პროგრამის მიმოხილვა

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს მედიის თანამედროვე პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ სანდო ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება, ანალიზი და სხვადასხვა პლატფორმისთვის ხარისხიანი ჟურნალისტური პროდუქტის შექმნა.

 

პროგრამა ეფუძნება ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს: სიზუსტეს, მიუკერძოებლობას, პროფესიულ ეთიკასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის პრინციპების სიღრმისეულ გააზრებას, რაც სტუდენტებში აყალიბებს დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტისთვის აუცილებელ ღირებულებებს.

 

სწავლების პროცესში სტუდენტები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას ახალი ამბების, სატელევიზიო, რადიო, მულტიმედიური და ციფრული ჟურნალისტიკის მიმართულებებით. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინფორმაციის გადამოწმებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკას, მონაცემთა ანალიზს, თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას.

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია რეალურ პროფესიულ გარემოზე. სტუდენტები მუშაობენ თანამედროვე მედიასტუდიაში, მონაწილეობენ პრაქტიკულ პროექტებში, ქმნიან მულტიმედიურ კონტენტს. მათ პროფესიული პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა აქვთ როგორც სხვადასხვა კურსის ფარგლებში, ასევე, წამყვანი პარტნიორი მედიაორგანიზაციების ნიუსრუმებში.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ  ჟურნალისტიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შეუძლიათ დასაქმდნენ ჟურნალისტებად, მულტიმედია რეპორტიორებად, რედაქტორებად, პროდიუსერებად და სხვა მიმართულებების მედიაპროფესიონალებად, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მედიასივრცეში.