პროფესორ თენგიზ ვერულავას და ნიტა ვერულავას სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო ჟურნალში Cardiologia Hungarica გამოქვეყნდა

26 November 2026

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Cardiologia Hungarica, რომელიც ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scopus, გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, თენგიზ ვერულავასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, ნიტა ვერულავას ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი - „მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის შემდგომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარისხთან ასოცირებული კლინიკური ფაქტორები: მულტიცენტრული ჯვარედინ-სექციური კვლევა“ (Clinical Factors Associated With Health-Related Quality of Life Following Permanent Pacemaker Implantation: A Multicenter Cross-Sectional Study).

 

კვლევის მიზანი იყო იმ კლინიკური და დემოგრაფიული ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც დაკავშირებულია კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის შემდეგ პაციენტების ცხოვრების ხარისხთან, განსაკუთრებით მათ ფიზიკურ ფუნქციონირებასა და ყოველდღიური აქტივობების შესრულების შესაძლებლობასთან.

 

კარდიოსტიმულატორი გულის რიტმის დარღვევების მკურნალობის ეფექტიანი საშუალებაა. თუმცა მისი იმპლანტაციის შემდეგ პაციენტების ცხოვრების ხარისხი მხოლოდ გულის რიტმის ნორმალიზებაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები, გულის ფუნქციური მდგომარეობა და თავად კარდიოსტიმულატორის მუშაობის თავისებურებები.

 

კვლევა ჩატარდა საქართველოში, ხუთ კარდიოლოგიურ ცენტრში, 2025–2026 წლებში და მოიცავდა 492 პაციენტს, რომლებსაც მუდმივი კარდიოსტიმულატორი სულ მცირე ექვსი თვის წინ ჰქონდათ იმპლანტირებული. პაციენტების ცხოვრების ხარისხი შეფასდა საერთაშორისო სტანდარტიზებული SF-36 კითხვარით, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარდიოსტიმულატორის მქონე პაციენტებში ცხოვრების ხარისხის შედარებით დაბალი მაჩვენებლები ფიზიკურ ფუნქციონირებას უკავშირდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასაკის მატება, თანმხლები ქრონიკული დაავადებების არსებობა და გულის შეკუმშვის ფუნქციის მდგომარეობა. უკეთესი ფიზიკური ფუნქციონირება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც გულის მარცხენა პარკუჭის უკეთესი ფუნქცია ჰქონდათ.

 

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ კარდიოსტიმულატორის სიხშირეზე ადაპტირებული მუშაობის რეჟიმი, რომელიც გულისცემის სიხშირეს ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვის შესაბამისად ცვლის, დაკავშირებული იყო ფიზიკური ფუნქციონირების უკეთეს მაჩვენებლებთან. ამასთან, კარდიოსტიმულატორის მიერ გულის პარკუჭების სტიმულაციის სიხშირესა და ფიზიკურ ფუნქციონირებას შორის დამოუკიდებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ გამოვლენილა.

 

კვლევის მთავარი დასკვნაა, რომ კარდიოსტიმულატორის წარმატებული იმპლანტაცია პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობის მხოლოდ ერთი ნაწილია. შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მოწყობილობის ტექნიკური მუშაობისა და გულის რიტმის კონტროლით. აუცილებელია პაციენტის ფიზიკური შესაძლებლობების, თანმხლები დაავადებებისა და ცხოვრების ხარისხის რეგულარული შეფასებაც.

 

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს პაციენტზე ორიენტირებული კარდიოლოგიური მომსახურების მნიშვნელობას და მიუთითებს ინდივიდუალური მეთვალყურეობის, რეაბილიტაციისა და ქრონიკული დაავადებების ინტეგრირებული მართვის აუცილებლობაზე.

 

ნაშრომს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან იგი ადგილობრივ კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოაჩენს კარდიოსტიმულატორის მქონე პაციენტების საჭიროებებს და ქმნის სამეცნიერო საფუძველს მათი გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისთვის.

 

სტატიის ბიბლიოგრაფიული მონაცემები:

 

Verulava, T., & Verulava, N. (2026). Clinical factors associated with health-related quality of life following permanent pacemaker implantation: A multicenter cross-sectional study. Cardiologia Hungarica, 56(5), 370–376.

 

სტატიის სრული ტექსტი.