პრაქტიკული სემინარი აბიტურიენტებისთვის „სამართლებრივი აზროვნება და არგუმენტირებული წერა“

21 November 2026

21 ნოემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში (C23) გაიმართება პრაქტიკული სემინარი სამართლის შესწავლით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის თემაზე „სამართლებრივი აზროვნება და არგუმენტირებული წერა“.

 

სემინარს ჩაატარებს ირაკლი შამათავა, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

სემინარი აბიტურიენტებს გააცნობს კაზუსის ამოხსნის მეთოდიკასა და სამართლებრივი წერის საფუძვლებს. მონაწილეები განიხილავენ მოკლე სამართლებრივ შემთხვევას, შეაფასებენ მხარეთა პოზიციებს და მოამზადებენ წერილობით პასუხს. ყურადღება დაეთმობა ძირითადი არგუმენტის ჩამოყალიბებას, ქვეარგუმენტებით მის დასაბუთებას, კონტრარგუმენტის განხილვასა და მასზე პასუხის გაცემას.

 

მონაწილეობისათვის სამართლის წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის. კაზუსის ამოსახსნელად აუცილებელი ნორმა და სამუშაო მითითებები მონაწილეებს შეხვედრაზევე მიეწოდებათ.

 

სემინარის მიზანია აბიტურიენტებს გააცნოს სამართლებრივი მსჯელობის თავისებურებები და მისცეს დასაბუთებული წერილობითი პოზიციის მომზადების გამოცდილება. პრაქტიკული მუშაობა დაეხმარება მათ გაიაზრონ, როგორ შეირჩევა მნიშვნელოვანი ფაქტები, როგორ გამოიყენება სამართლებრივი ნორმა და როგორ ყალიბდება დასკვნა.

 

ხანგრძლივობა: 2 საათი.

 

ძირითადი საკითხები

 

  1. სამართლებრივი აზროვნება: ფაქტისა და შეფასების გამიჯვნა, მნიშვნელოვანი გარემოებების შერჩევა და პრობლემის გამოკვეთა.
  2. კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა: საკითხის დასმა, შესაბამისი ნორმის შერჩევა, ფაქტობრივ გარემოებებზე მისი გამოყენება და დასკვნის ჩამოყალიბება.
  3. არგუმენტირებული წერა: პოზიციის მკაფიოდ გადმოცემა და ტექსტის თანმიმდევრული აგება.
  4. ძირითადი არგუმენტი და ქვეარგუმენტი: პოზიციის დასაბუთება ნორმითა და ფაქტებით.
  5. კონტრარგუმენტი: საწინააღმდეგო პოზიციის განხილვა და დასაბუთებული პასუხი.

 

პრაქტიკული დავალება

 

მონაწილეები იმუშავებენ ერთ მოკლე კაზუსზე, რომელიც შეეხება ადამიანის ფოტოს რეკლამაში მისი თანხმობის გარეშე გამოყენებას. მიეწოდებათ შემთხვევის აღწერა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმა.

 

მცირე ჯგუფებში მუშაობისას შეარჩევენ მნიშვნელოვან ფაქტებს და მოამზადებენ ორივე მხარის არგუმენტებს. შემდეგ თითოეული მონაწილე დაწერს მოკლე პასუხს, რომელშიც წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას, მის დასაბუთებას, საწინააღმდეგო არგუმენტსა და საბოლოო დასკვნას. პასუხების განხილვის შემდეგ მონაწილეები შეასწორებენ თავიანთ ტექსტებს.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.