ზოგადი დებულებები
- წინამდებარე წესი არეგულირებს კავკასიის უნივერსიტეტის სახელით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენასთან დაკავშირებულ წესებსა და პირობებს, ასევე პირის მიერ, ინდივიდუალური გრანტის შეტანისას უნივერსიტეტის ინფორმირების საჭიროების შემთხვევებს.
- საგრანტო განაცხადის წარმოდგენასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები, რომლებსაც არ არეგულირებს წინამდებარე დოკუმენტი, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობისა და კავკასიის უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
საგრანტო განაცხადის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირები
- კავკასიის უნივერსიტეტის სახელით, საგრანტო პროექტის ინიცირება ადგილობრივ ან საერთაშორისო დონორთან წარსადგენად, დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე წესით დადგენილი პროცედურების დაცვისა და შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ;
- საგრანტო პროექტებში მონაწილეობისა და საგრანტო განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო, მოწვეულ პერსონალს ან/და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე გამონაკლის შემთხვევებში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტს, თუ პროექტის მიზნები შეესაბამება უნივერსიტეტის ინტერესებს და ამართლებს პროექტში სტუდენტის ჩართულობას.
განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირი
- საგრანტო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ურთიერთობების დეპარტამენტში.
- საგრანტო განაცხადის მიღება შესაძლებელია როგორც ელექტრონული სახით, ელ.ფოსტაზე -imelua@cu.edu.ge, ასევე ორიგინალი დოკუმენტების წარმოდგენით კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, პაატა სააკაძის ქ.N1, ოთახი B 25.
- შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარსადგენი საგრანტო განაცხადი კი წარდგენილ უნდა იქნას კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტში.
- საგრანტო განაცხადის მიღება შესაძლებელია როგორც ელექტრონული სახით, ელ.ფოსტაზე -nmachurishvili@cu.edu.ge, ასევე ორიგინალი დოკუმენტების წარმოდგენით კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: თბილისი, პაატა სააკაძის ქ.N1, ოთახი D 5.
საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ვადა და განაცხადის პირობები
- საგრანტო განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის შეტანისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე ერთი თვით ადრე. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ მიიღოს და არ განიხილოს დაგვიანებით წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი.
- საგრანტო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ინფორმაცია საგრანტო კონკურსის განმცხადებელი (დონორი ორგანიზაცია) ორგანოსა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ
- კონკურსის ბოლო ვადა
- პროექტის სახელი და პროექტის ხანგრძლივობა
- საპროექტო წინადადების მოკლე აღწერა
- საერთო ბიუჯეტი და ბიუჯეტიდან კავკასიის უნივერსიტეტის წილი
- თანადაფინანსება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ზედნადები ხარჯი
- განაცხადის ფორმა დანართი N1-ის სახით, თან ერთვის წინამდებარე წესს
განცხადების განხილვის ვადა და გადაწყვეტილების მიღების წესი
- კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი/კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტი, შემოსულ განცხადებას განიხილავს მიღებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში;
- იმ შემთხვევაში, თუ საგრანტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესში მითითებულ პირობებს, მოხდება მისი განხილვა და შეფასება.
- განცხადების დაკმაყოფილებაზე, ან დაკმაყოფილების შესახებ უარზე, საბოლოო გადაწყვეტილებას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის/კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, იღებს კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორი.
- დასაბუთებული გადაწყვეტილება საგრანტო განაცხადის შემომტან პირს, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ეცნობება, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
- დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, განაცხადის შემომტანი პირი ვალდებულია, მას შემდეგ რაც იგი დაასრულებს პროექტზე მუშაობას, პროექტის საბოლოო ვარიანტი, ამ წესის III მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგინოს კავკასიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების /კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტს.
ინდივიდუალური გრანტის შეტანის წესი
- პირი ვალდებულია, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს/კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტი მიაწოდოს ინფორმაცია ინდივიდუალური საგრანტო პროექტის ინიცირების შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ესაჭიროება კავკასიის უნივერსიტეტისაგან რაიმე ოფიციალური დოკუმენტის გაცემა (დასტური, მხარდაჭერის წერილი და სხვა);
- ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის არსებობისას, პირი ვალდებულია ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს/კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტი მიაწოდოს ამ წესის III მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ფორმა.