კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების,არქიტექტურისა და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის და დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი და მოქმედებს მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები.
კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატი. კავკასიის უნივერისტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა.
კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წელს გახდა AACSB-ის წევრი, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება. კავკასიის ბიზნესის სკოლამ აკრედიტაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გაიარა და ემზადება საბოლოო აკრედიტაციისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 61 ქვეყნის 207 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.
კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98%, ხოლო სტუდენტების 80% დასაქმებულია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს. 1911-1924 წლებში, ამ ადგილას სომხური სემინარია ფუნქციონირებდა. შენობაში რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ისტორიულ ძეგლს მაქსიმალურად შეუნარჩუნდა თავდაპირველი იერსახე. რესტავრაცია ჩაუტარდა ყოფილი სემინარიის ყველა იმ ნაწილს, რომელთა აღდგენაც შესაძლებელი იყო.
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით. CU ბათუმის ახალი კამპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საცურაო აუზით. აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც. კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი.