გერმანიის ელჩის და DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის უფროსის შეხვედრა სტუდენტებთან

14 მარტი 2024

14 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა, ციფრული ლოგისტიკის კვირეულის ფარგლებში, გერმანიის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს და DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის უფროსს გებჰარდ რეულს უმასპინძლა.

 

სტუმრებმა სტუდენტებთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გამართეს, ასევე წარადგინეს პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია.

 

გერმანიის ელჩმა ისაუბრა ისეთ თემაზე, როგორიცაა: „განათლება საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, ხოლო გებჰარდ რეულმა: „სწავლა გერმანიაში - შესაძლებლობები და პერსპექტივები, DAAD-ის წვლილი ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაში“.

 

შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ევროპული განათლების მიღებასა და კარიერულ პერსპექტივებზე. ასევე, დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიეღოთ სტუმრებისგან ამომწურავი პასუხები.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვილდაუს გამოყენებითი და ტექნიკური მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

 

ღონისძიებაზე, ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებმაც გაიარეს SAP ERP-ის კურსი, სერტიფიკატები გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი TH Wildau-ს უნივერსიტეტთან ერთად მე-3 წელია ციფრული ლოგისტიკის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას წარმატებით ახორციელებს და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ უმაღლესი დონის განათლება და შეიქმნან საერთაშორისო ლოგისტის კარიერა.