თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების უმსხვილეს კომპანიას - BIT SENTINEL შორის

30 აგვისტო 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ევროპის ყველაზე მასშტაბური კიბერუსაფრთხოების ღონისძიების „DefCamp” ორგანიზატორს - BIT SENTINEL-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზეც კავკასიის უნივერსიტეტმა და მისმა პარტნიორმა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციამ მიიღო ექსკლუზიური ერთწლიანი წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში.

 

BIT SENTINEL არის კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია. თანამშრომლობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციას ეძლევა საშუალება ჩაატარონ ეთიკური ჰაკინგის კურსები BIT SENTINEL - ის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით. სწავლება განხორციელდება სპეციალიზებულ პლატფორმაზე განთავსებულ რეალურ სავარჯიშო მანქანებზე. სასწავლო პროცესი განხორციელდება BIT SENTINEL მეთვალყურეობით. BIT SENTINEL-ის მიერ შემუშავებული პროგრამული და სავარჯიშო ბაზა პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს და არის განახლებადი კიბერუსაფრთხოების ბაზრის ტენდენციების მიხედვით.

 

კავკასიის უნივერსიტეტს და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციას ეძლევა საშუალება  BIT SENTINEL -ის სახელითა და მათი მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ჩაატარონ კიბერუსაფრთხოების ღონისძიებები - ჰაკათონები.

 

ამასთან ერთად, BIT SENTINEL - ის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტში დაარსდა კიბერ უსაფრთხოების ცენტრი, რომლის ფუნქციებშიც შევა კიბერუსაფრთხოების კურსების სწავლების ხარისხის კონტროლი და კიბერუსაფრთხოების ღონისძიებების ორგანიზება. კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი.