ბიოგრაფია

თენგიზ ვერულავა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორია. იგი ასევე გახლავთ RMIT უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) საპატიო მკვლევარი (Honorary Research Fellow). გარდა ამისა, პროფესორი ვერულავა არის სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მთავარი რედაქტორი და აქტიურად უძღვება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას აღნიშნული მიმართულებით.

 

პროფესორ ვერულავას კვლევითი ინტერესები მოიცავს ჯანდაცვის პოლიტიკას, ჯანდაცვის ეკონომიკას, მართულ ჯანდაცვას, სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სადაზღვევო საქმეს, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სოციოლოგიას. მისი ბიბლიოგრაფია მოიცავს 20 წიგნსა და 300-ზე მეტ ნაშრომს, რომლებიც გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში .

 

პროფესორ ვერულავას მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და ინსტიტუციური აღიარება გამორჩეული სამეცნიერო საქმიანობისთვის. მათ შორის, იგი დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „წლის საუკეთესო მეცნიერის“ ჯილდოთი (2018). ასევე, 2021 წელს მიიღო პრემია საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის უსაფრთხოების მკვლევართა ასოციაციისგან, ხოლო 2024 და 2025 სასწავლო წლების შედეგების მიხედვით ზედიზედ დასახელდა კავკასიის უნივერსიტეტის „წლის საუკეთესო მეცნიერად“.

 

როგორც პროექტების ხელმძღვანელს, მას აქვს ევროკავშირისა და ეროვნული სამეცნიერო ფონდების მიერ დაფინანსებული პროგრამების მართვის 30-წლიანი გამოცდილება. მისი ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა რუსთაველის ფონდისა და სხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კვლევები. ამჟამად იგი ხელმძღვანელობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტს, რომელიც კრიზისებისა და კატასტროფების მართვის მზაობის შეფასებას ეხება.

 

თენგიზ ვერულავა ფლობს მედიცინის დოქტორის ხარისხს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 2001 წ.). სხვადასხვა დროს იგი ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას დიდ ბრიტანეთში (იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული) და სხვა წამყვან საერთაშორისო ცენტრებში, რაც განაპირობებს მის მრავალწლიან გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემების ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის საკითხებში.