როდესაც 60 კაციან აუდიტორიას გადავხედე, ძალიან ვეცადე, რომ ეს მხნეობა ბოლომდე შემენარჩუნებინა და გამოვიდა კიდეც. კურსის ბოლოს ლექტორმა, რომელიც ყველა სტუდენტს სათითაოდ ახასიათებდა, თქვა: “Sofio, almost professional in making presentations.”
ვილნიუსში 6 საგანი გავიარე. ლექტორები ძირითადად ლიტველები იყვნენ და მათი კეთილგანწყობა სწავლის პროცესს უფრო საინტერესოს ხდიდა. თუმცა, მე სხვა ბედნიერებაც მერგო წილად. მახსოვს, სიამაყის და სიხარულის გრძნობა ერთდროულად დამეუფლა, როდესაც საგნების არჩევისას ქართველი ლექტორის საგანი აღმოვაჩინე.
დღეს ვხვდები, რომ გაცვლითი პროგრამების ყველაზე დიდი ხიბლი არის კონტაქტის დამყარება იმ ადამიანებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ გყავს მეგობრები ტაივანში, კამბოჯაში, აზერბაიჯანში, საფრანგეთში და ა.შ. ამ პერიოდში, სწორედ მათთან ერთად, ვესტუმრე 4 ახალ ქვეყანას და უკან უამრავი შთაბეჭდილებით დავბრუნდი.
ზემოთ ვახსენე, ჩემი თავგადასავალი-მეთქი და მართლაც ასე იყო. თუ აქამდე უნივერსიტეტში მამაჩემი მაკითხავდა და სახლში მისულს გამზადებული საჭმელი მაგიდაზე მხვდებოდა, აქ -10 გრადუსში (და მოგეხსენებათ აქ სულ ცივა) ნახევარი საათი ავტობუსსაც დავლოდებივარ და სახლში მისულს საჭმელზეც ჩემით მიზრუნია. დღეს კი, როდესაც თბილისში წასვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ვხვდები, რომ ამ 5 თვის განმავლობაში გავხდი მეტად დამოუკიდებელი და შევიძინე როგორც ცოდნა, ასევე დიდი გამოცდილება. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს, რომ მომცა საშუალება მიმეღო ასეთი გამოწვევა და წარმატებით გავმკლავებოდი მას.
რამდენიმე დღეში კი, ვილნიუსის აეროპორტში, თბილისში გამოსამგზავრებლად რეგისტრაციის მოლოდინში ვიჯდები და გავიფიქრებ: ,,ნუთუ ყოველივე, ნუთუ ყოველივე ეს?!”
ნანო ჩაკვეტაძე
მედიის სკოლის სტუდენტი
აჯოუს უნივერსიტეტი, სამხრეთ კორეა, 2016
მახსოვს, თებერვალი იყო, თანხმობის ნიშნად რომ მეილი გავგზავნე აჯოუს უნივერსიტეტში, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ კორეაში, ზაფხულის გატარება და საზაფხულო სკოლის პროგრამაში ჩართვა სურდა. აზია ყოველთვის მაინტერესებდა, მაინტერესებს ახლაც, თან ძალიან! აღმოსავლური ისტორიისა და კულტურის გაცნობა მისი ძველი და ახალი, თანამედროვე ელემენტებით, შტრიხებით ყოველთვის მიმზიდველი იდეაა ჩემთვის. თანაც ზუსტად ის პერიოდი იყო - აზიურმა კინომ რომ არანორმალურად გამიტაცა: კორეულმა დრამებმა.
სამხრეთ კორეა ხომ ჩანგ-დონგ ლის, ჩან-ვუკ პარკის, კიმ კი-დუკის, მინ-სიკ ჩოისა და ლი ბიონ-ჰუნის სამშობლოა, გავიფიქრე, ჰო, უნდა ვთქვა სწავლაზეც („ც“ იმიტომ, რომ ქართულში გაძლიერების ნიშანია და არა დამცრობის, როგორც ამტკიცებს ამას გავრცელებული სტერეოტიპები): ზაფხულის უქმად გატარების სურვილი არც იმ წელს მქონია, თან ზაფხული დიდად არ მიყვარს. სამი (და ზოგჯერ მეტი) თვის ხანგრძლივობისთვის ზედმეტად მოსაწყენი და ცხელი წელიწადის დროა. საზაფხულო სკოლა უნდა ყოფილიყო გამოსავალი, ხსნაც. საგნებიც მომეწონა (კონკრეტული საგნები უნდა გაგვევლო - სურვილის შემთხვევაში კორეული ენაც). კორეული ენის კურსებზე თავიდანვე უარი გავგზავნე, არადა მომწონდა (ახლაც მომწონს), მაგრამ ორ თვეში მაინც ვერ ვისწავლი და ტყუილად უნდა ვეწამო-მეთქი. აღმოსავლურ ენებთან ჩემი ზოგადი დამოკიდებულება უცვლელია, ვაკვირდები... ნიშნების ფურცლის გაგზავნა ბოლო და გადამწყვეტი ეტაპი იყო, წავიდოდი თუ არა სამხრეთ კორეაში საზაფხულო სკოლის პროგრამით კავკასიის უნივერსიტეტიდან. მიგვიღეს მე და ჩემი კურსელი, ქეთი. აღმოჩნდა, რომ პირველი კურსის ბოლო სემესტრის უკანასკნელ ფინალურს რომ ჩავაბარებდით, მესამე დღეს სეულში გავფრინდებოდით.
გავფრინდით.
ჩავფრინდით. - „კი, მშვენივრად ვიმგზავრეთ...“, „ჰო, ცოტა დავიღალეთ...“, „არაფერი დაგვიკარგავს... არა, არც პასპორტი“, „ჰო, ზურგჩანთა მხრებზე მაქვს...“
აჯოუს უნივერსიტეტის კამპუსი დედაქალაქიდან (ტრანსპორტით) ორმოცი-ორმოცდახუთი წუთის გზაზე იყო ქალაქ სუვონში. სუვონი არც ისე დიდი ქალაქია, ბევრი სიმწვანით, ბევრი კორეული რესტორნით, ფასტფუდით, გემრიელი ყავით, კონფუციანური სალოცავებითა და საინტერესო თანამედროვე თუ ისტორიული სანახაობებით.
მივედით კამპუსში, წარვუდგინეთ ჩვენი თავი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ საქართველოდან-თქო. ვიცითო. დაგვირიგეს სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობები და კამპუსის მცხოვრებლებად აღსარიცხად საგანგებო საშვები. დაიწყო ჩემთვის აქამდე უცნობი წესითა და სტილით ცხოვრება, თან სრულიად უცხო გარემოში, რომელიც სულ მალე ახლობელი, ძალიან ახლობელი გახდა.
კვირაში ოთხი დღე სხვადასხვა ლექციას ვესწრებოდით, ერთი დღე - ოთხშაბათი ექსკურსიების დღე იყო. გავდიოდით ქალაქგარეთ და სხვადასხვა ისტორიულ თუ თანამედროვე სანახაობას ვეცნობოდით მეგზურების თანხლებით. Public speaking-ის ლექციაზე აღმოვაჩინე, რომ ლექტორი მთელი მიმდინარე სემესტრის, ჩემი და ქეთის გარდა, რატომღაც მთელი კურსისთვის აქამდე უცნობი და ფრიად „უცნაური“ მასალის - პრეზენტაციის დაგეგმვა/მომზადება/წარდგენის ტექნიკის ახსნას აპირებდა, როცა ეს პირველი კურსის მეორე სემესტრში სიღრმისეულად გვქონდა გავლილი ჩვენს უნივერსიტეტში. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლად ეგრე მარტივად იყო საქმე. იყო ახალი “სქილები”, რომლებიც ამ კურსის ფარგლებში ლექტორთან და ბავშვებთან აქტიური მუშაობით შევიძინე და ხუთი საკამოდ მასშტაბური პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის შედეგად საგრძნობლად მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მივიღე. ლექციები უდავოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. სწავლება მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. სტუდენტებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებიდან იყვნენ, ინგლისურ ენაზე ვსაუბრობდით. მე და ქეთიმ რამდენიმე სიტყვა კორეულადაც ვისწავლეთ და ერთმანეთში ხშირად ვახსენებთ ხოლმე ახლაც.
საინტერესო ექსკურსიებიდან ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული მინდა, გავიხსენო სამდღიანი მოგზაურობა ვულკანური წარმოშობის კუნძულზე ჯეჯუ. საოცარი კუნძულია. მართლა! ყვითელი ზღვა, ქვიშის სანაპირო, ბევრი სიმწვანე. ჯეჯუს კორეის ჰავაისაც ეძახიან თურმე... ხმაურიან სანაპიროსა და მის მიმდებარე ტერიტორიას რომ გაცდებოდი და დაათვალიერებდი სახლებს, რომლებშიც სულ ადგილობრივები ცხოვრობდნენ, დაინახავდი, აღიქვამდი იქაურ საინტერესო ცხოვრების წესს, შეიგრძნობდი ჭეშმარიტ ჰაერსა და ატმოსფეროს. სამი დღის განმავლობაში ძირითადად სულ ვმოძრაობდით ღირსშესანიშნეობებიდან სანაპიროზე, სანაპიროდან - სასტუმროში. იქ პირველი დილა მახსენდება ახლა - შვიდი საათი იქნებოდა დილის აივნიდან, რომელიც ზღვას უყურებდა, გადმოვიხედე. ციოდა, ნისლში ტალღები კამკამებდნენ და ნაპირთან მოხეთქვისას ქაფდებოდნენ...თავი კორეულ ფილმში მეგონა, აი, დრამებში პეიზაჟებს რომ აჩვენებენ კადრებად.
ისევ წავიდოდი ჯეჯუზე.
წავიდოდი ახლავე.რამდენიმე დღით მაინც წავიდოდი...
ბევრი საინტერესო თავგადასავლის, მოგონების, გამოცდილების დაგროვების კვალდაკვალ იწურებოდა ორი თვე, დროის ხანგრძლივობა, რომელზეც გათვლილი იყო ჩვენი საზაფხულო სკოლის კურსები. ჩავაბარეთ გამოცდები, ვიტყოდი, წარმატებით. ერთ-ერთი კურსის ბოლო ლექციაზე სტუდენტებმა და ლექტორმა ერთმანეთზე შთაბეჭდილებები დავწერეთ თაბახის ფურცლებზე და სამახსოვროდ დავიტოვეთ. მთელი ცხოვრება შევინახავ, ის ფურცელი დიდ სიყვარულს დაატარებს.
მალევე შედგა დახურვის ამაღელვებელი ცერემონიაც. პომპეზურ ვითარებაში გადმოგვცეს დიპლომები. იმ დღეს პერსფომანსებიც მოვაწყვეთ ცერემონის ოფიციალურობის გასანეიტრალებლად. ბოლოს სრულიად მოულოდნელად მინიფილმი გვანახეს ჩვენზე, როგორ გავატარეთ ორი თვე სამხრეთ კორეაში, აჯოუს უნივერსიტეტში. მაშინ მივხვდი, ძალიან უნდა მომნატრებოდა იქაურობა, ყველა და ყველაფერი, რაც იქაურობას უკავშირდება. ერთი შეხედვით, ერთმანეთზე ჩახუტება არ უნდა შემწყდარიყო არასოდეს, მაგრამ დავიშალეთ იმ იმედით, რომ საღამოს „Grad Party“-ზე შევხვდებოდით ერთმანეთს და იქაც ერთად გავატარებდით დარჩენილ სულ რამდენიმე საათს.
იქაურობასთან დღემდე ვურთიერთობ. მეგობრები, რომლებთან ერთადაც მთელ დღეებს ვატარებდი, ახლა სამწუხაროდ, ჩემი მხოლოდ ფეისბუკმეგობრები არიან, თუმცა, როგორც დავგეგმეთ, როგორმე უნდა შევხვდეთ ხოლმე, ნუ, ერთხელ მაინც უნდა გავასინჯო ჩემს ინდონეზიელ მეგობრებსა და კანადელ ლექტორს ხინკალი.
მთელი ეს ვრცელი საოცარი მოგონება, რომელიც, რა თქმა უნდა, არასრულია, კავკასიის უნივერსიტეტის, რომელმაც დაფარა ჩემი იქ სწავლისა და ყოფნის მნიშვნელოვანი ხარჯი, მხარდაჭერითა და გვერდში დგომით მაქვს. იქაც სიამოვნებით ვყვებოდი ჩემს უნივერსიტეტზე, ბევრგან, ძალიან ბევრგან ამდაგვარი განწყობითვე მოვყვები.
ახლა კი 안녕, მეგობრებო, ანუ ნახვამდის.
პ.ს ხომ გითხარით, რამდენიმე კორეული სიტყვა ვისწავლე-მეთქი.
ქეთევან გაგოშიძე
მედიის სკოლის სტუდენტი
სამხრეთ კორეა, 2016
საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ყოველთვის მინდოდა, თუმცა მეგონა, რომ ამას სწავლის ბოლო წლებში ან თუნდაც ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ შევძლებდი, რადგან ეს ჩემთვის რთულ პროცესებთან იყო დაკავშირებული, სინამდვილეში კი მთავარი მონდომება, შრომისმოყვარეობა და მოტივაციაა და ამასთან ერთად უნივერსიტეტი, რომელიც ამ ყველაფერში დაგეხმარება.
სანამ ჩავაბარებდი, მანამდეც ვიცოდი, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით უამრავი სტუდენტი მიდიოდა საზღვარგარეთ. პირველი კურსის ბოლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტიდან კორეის საზაფხულო გაცვლითი პროგრამის შესახებ მივიღე ინფორმაცია. ვერ წარმომედგინა, პირველივე კურსზე თუ მექნებოდა ამისი შანსი.
კორეაში მე და ჩემი კურსელი ნანა ჩაკვეტაძე წავედით და ზაფხულის 6 კვირა გავატარეთ. საორიენტაციო დღეები კუნძულ Jeju Island-ზე გავატარეთ, სადაც კურსელები და ლექტორები გავიცანით. სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ - შტატებიდან, კანადიდან, ინდონეზიიდან, გერმანიიდან. განსხვავებული კულტურის მქონე ამდენ ადამიანს ერთად პირველად შევხვდი. მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. ჩემი პროფესიის ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ვფიქრობ, ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაციაა, კორეაში ყოფნისას კი მივხვდი, რომ მე ეს ძალიან მიყვარს!
კავკასიის უნივერსიტეტში გავლილი საგნები ძალიან დამეხმარა. ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ საკმაოდ კარგი პრეზენტაციის უნარ-ჩვევები გვქონდა. 6 კვირის განმავლობაში 2 კურსი გავიარეთ მარკეტინგის შესავალი და საჯარო გამოსვლების ხელოვნება. ლექტორები აშშ-ს უნივერსიტეტებიდან იყვნენ მოწვეულნი, ინგლისური ენა ბარიერს საერთოდ არ ქმნიდა, რაც კიდევ უფრო მეტად დამეხმარა ადვილად შევგუებოდი სიტუაციას და სწავლისათვის ალღო ამეღო. კვირაში ერთხელ, კულტურული ვორქშოფებიც გვქონდა, რისი საშუალებითაც კორეულ კულტურას, არქიტექტურასა და საერთოდ, კორეელების ცხოვრების სტილს გავეცანი.
სწავლასთან ერთად კორეაც დავათვალიერე, ეს გაცვლითი პროგრამა რომ არა, შეიძლება არც არასოდეს წავსულიყავი კორეაში. აზიაში აქამდე არც ვყოფილვარ. მოვიხიბლე მათი ცხოვრების წესით, სამზარეულოთი და სპეციფიური კორეული ქუჩებით.
უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი სრულიად სხვა რამ არის, რა თქმა უნდა, გარკვეულ სისტემასა და რეგულაციებს ემორჩილები, თუმცა თავს სრულიად დამოუკიდებლად გრძნობ. ვფიქრობ, გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ სწორედ დამოუკიდებლობაა, რადგან საქართველოში ამას მოკლებულნი ვართ. ამ 6 კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი, გამოცდილება და ცოდნა შევიძინე, უკეთ შევიცანი საკუთარი თავი და ბევრად უფრო დამოუკიდებელი გავხდი.
თამუნა პავლიაშვილი
მედიის სკოლის სტუდენტი
რიგა, 2016
ვერასდროს წარმომეგინა, თუ ოდესმე გამიჩნდებოდა განცდა, რომ სხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შევძლებდი. უკვე მრავალი წელია ჩემი მშობლები ესპანეთში ცხოვრობენ და დამოუკიდებლობა დაბრკოლება ჩემთვის არასდროს ყოფილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყანაში 4 თვე მარტო ცხოვრებისა და სწავლის წარმოდგენამ თავიდან ცოტა შემაშინა.
ძალიან მაგარია, როდესაც ისეთ უნივერსიტეტში სწავლობ, სადაც უცხო ქვეყანაში გაცვლით პროგრამაზე წასვლა, ისეთივე მარტივია, როგორც ბათუმში ჩასვლა. 2 წლის განმავლობაში გექნება სწავლის კარგი შედეგი, დაამტკიცებ, რომ კარგად ფლობ ინგლისურ ენას (ან რომელიმე სხვასაც) და უკვე გაცვლითი პროგრამის სტუდენტი ხარ.
არ მიყვარს სიცივე, მაგრამ მაინც ლატვიაში ვარჩიე წასვლა, ალბათ იმიტომ, რომ ჩემმა მეგობრებმა, თავიანთი გამოცდილება გამიზიარეს და მეც მათ კვალს გავყევი ტურიბას უნივერსიტეტში.
რიგაში მე და ჩემი მეგობარი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტი, ანასტასია ცირეკიძე წავედით. პირველი დღე ემოციური იყო, რადგან დაახლოებით ორმოცდაათი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი გავიცანით და დანარჩენი დღეებიც მათთან ერთად გავატარეთ.
ძალიან კარგია, როდესაც სახლში კომფორტს და ოჯახის მზრუნველობას მიჩვეული საერთო საცხოვრებელში ხვდები, სადაც სხვისი არეული სამზარეულოს დალაგებაც გიწევს და ხმაურის ატანაც, თუმცა ეჩვევი. ერთ კვირაში, ჩვენი ორსართულიანი ხის საწოლი, იმაზე უფრო საყვარელი გახდა, ვიდრე გვეგონა. ახლა ძალიან გვენატრება.
სასწავლო პროცესში ყველაზე მეტად პროდუსინგის ლექციები მომწონდა, ლატვიის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის პროდუსერი გვიკითხავდა. კარგი გამოცდილება იყო მასთან ურთიერთობაც და ლატვიის რადიოსა და ტელევიზიის მონახულებაც.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს არამგონია რომელიმე უნივერსიტეტში სწავლა გაუჭირდეს, რადგან ჩვენ მიჩვეულები ვართ ყოველდღიურ დაძაბულ რეჟიმს, როცა ერთ დღეში 4 წიგნის წაკითხვაც უნდა მოასწრო და პრეზენტაციის გაკეთებაც, ამიტომ ჩვენთვის სწავლა რთული არ ყოფილა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ IELTS-ის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, მუდმივად ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ლექტორებსაც და სტუდენტებსაც გამორჩეულად მოსწონდათ ჩვენი პრეზენტაციები. რეკლამის საგნის პრეზენტაციის შემდეგ მთელი აუდიტორია ფეხზე წამოდგა და ტაშს მიკრავდა.
მიხარია, რომ ისეთი უნივერსიტეტის სტუდენტი რომ ვარ, რომელიც ხარისხთან ასოცირდება. ხშირად ვამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ყველასგან დამოუკიდებლად მივიღე, იყო კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარება. ზუსტად ვიცი, რომ არასდროს ვინანებ ამას. კავკასიის მედიის სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ დაუვიწყარი მოგონებების პატარა სახლია.
თენგო ტაბატაძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ერევანი, 2016
ახლა, როცა ფინიშისკენ გავდივართ და კიდევ ერთხელ ვეკითხები თავს, რატომ კავკასიის მედის სკოლა? პასუხი ძალიან მარტივია: სხვადასხვა საკითხისადმი ინტერესის გაღმავება, საინტერესო გარემო და ადამინები, რომელთა გარეშე ქართული ჟურნალისტიკა უბრალოდ არ არსებობს. სხვა ბევრი მიზეზის გარდა, მედიის სკოლა ისეთ პროექტებში მონაწილეობის საშუალებასაც იძლევა, რომელიც ჩვენი კარიერული წინსვლისა და პირადი კონტაქტების შესანიშნავი წყაროა.
ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე დღის წინ, Radio CSM-ის გუნდი - მე, დათო ჭუმბურიძე, მაგდა სარსევანიძე და ვატო ყიფიანი, ერევანში კონფერენფერენციაზე ვიყავით. სომხეთის, ამ უძველეს, წითელ ქალაქში ექვსი ქვეყნის (გერმანია, პოლონეთი, სომხეთი, მაკედონია, სერბეთი და საქართველო) ახალგაზრდები საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად შევიკრიბეთ. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, როგორებიცაა: სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა, ყარაბაღის კონფლიქტი, სომეხთა გენოციდი. ასევე, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ გამოწვევებზე.
კონფერენცია გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Youth4Media-ს მიერ იყო ორგანიზებული. კავკასიის მედიის სკოლა ამ ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრია და ამ საინტერესო სივრცეშიც სწორედ CSM-ელობის გამო მოვხვდით.
გარდა ტრენინგებისა და კონფერენციისა, მოვაწყვეთ დებატები, ჩავატარეთ ინტერკულტურული საღამო, დავაგემოვნეთ ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციული კერძები და სასმელი. დავათვალიერეთ სომხეთის კულტურული ღირსშესანიშნაობები... მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო (თუ ყველაზე არა) "საღამოს შეხვედრები აივანზე". ჩვენთვის, კომფორტულად, მარტო, გათენებამდე ვსაუბრობდით ყველაფერზე: მუსიკაზე, წიგნებზე, პროფესიულ საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე. ამ საუბრების შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, მე, დათოს, მაგდასა და ვატოს ამ ქვეყნებში გვყავს მეგობრები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხში დაგვეხმარებიან - ქვეყნის დათვალიერებიდან დაწყებული, სამსახურის შოვნით დამთავრებული.
ალბათ, ეს არის მსგავსი პროექტების ყველაზე ძლიერი მხარე!
თაკო შეროზია
მედიის სკოლის სტუდენტი
ლატვია, 2015
კავკასიის უნივერსიტეტში ჩაბარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ ვიცოდი გაცვლითი პროგრამით ევროპაში სწავლის საშუალება მომეცემოდა. მედიის სკოლაში 5 სემესტრის წარმატებით დამთავრების შემდეგ 4 თვით რიგაში, კერძოდ, ტურიბის უნივერსიტეტში წავედი სასწავლებლად.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტობამ გამიმარტივა ლატვიის განათლების სისტემასთან მორგება. ტურიბაში კომუნიკაციების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ წარმატებულ სტუდენტებთან და თავიანთ სფეროში დამკვიდრებულ ლექტორებთან ერთად მუშაობამ ჩემი პროფესიის ახლებურად დანახვის საშუალება მომცა.
მონაწილეობა მივიღე რამდენიმე მნიშვნელოვან კონფერენციაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მედიის სისტემის დახვეწასა და განვითარებას ეხებოდა, ბევრ საინტერესო ადამიანთან დისკუსიამ და ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებამ არა მარტო კარიერულად გამზარდა, არამედ დიდი გამოცდილებაც მომცა. სხვა ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება დამეხმარა ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ინდივიდუალიზმისა და თვითდაჯერების რწმენის გაღრმავებაში.
მკაცრი ლატვიური სიცივის მიუხედავად, რიგამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. ახალი კულტურა, შეხედულებები და ხალხი გავიცანი, ბევრი დაუვიწყარი მოგონება და მეგობარი შევიძინე. მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება რიგის სიცივის შეგრძნება და ამ საოცრად მოწესრიგებულ, თბილ, პუნქტუალურ ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება.
ლატვიას აუცილებლად ვეწვევი კიდევ ერთხელ. სტუდენტური ლატვიიდან ტურისტულ ლატვიამდე გასავლელი გზა კი, დარწმუნებული ვარ, წარმატებული კარიერული სვლით იქნება გავლილი.
სალომე ძნელაძე
მედიის სკოლის სტუდენტი
მიუნსტერი, 2015
აბიტურიენტობისას, მაშინ როდესაც პროფესია ავირჩიე, ზუსტად ვიცოდი, სად უნდა შემესწავლა ეს პროფესია. კავკასიის უნივერსიტეტი, კონკრეტულად მედიის სკოლა, ამ სფეროში უკონკურენტო იყო ჩემთვის. პირველი ჩავწერე და როდესაც ვნახე რომ ჩავირიცხე, უკვე ვიცოდი რომ დიდი ოჯახის ახალი წევრი გავხდი.
ჩვენს უნივერსიტეტს არაერთი ევროპელი, და არა მარტო ევროპელი, პარტნიორი ჰყავს. სწორედ ამის წყალობით 2015 წლის მაისში წავედი გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში. მედიის სკოლის პარტნიორი ორგანიზაცია - Youth4media ათი წლის გახდა და იუბილის აღნიშვნასთან ერთად გენერალური ანსაბლეა გამართა. ჩემმა მედიის სკოლამ დიდი ნდობა გამომიცხადა და ამ ღირსშესანიშნავ თარიღზე დასასწრებად უნივერსიტეტის წარმომადგენლად მე მიმავლინა.
ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და გამოცდილება აღმოჩნდა. 21 წლის ასაკში პირველად მომიწია მარტო მგზავრობა და ცხოვრება, რაც სიმართლე გითხრათ პირველ დღეს ძალიან რთულიც მომეჩვენა და გამიჭირდა კიდეც. თუმცა მეორე დღეს ყველაფერი მაშინვე შეიცვალა, როგორც კი პარტნიორები გავიცანი. დამხვდა ოჯახური გარემო და ბევრი ახალი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათთან ურთიერთობამ ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც მომავალში ახალი ურთიერთობების დამყარებაში დამეხმარება და გამომადგება. ამას გარდა, მქონდა საქმიანი საუბრები, მონაწილეობა მივიღე დისკუსიებში, გავხდი უფრო თავდაჯერებული.
ქალაქი მიუნსტერი გერმანიის ერთი პატარა ძალიან თბილი ქალაქია. დაბალი ძველებური შენობები, ბევრი მწვანე და ხალხმრავალი ქუჩები. ქუჩებში შევხვდებით ყველა სახის და ასაკის ხალხს. მიუნსტერს აუცილებლად ვესტუმრები კიდევ, ვესტუმრები მეუღლესთან ერთად და ქალაქს, უკვე როგორც ტურისტი, ისე გავიცნობ.
გუკი გიუნაშვილი
მედიის სკოლის სტუდენტი
პრაღა, 2015
როდესაც პირველად კავკასიის უნივერსიტეტში ფეხი შევდგი, ვიცოდი, რომ ეს ზუსტად ის ადგილი იყო, საიდანაც ჩემი მომავლის შენებას ვიწყებდი. არც შევმცდარვარ.
2014 წლის შემოდგომის სემესტრში კავკასიის მედიის სკოლის რეიტინგში პირველი ადგილზე აღმოვჩნდი და უნივერსიტეტის დახმარებით, პრაღაში ნიუ იორკის უნივერსიტეტი მმასპინძლობდა.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 6 თვე: გავეცანი ამერიკულ სასწავლო სისტემას, შევხვდი თავიანთი საქმის პროფესიონალ ლექტორებს, გავიგე უფრო მეტი მარკტინგის, რეკლამის, პიარ ტექნოლოგიების შესახებ. მოვხვდი ინტერკულტურულ სივრცეში და შევიძინე ახალი მეგობრები.
დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილებასთან ერთად მივიღე ცოდნა, რომელიც დარწმუნებული ვარ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დადგომის საშუალებას მომცემს ჩემს პროფესიაში და ალბათ, ჟურნალისტიკა სხვა არაფერია თუ არა კონკურენცია.
გაცვლითმა პროგრამამ მასწავლა საკუთარი თავის დამკვიდრება ახალ სივრცეში და შემძინა უფრო მეტი თავდაჯერებულობა.დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელე სწავლა და ახლა უკვე სტაჟირების გავლის შანსი მეძლევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქართულ ელექტრონულ გამოცემაში.
ანანო კირვალიძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ლატვია, 2015
2015 წელი ჩემთვის იმ გამოწვევებით დაიწყო, რასაც მარტო ცხოვრება და დიდი გამოცდილების მიღება ჰქვია. კავკასიის უნივერსიტეტმა მომცა შანსი და შესაძლებლობა ერთი სემესტრით რიგაში, კერძოდ ტურიბის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვისი დახმარებითაც ცოდნა გავიღმავე, ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ბევრი ახალი მეგობარიც შევიძინე; გავეცანი როგორც ლატვიის, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების კულტურასაც.
კავკასიის უნივერსიტეტში ადვილი არ არის, იყო წარმატებული სტუდენტი, თუმცა ვხედავ, მონდომებით, შემართებით და უკვე გაღრმავებული ცოდნით როგორ ვყალიბდებით პროფესიონალ ჟურნალისტებად მეც და ჩემი მეგობრებიც.
ახლა ჯერ კიდევ გაცვლით პროგრამაში ვარ და ვიცი, რომ აქ შეძენილი ცოდნა წინსვლაში, წარმატებებში და ჩემი მომავლის სწორად წარმართვაში დამეხმარება.
მედიის სკოლის სტუდენტი
პრაღა 2014
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დახმარებით მომეცა საშუალება ერთი სემესტრი პრაღაში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მესწავლა. უნივერსიტეტმა მთლიანად აანაზღაურა მგზავრობის, სწავლების და საცხოვრებლის ხარჯები.
4 თვის განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში და ვსწავლობდი მედიის ფაკულტეტზე. პრაღაში გავიარე 5 საგანი რამაც საშუალება მომცა უკეთ გამეცნო და შემესწავლა ჩემი სფერო. ამის გარდა ვნახე როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში და გავეცანი მათ კულტურას.
სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები არ შემქმნია, რადგან სწავლების სისტემა მსგავსი იყო. ამაზე მეტად მუდამ მოღრუბლულ და ცივ ქალაქში ცხოვრება გამიჭირდა, თუმცა ეს პრობლემაც მალე მოგვარდა. პრაღაში გატარებული 4 თვე ყველაზე დატვირთული, საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ჩემს ცხოვრებაში. უდიდესი გამოცდილების გარდა, რომელიც ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლისას მივიღე, ვისწავლე სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა, მათი კულტურა, ქვეყნის ისტორია და ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლომდე გამყვება.
ჩემმა დეკანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა მომცა საშუალება მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება და პრაღიდან ტელეკომპანია მაესტროსთვის გავაკეთე ჩართვა. ეს გამოცდილება ძალიან სანერვიულო, თუმცა ასევე ბევრის მომცემი იყო ჩემთვის, რადგან ვისწავლე როგორ უნდა მოქცევა კამერასთან და მივიღე ნამდვილი გამოცდილება.
დიდი მადლობა ამ გამოცდილებისთვის კავკასიის უნივერსიტეტს!
ირინა კურტანიძე
მედიის სკოლის სტუდენტი
ვენა 2014
"სამყარო წიგნია. ის ვინც არ მოგზაურობს, მის მხოლოდ ერთ გვერდს კითხულობს."
კავკასიის მედიის სკოლამ საშუალება მომცა "სამყაროს წიგნის" რამდენიმე გვერდი წამეკითხა იმ ექვსი თვის განმავლობაში, როდესაც სტაჟირება უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაში გავიარე. ეუთოში მუშაობის დაწყებისას არ ვიცოდი, როგორ გამომევლინა ის ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მივიღე. შეშინებული ვიყავი უცხო გარემოთი, მარტო ცხოვრებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით,რომელიც უცებ, არსაიდან დამეკისრა.არ ვიცოდი საკუთარი თავის რეალიზება როგორ მომეხდინა. თუმცა, იმ პრაქტიკული და თეორიული ცოდნით,რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში შევიძინე შევძელი თავიდანვე დამემკვიდრებინა ადგილი თანამშრომლებს შორის და თანასწორად მეკეთებინა ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებდნენ. უკან დაბრუნებისას, როდესაც მთხოვეს დასამშვიდობებელი სიტყვა წარმომეთქვა, მივხვდი რომ ექვს თვეში გავიზარდე და ჩამოვყალიბდი იმ პროფესიონალად,რომელზეც ვოცნებობდი რომ ერთ დღეს ვიქნებოდი.
რთულია სიტყვებით გადმოვცე ის მოგონებები და განცდები, რომლებიც ქალაქ ვენასთან მაკავშირებს. ეს იყო მოგზაურობა ევროპის ულამაზეს ქალაქებში, ადამიანები მთელი მსოფლიოდან, დაუვიწყარი ისტორიები და გამოცდილებები. ეს იყო სხდომები დახურულ კარს მიღმა, სადაც გაანიხილებოდა მსოფლიოს უმნივნელოვანესი საკითხები, ინტევიუები ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი, პირისპირი შეხვედრები მრავალი ქვეყნის პრეზიდენტთან. საშუალება მესწავლა და მემუშავა იმ ადამიანებთან, რომლებიც საუკეთესოებად ითვლებიან კომუნიციის სფეროში, შესაძლებლობა მათი დახმარებით დამეგეგმა და გამეშუქებინა მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ეს იყო ექვსი თვე, რომელმაც შემასწავლა ყველაფერი ის, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მედიას ეხება.
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ გარდა იმისა,რომ მთლიანად დამიფინანსა ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯები(ოთხი წლის განმავლობაში რეიტინგში ყოფნის გამო), ასევე ხელი შემიწყო დისტანციურად გამევლო საგნები. ლეტქორები დატვირთული გრაფიკისა და დროის სხვაობის მიუხედავად,skype-ის საშუალებით მიკითხავნდნე ლექციებს, მიგზავნიდნენ მასალებს და შემდეგ იბარებდნენ მათ. მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში, სადაც ასევე skype-ის საშუალებით შევძელი წარმედგინა ჩემი ნაშრომი. ვენაში ცხოვრების განმავლობაში: ლექტორების, დეკანისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების დამსახურებით, არცერთხელ მიგვრძნია,რომ ჩამოვრჩი ჩემს ჯგუფს. სწორედ მათი თანადგომით ვახერხებდი დაძაბულ გარემოში მუშაობას, უნივერსიტეტში სწავლასა და ულამაზესი მოგონებების დაგროვებას.
დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს: პრაქტიკული,თეორიული და ცხოვრებისეული გამოცდილების გამო,რომელმაც მე პიროვნებად და პროფესიონალად ჩამომაყალიბა.
მედია სკოლის სტუდენტი
საფრანგეთი, რეიმსი, 2014
მთავარი მიზეზი, რის გამოც კავკასიის მედიის სკოლაში ჩავაბარე, გაცვლითი პროგრამები იყო. ასეთი საშუალება ორჯერ მომეცა, ჯერ პირველ კურსზე წავედი სამი კვირით ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, შემდეგ კი უკვე მეოთხე კურსზე მივიღე მონაწილეობა პროექტში - "რეიმსის მედია-საქართველო".
სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტებიდან არჩეულ სტუდენტებთან ერთად 1 კვირის განმავლობაში საფრანგეთის ულამაზეს რეგიონ, შამპან-არდანში ვცხოვრობდი, ქალაქ რეიმსში. პროექტს ჟურნალისტები, დიანა ჭანკოტაძე და ჟულიენ ლამპანი ხელმძღვანელობდნენ.
ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ რომ ერთი კვირა ძალიან ცოტაა. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ პროექტის ყოველი დღე მაქსიმალურად დატვირთული იყო. თბილისში დაბრუნებულს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამდენიმე თვე გავატარე რეიმსში. ვერ წარმომედგინა, თუ ამდენი რამის მოსწრება შეიძლებოდა ასეთ მცირე დროში.
ამ შვიდი დღის განმავლობაში ჩვენ ვესტუმრეთ ტელევიზია "Fრანცე 3-ს", ფრანგულ ენაზე ჩავწერეთ გადაცემა "ღადიო ჟეუნე ღეიმს-ში", ვიმუშავეთ ფოტოპროექტზე ფრანგ ფოტოგრაფთან ერთად, ვესაუბრეთ უამრავ ჟურნალისტს, პროდიუსერს, "ფრილანსერს", რომლებიც ადგილობრივი მედიის სპეციფიკაზე, სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებზე გვიყვებოდნენ. პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო მულტიმედიურ გამოცემა "Uნიონ-ში" ერთი დღით მუშაობა ვებ-ჟურნალისტთან ერთად, რომელსაც მონტაჟის დროს პრობლემები შეექმნა და მე დავეხმარე მასალის გასწორებაში. ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოჩნდა, რომ მასზე უკეთ მასწავლეს მედიის სკოლის ლექტორებმა სამონტაჟო პროგრამა.
მედიაექსკურსიების გარდა, ვათვალიერებდით ადგილობრივ ღირშესანიშნაობებსაც, ბოლო დღე კი პარიზში გავატარეთ. პროექტი ფრანგულენოვანი იყო, რაც გარკვეულწილად ენობრივ ბარიერს ქმნიდა, თუმცა ესეც დამატებითი გამოცდილება და პრაქტიკა იყო ჩემთვის.
საერთო ჯამში, პროექტი ძალიან დამღლელი, მაგრამ ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო. თავიდან მეშინოდა, რომ ფრანგულ ენაზე ბევრს ვერაფერს გავიგებდი და ძალიან მიხარია, რომ ამის გამო უარი არ ვთქვი ამ გამოწვევაზე. დისკომფორტი მხოლოდ პირველ დღეს მქონდა.
გაცვლითი პროგრამები ნებისმიერ სტუდენტს ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს, ამიტომ ყველა უნდა ეცადოს მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. პროფესიული ზრდის გარდა, ეს საკუთარი თავის გაცნობაშიც ძალიან დაგეხმარებათ.
სალომე მოდებაძე
ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 2012
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ მომცა საშუალება, ერთი სემესტრი მესწავლა დიდი ბრიტანეთის ჩესტერის უნივერსიტეტში. ამით მედიის სკოლის პირველ გაცვლით პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. რადგან მესამე კურსი ყველაზე მაღალი რეიტინგით დავხურე, უნივერსიტეტმა ჩემი ჩესტერში სწავლებისა და ცხოვრების საფასური მთლიანად დაფარა. გარდა ამისა, კავკასიის უნივერსიტეტმა დამატებით დამინიშნა სტიპენდიაც ყოველდღიური ხარჯისთვის.
სამი თვის განმავლობაში ვცხოვრობდი ჩესტერის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში და ვსწავლობდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. დიდ ბრიტანეთში გავიარე 5 საგანი და დამატებით დავდიოდი ინგლისური ენის კურსებზე, რასაც ჩესტერის უნივერსიტეტი ყველა საერთაშორისო სტუდენტს უფასოდ სთავაზობს.
ჩესტერში ყოფნისას შევიძინე ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან და მომეცა საშუალება მიმეღო უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება ჩემს პროფესიაში. ვერ გეტყვით, რომ თავიდან ძალიან ადვილი იყო. რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე – ენის ბარიერი, სწავლების განსხვავებული სისტემა, თუმცა ჩესტერის უნივერსიტეტში იმდენად თბილი და მეგობრული გარემოა შექმნილი, რომ ყველა სტუდენტი თუ ლექტორი მზად არის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმაროს. ამიტომ სირთულეება მალე გაიარა და ინგლისურ სტუდენტურ ცხოვრებასაც რამდენიმე კვირაში მშვენივრად ავუწყვე ფეხი.
მედიის სკოლის სტუდენტი
ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი 2012
საზღვარგარეთ სწავლაზე არასდროს მიფიქრია, რადგან კავკასიის მედიის სკოლაში საერთაშორისო დონის განათლებას ისედაც ვიღებდი. თუმცა მას შემდეგ, რაც გავიგე რომ უნივერსიტეტი ორმაგი დიპლომის აღების შანსს მაძლევდა, ერთი წუთი არ დავფიქრებულვარ, ისე გადავწყვიტე დიდ ბრიტანეთში გამგზავრება.
ეს გზა არ იყო მარტივი. ყველაზე დიდი სირთულე, რასაც პირველი შევეჯახე, იყო ენის ბარიერი.
თავდაპირველად, მიჭირდა გამეგა ლექტორების საუბრის დეტალები. მიჭირდა ბრიტანულ სწავლების სისტემასთან შეგუებაც - კავკასიის მედიის სკოლაში ჩვენ ამერიკული სისტემით ვსწავლობდით. ამერიკული და ბრიტანული სწავლების მეთოდებსა და ადმინისტრირებას შორის კი მკვეთრი განსხვავებაა.
მოკლედ, უნდა ვაღიარო, რომ ადვილი არ იყო,მაგრამ დაახლოებით 3 თვეში ეს ბარიერები მოიხსნა. რაშიც ჩესტერის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ლექტორები ამაში ძალიან დამეხმარნენ. ისინი ორიენტირებული იყვნენ უცხოელი სტუდენტებისათვის კომფორტული გარემოს შექმნაზე. ყოველი კვირის ბოლოს გამართულ საღამოებზე ვერთობოდით კიდეც და პრობლემებზეც ვსაუბრობდით.
საბოლოოდ დიდ ბრიტანეთში გატარებულმა ერთმა წელმა პროფესიული თვალსაზრისით, დიდი გამოცდილება მომცა. უნივერსიტეტს ჰქონდა ყოველდღიური ონლაინ გაზეთი, რომლისთვისაც ვამზადებდი ახალ ამბებს. ასევე, საშუალება მომეცა შემექმნა საკუთარი ყოველთვიური ჟურნალი, რომლის დიზაინზეც კი თავად ვიმუშავე. ფინალში კი, წარმოიდგინეთ: ინგლისურად დავიცავი დისერტაცია და რაც ყველაზე მთავარია, აღმოვაჩინე, რომ საფუძვლიანად გავეცანი ინგლისური მედიის მუშაობის სპეციფიკას.
ჩემი რჩევა ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ ლოგიკურია: საზღვარგარეთ სწავლის შანსი არც ერთმა სტუდენტმა არ უნდა გაუშვას.