ბიზნესის სკოლა

კავკასიის ბიზნესის სკოლა დაარსდა 1998 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით, რომელიც განხორციელდა ევრაზიის ფონდისა და ა.შ.შ.-ს საინფორმაციო სააგენტოს (Eurasia Foundation and US Information Agency (USIA)) მიერ გამოყოფილი გრანტით. საქართველოში ბიზნეს სკოლის დაარსების მიზნით გრანტი გადაეცა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ატლანტაში. პროექტის დირექტორი მაკ რობინსონის ბიზნეს კოლეჯის პროფესორი ბიჟან ფაზლოლაჰი იყო. პირველ ეტაპზე, კავკასიის ბიზნესის სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი სკოლის სახით, სამი ქართული უნივერსტეტის კონსორციუმის ბაზაზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2004 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლა გახდა 100%-ით კერძო იურიდიული პირი და მის ბაზაზე შეიქმნა კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც ერთ-ერთი სკოლის (ფაკულტეტის) სახით დარჩა კავკასიის ბიზნესის სკოლა. მას შემდეგ გაიხსნა სხვა სკოლებიც (ფაკულტეტებიც): კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის მედიის სკოლა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, კავკასიის ტურიზმის სკოლა, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა, კავკასიის ეკონომიკის სკოლა და კავკასიის ახალი კინოს სკოლა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის ტურიზმის სკოლა და კავკასიის ჯანდაცვის სკოლა კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე შეიქმნა. ტურიზმის (ბაკალავრიატში) და ჯანდაცვის პროგრამა ადმინისტრირებაში (სამაგისტრო) თავდაპირველად ბიზნესის სკოლაში ცალკე პროგრამების სახით არსებობდა. მოგვიანებით კი ამ სექტორთა მზარდი მნიშვნელობისა და პროგრამათა ზრდის გამო გადაწყდა, ამ მიმარულებებისთვის დაარსებულიყო ცალკე სკოლები.

2004 წლის შემდეგ ბიზნესის სკოლა წარმოადგენს გრენობლის ბიზნეს სკოლის (Grenoble Graduate School of Business) საერთაშორისო კამპუსს და სთავაზობს გრენობლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას.
 
კავკასიის ბიზნესის სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ აკადემიურ პროგრამებს, რომლებსაც 2005-2010 წლებში  მინიჭებული  ჰქონდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.

სკოლაში ფუნქციონირებს საბაკალავრო, ორმაგი საბაკალავრო, სამაგისტრო, ორმაგი სამაგისტრო, სადოქტორო და სასერტიფიკატო პროგრამები.

სკოლის პროგრამები, კურიკულუმები, სილაბუსები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების სისტემა სრულ თანხვედრაშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებთან, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ნორმებთან.