გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში

17 სექტემბერი 2020

17 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი შაჟონგ ჟუ ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში, შაჟონგ ჟუმ კავკასიის უნივერსიტეტს პირადად გადასცა საერთაშორისო სერტიფიკატი TEDQUAL, რომელიც კავკასიის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.

 

ღონისძიების ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი შაჟონგ ჟუ, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გიორგი ბრეგაძე.

 

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა.  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual სერტიფიცირების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი ტურიზმის სფეროს განათლებაში, ტრენინგსა და კვლევაში, რომლის ადმინისტრირებასაც მტო-ის აკადემია ახორციელებს. ხარისხის სისტემა ამოწმებს ტურიზმის პროგრამების პედაგოგიურ და ორგანიზაციულ გამართულობას და ეფექტიანობას. სერტიფიცირების გავლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კავკასიის ტურიზმის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სტუდენტებს  მაღალკვალიციურ პროფესიონალებად ამზადებს. ამ წარმატებით საქართველო უმაღლესი განათლების გლობალურ კონკურენციაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერტიფიკატის მიღება პროგრამის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას და მათზე ადეკვატურად პასუხს ნიშნავს.

 

მტო-ის TedQual ქსელში ჩაბმით, კავკასიის ტურიზმის სკოლა მიიღებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში, ასევე უამრავ შესაძლებლობებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის. უნივერსიტეტები, როგორიცაა:  George Washington University, Università di Bologna, César Ritz Colleges: IHCR & UCCR, Bournemouth University, Université du Québec à Montréal – UQAM ასევე არიან ამ სისტემით სერტიფიცირებულები.

 

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას, გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საერთაშორისო აკრედიტაციის (TedQual) პროცესის წარმატებით დასრულებაში, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სოლიმარი“ დაეხმარა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავდა გრძელვადიან თანამშრომლობას და პროგრამისგან ტექნიკურ დახმარებას ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით.