ჯორჯ ვაშინგტონის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევითი პროექტი საქართველოში

20 ივნისი 2022

საქართველოს, კერძოდ კავკასიის უნივერსიტეტს, 19 ივნისიდან - 2 ივლისამდე, აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს.

 

ვიზიტის ფარგლებში, 20 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, შეხვედრა გაიმართა. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ასევე ტურიზმის სკოლის დეკანმა ნინო კალანდაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, თიბისი ბანკის ასოცირებულმა მკვლევარმა გიორგი ბრეგაძემ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა ირენა მელუამ და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

 

ასევე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტები, რომლებიც შემდგომ დღეებში უცხოელ სტუდენტებთან ერთად შეისწავლიან საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალს და კახეთის რეგიონის მაგალითზე განახორციელებენ ერთობლივ კვლევას, შეიმუშავებენ შესაბამის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაცია ჩაატარა, რომლითაც სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული რეალობა ტურიზმის მიმართულებით, ასევე ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანას აქვს ამ სფეროში.

 

შეხვედრა, ტრადიციულად, კამპუს ტურით დასრულდა, რამაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, რომ უშუალოდ გასცნობოდნენ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და გარემოს.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციასა და სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებთან, ხოლო საველე კვლევა ჩატარდება კახეთში.  კვლევის ფარგლებში სტუდენტები გამოიკითხავენ  ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითად ობიექტებს, კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება: ახალი პროდუქტების შეთავაზებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრების ათვისებას, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ვითარების გაუმჯობესებას.

 

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.